საქართველო VS გერმანია - ქართველი ბიჭები მრისხანე მეტოქეზე დაგეშილები არიან!

AutoSharing Option
4 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის პირველ მატჩს ლუბლიანაში, სტადიონ "სტოჟიცეზე", თბილისის დროით 20:30 წთ-ზე გერმანელ თანატოლებთან გამართავს.

მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

სლოვენიაში მყოფი ვასილ მაისურაძის გუნდისთვის 3 მაისი საკმაოდ დატვირთული გამოდგა. სადებიუტო მატჩისწინა ემოციური დღე, პრესკონფერენცია, ფოტოსესია, მედიის ინტერესი და მატჩისწინა ვარჯიში - ასე გაატარეს დღე ჩვენმა ფეხბურთელებმა.

სამუშაო დღე ტურნირის ოფიციალური პრესკონფერენციით დაიწყო. ვასილ მაისურაძე თავის სამ კოლეგასთან ერთად მედიის წინაშე წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და ისლანდიის ნაკრებთა მთავ
არმა მწვრთნელებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს საქართველოს ნაკრების მისამართით და საუბარში სამივე მათგანი არაერთხელ შეეხო ქართველების თემას.

"თამაში ძალიან მძიმე იქნება, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ - სანახაობრივიც. საქართველოს ნაკრები აშკარად სიურპრიზებით სავსე გუნდია, რომელსაც მოულოდნელობის შემოთავაზება ყოველთვის შეუძლია.

ჩვენ ვიცით, რომ მათ გუნდში სხვადასხვანაირი სტილის ფეხბურთელები ჰყავთ - სწრაფებიც, ტექნიკურებიც, ინდივიდუალურად გამორჩეულები... თუმცა საჭირო ინფორმაციის ქონა ერთია და მეორე - თუ რა თამაშს ითამაშებს გუნდი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა ჯგუფში ესპანეთი და ინგლისი ჩატოვა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი გამოჩნდება",
- განაცხადა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა შტეფან ბიოგერმა.

მისალმების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიმართა ფრანგთა დამრიგებელმაც:

"მიიღეთ ჩემი გულწრფელი სიმპათიები თქვენი და თქვენი გუნდის მიმართ. პირადად ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო თქვენი ელიტრაუნდში გასვლა და ნება მომეცით, პირადად მოგილოცოთ", - თქვა ჟან-კლოდ ჟანტინიმ.

ვასილ მაისურაძემ საორგანიზაციო კომიტეტს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და დახვედრისათვის და დააფიქსირა საკუთარი სიმპათიები სლოვენიის მიმართ.

"ჩემი გუნდის სახელით მადლობა მინდა გითხრათ მასპინძლობისთვის. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და თბილი ხალხი ცხოვრობს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ჩემმა გუნდმა ამ შედეგს ხანგრძლივი მუშაობისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია. ამ შედეგამდე ჩვენ წელიწადნახევარი მიზანმიმართულად მოვდიოდით და ბედნიერი ვარ, რომ ელიტრაუნდში კარგად ვითამაშეთ და დღეს აქ ვართ - რვა საუკეთესო გუნდს შორის.

ჩემი პატარა ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს წარმატებებს. ეს ბიჭებმაც კარგად იციან. მართალია, ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ასე იყო ელიტრაუნდში და ფეხბურთელების მზადყოფნასთან ერთად, ისიც მაძლევს იმედს, რომ ბრძოლით, შემართებითა და ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

მინდა, საპასუხო კომპლიმენტები ვუთხრა ჩემს კოლეგებს - მათი გუნდები ხომ ტურნირის ფავორიტებად ითვლებიან... თუმცა ჩვენ გავალთ მოედანზე და შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მონაწილე გუნდი ვართ",
- აღნიშნა ვასილ მაისურაძემ.

ბოლოს მწვრთნელებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს თასთან ერთად.

