ჩვენს მეტოქე ბელარუსს კავკასიელებთან არ უმართლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ბელარუსის ნაკრებია. გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი კონდრატიევი ახალგაზრდულ ნაკრებში შესანიშნავი მუშაობისთვის დაინიშნა - გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.

კონდრატიევი საქმეს შეუდგა და გუნდი საკონტროლო შეხვედრებს მიჯრით ატარებს. თუმცა, რამდენჯერაც კავკასიელებთან მოინდომა თამაში, იმდენჯერ კისერი წაიტეხა.

კონდრატიევი სომხებთან დაუდევრად მოიქცა: თებერვალში ნაკრები ანთალიაში მოსამზადებლად წაიყვანა და ჩვენს მეზობლებს საკონტროლო მატჩის თურქეთში გამართვა შესთავაზა. ამან სომხები გააბრაზა და ტაქტიანად აუხსნეს, რომ თურქებთან საუკუნოვანი მტრობის გამო ანთალიაში თამაშს
არ აპირებდნენ.

5 ივნისს კი ბელარუსებმა საკონტროლო შეხვედრა აზერბაიჯანელებთან დაგეგმეს, წინასწარი თანხმობა მიიღეს და შეკრებაც დაგეგმეს, მაგრამ 26 აპრილს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციისგან უარი მიიღეს.

კიდევ ერთი კურიოზი აქ მოხდა - ბელარუსულმა გამოცემა "პრესბოლმა" აზერბაიჯანელებთან მომხდარ გაუგებრობაზე კომენტარი ბელარუსის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, წარმოშობით სომეხ სერგეი საფარიანს ჩამოართვა.

"აზერბაიჯანელების უარი ჩვენთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ჩვენ ხომ ამხანაგურ შეხვედრაზე ოფიციალურად შევთანხმდით. სხვა რა გზაა, ახალი მეტოქის შერჩევა მოგვიწევს", - განაცხადა საფარიანმა.

ბელარუსებს ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ იმედია, კავკასიელებთან უიღბლობას საქართველოსთანაც გააგრძელებენ.

აქვე საინტერესო დეტალი: ლონდონის ოლიმპიური თამაშები 25 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ბელარუსები, მინიმუმ, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ჩაატარებენ, სადაც ბოლო შეხვედრა 1 აგვისტოს დაუგეგმეს.

საინტერესო კი ისაა, რომ კონდრატიევის ეროვნული ნაკრების ბირთვს სწორედ ახალგაზრდული გუნდის წევრები წარმოადგენენ, რომლებიც ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. საქართველო მათ თბილისში 7 სექტემბერს უმასპინძლებს.

ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის შემდეგ კი ნებისმიერ გუნდს ჩავარდნა ეწყება. ეს კი ჩვენ მცირე უპირატესობასა და იმედს მაინც გვანიჭებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული