საქართველოს ნაკრები ასეულს დაუბრუნდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, საბერძნეთში მიღწეულმა ფრემ საქართველოს ნაკრების სარეიტინგო მდგომარეობაზე უაღრესად დადებითი გავლენა მოახდინა და საკმაო პაუზის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო გუნდი ფიფასა და "კოკა-კოლას" ერთობლივი რეიტინგის პირველ ასეულს დაუბრუნდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა საბერძნეთსა და ისრაელთან მოპოვებული ქულებით ერთბაშად 21-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 110-დან 89-ე ადგილამდე აღზევდა.

აქვე ჩვენი შესარჩევი ჯგუფის სხვა ბინადართა მდგომარეობასაც გადავხედოთ. მათგან საუკეთესო პოზიცია ხორვატიას უპყრია, რომელიც სამი პოზიციით დაწინაურდა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. მას მოსდევს საბერძნეთი, რომელმაც მე-12 ადგილი შეინარჩუნა. ისრაელი ორი საფეხურით წინ
წავიდა და 36-ეა, ლატვია მთელი 19 ადგილით ჩამოქვეითდა და 68-ეა, მალტა კი ერთი ადგილით აღზევდა და 150-ე პოზიციაზე იმყოფება.

ცნობისათვის, პოსტსაბჭოთა სივრციდან გვისწრებენ რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი, ლატვია და მოლდოვა.

რეიტინგში პირველი და მეორე ადგილები შეინარჩუნეს მსოფლიოს ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა, მუნდიალის ბრინჯაოსმედალოსანმა გერმანიამ კი მესამე პოზიცია ბრაზილიას წაართვა. საუკეთესო ათეულის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ინგლისმა და ურუგვაიმ ერთმანეთს მეექვსე და მეშვიდე საფეხურები გაუცვალეს.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ბრაზილია
5. არგენტინა
6. ინგლისი
7. ურუგვაი
8. პორტუგალია
9. ეგვიპტე
10. ჩილე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული