ხიზანიშვილი კარიერას რომ იწყებდა, მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე მან უკვე მოახერხა. "რეინჯერსი", ინგლისის პრემიერლიგა - ეს ყველაფერი თავისით არ მოდის, ამას შეძლება უნდა.
ნაკრებს რაც შეეხება, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ჯერაც ხელმოცარულები არიან, თუმცა ყოველი ახალი ციკლის დაწყების წინ მოდის იმედი, განცდა, რომ ჩვენი ნაკრები უწინდელზე უკეთესი იქნება.
ხიზანიშვილი ახლა თურქული "ქაისერისფორის" ფეხბურთელია. შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს და თურქული
ხიზანიშვილთან საუბარიც "ქაისერისფორით" დავიწყეთ...
- მიზეზი, ალბათ, არაერთი იყო, მაგრამ რა იყო მთავარი ფაქტორი, რომ რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხეთ?
- ამ სეზონისთვის ბევრი ახალი ფეხბურთელი მივედით "ქაისერში", შეთამაშებას კი დრო სჭირდება. ამას დაემატა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები, ზოგიერთმა ფეხბურთელმა კი ნდობა ვერ გაამართლა...
- ბევრს საუბრობენ თურქი მსაჯების არაობიექტურობაზე. როცა გრანდები სხვა გუნდებს ხვდებიან, მსაჯი მოურიდებლად მიკერძოებულიაო - მართლა ასეა საქმე?
- მსაჯებს რაც შეეხებათ, ორი ვარიანტია - ან მართლა დაბალი დონეა, ან მსაჯებს ისეთი სიმპათია აქვთ გრანდების მიმართ, რომ შეიძლება, ცოლიც ათხოვონ.
- თასის მეოთხედფინალში "ფენერბახჩეს" კარგი ბრძოლა გაუმართეთ, 2:0-ს იგებდით კიდეც. მსაჯმა "ქაისერისფორის" ფეხბურთელებს შვიდი ყვითელი ბარათი უჩვენა. რა მოხდა, ამ შეხვედრაშიც მსაჯის სიმპათია "ფენერბახჩესკენ" იყო?
- მსაჯობამ მართლაც მნიშვნელოვნად განაპირობა მატჩის შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ თამაში მსაჯმა წაგვაგებინა. მეორე ტაიმში, შოთა არველაძის გარდა, მგონი, ყველა ქაისერისფორელი გააფრთხილა. სხვა ბევრი შეცდომაც დაუშვა...
- ინგლისურ პრემიერლიგაში არაერთი სეზონი ითამაშე - როგორ შეადარებდი მას თურქეთის ჩემპიონატთან?
- სხვაობა ძალიან დიდია. თურქეთის ლიგას ბევრი აქვს სამუშაო, რომ ინგლისს გაუტოლდეს.
- მცველისთვის სად უფრო რთულია თამაში, ინგლისში თუ თურქეთში?
- თამაში ადვილი არსად არის. რაც შეეხება შედარებას, უფრო ძნელი სათამაშო, რა თქმა უნდა, ინგლისშია.
- თურქეთის ჩემპიონატში ვინ მიგაჩნია ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად?
- "ფენერბახჩეს" ბრაზილიელი ალექს დე სოუზა. მას შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და უფრო დიდ დონეზე თამაში, ვიდრე თურქეთის ჩემპიონატია.
- "ქაისერისფორში" საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხარ? როგორ ატყობ, მწვრთნელის ნდობა გაამართლე?
- საკუთარი თავის წინ ყოველთვის გუნდის ინტერესებს ვაყენებ და არასდროს შემიფასებია საკუთარი თავი ცალკე. როცა გუნდი წარმატებით ასრულებს სეზონს, მაშინ ვუკეთებ საკუთარ თავს შეფასებას.
რაც შეეხება არველაძეს, შოთა მაშინ იქნება კმაყოფილი, როცა კარგ სეზონს ვითამაშებთ.
- 30 წლის ხარ - ოპტიმალური საფეხბურთო ასაკია და, ამავე დროს, დაფიქრების საშუალებასაც იძლევა - თურქეთში დიდი ხნით აპირებ თამაშს? სად ისურვებდი კარიერის დასრულებას?
- თუ სად დავასრულებ კარიერას, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო. კიდევ დიდხანს ვაპირებ თამაშს. ეს არის ჩემი საქმე და ყველაფერი, რაც ცხოვრებამ მომცა, ფეხბურთიდან მოდის.
- კახა კალაძე ნაკრებიდან წავიდა, ლევან კობიაშვილს ეროვნულ გუნდში აღარ იწვევენ. თემურ ქეცბაიამ კაპიტნად ხიზანიშვილი აირჩია - რას ნიშნავს ეს შენთვის?
- მიმაჩნია, რომ კალაძის ნაკრებიდან წასვლა ნაადრევი იყო. კახა სერია A-ს ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. კალაძის ნაკრებიდან წასვლის მიზეზი კარგად ვიცი და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.
კობიაშვილსა და იაშვილს რაც შეეხებათ, ისინი ნაკრებიდან არ წასულან და იმედი მაქვს, რომ ისევ ერთად ვითამაშებთ.
- როგორც უნდა იყოს, ამ დროისთვის ნაკრების კაპიტნად შენ ითვლები. კაპიტანს, სხვათა გარდა კი, ლიდერის თვისებებიც უნდა ჰქონდეს. როგორ ფიქრობ, ლიდერად იბადებიან თუ ლიდერის თვისებების გამომუშავება შესაძლებელია?
- ლიდერად შეიძლება დაიბადო და ლიდერად შეიძლება ჩამოყალიბდე - ასე რომ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"