Sportall.Ge

პრესკონფერენციის შემდეგ ტურნირის ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელმაც საკმაოდ მხიარულ და უშუალო ვითარებაში ჩაიარა.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები რადომლიეს სპორტკომპლექსისკენ გაემართა მატჩისწინა ვარჯიშის ჩასატარებლად. აღნიშნული სპორტკომპლექსი რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა განთავსებული და უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მინდვრებთან ერთად, ხელოვნურსაფარიან მოედნებსაც აერთიანებს.

ვარჯიშმა ჩვეულებისამებრ, საათნახევარზე მეტხანს გასტანა. როგორც ჩვენმა ფეხბურთელებმა აღნიშნეს, ბოლო ვარჯიშით ყველა კმაყოფილი დარჩა და ახლა მხოლოდ იმის მოლოდინშია, როდის გავა მოედანზე. გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან ამაღლებულია.

"ერთი სული გვაქვს, როდის გათენდება ხვალინდელი დღე. მოედანზე რომ გავალთ, ალბათ, მაშინ ვიგრძნობთ ყველაზე კარგად, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ.

ვიცით, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება ხვალინდელ დღეს და ძალიან გვინდა, ის გულშემატკივრები გავახაროთ, რომლებიც ხვალ საღამოს ტელეეკრანებთან ისხ
დებიან და იქიდან გვიქომაგებენ.

დარწმუნებული ვარ, მათ მხარდაჭერას აქაც ვიგრძნობთ. ვიბრძოლებთ, ყველაფერს დავდებთ და ღირსეულ თამაშს ვაჩვენებთ",
- განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ.

სფფ-ის პრესსამსახური
სლოვენია, ლუბლიანა
მკითხველის კომენტარები / 4 /
17-წლამდელებს მინდა ვუთხრა რომ ნუ გგონიათ თქვენგან სლოვენიაში ჩვენი, გულშემატკივრების, გულის მოგებას ველით. თქვენ უკვე მოიგეთ ჩვენი გული და საზოგადოების უდიდესი პატივისცემა მოიპოვეთ თქვენს მწვრთნელთან ერთად. თქვენ უკვე აალაპარაკეთ ევროპა და ეს თქვენზე დადებითად მეტყველებს. თქვენი როლი სლოვენიაში არის თქვენი თავების და თქვენი ოჯახების ღირსეულად წარმოჩენა მოედანზე და მოედანს მიღმა. თქვენს უკან დგანან თქვენი მშობლები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები, შეყვარებულები :), თქვენი უახლოესი წრის საყვარელი ადამიანები, ვინც თქვენს აღზრდაში წვლილი შეიტანა. თქვენ წარმოადგენთ იმ ობოლ ბავშვებს რომლებიც საქართველოში ბავშვთა სახლში ტელევიზორის ეკრანს შესციცინებენ და ოცნებობენ თქვენს გამარჯვებაზე, თქვენ წარმოადგენთ იმ პატარებს რომლებიც ფეხზე ვერ დგებიან და ეტლზე არიან მიჯაჭვულები და ოცნებობენ რომ თქვენსავით ჯანსახი ფეხები ქონდეთ და თქვენსავით იქროლონ მოედანზე. ამ ხალხისთვის თამაშობთ თქვენ, ეს არის საქართველო, ამ ხალხს წარმოადგენთ თქვენ სლოვენიაში, მათ სახეს აჩვენებთ თქვენ ევროპას.
ასე რომ, ახალგაზრდა ქართველებო, მთავარი მოგება ან წაგება კი არ არის, მთავარი ტაბლოზე ასახული ანგარიში კი არ არის, მთავარი არის ბრძოლის ველზე ბრძოლა ყველა წესების დაცვით. ბრძოლა არა მხოლოდ საფეხბურთო წესების დაცვით, არამედ ადამიანებთან მოპყრობის წესების, მოწინააღმდეგის დაფასების წესების, მოწინააღმდეგეში ჯერ ადამიანის დანახვის და შემდეგ მეტოქის დანახვის წესების დაცვით, ზნეობის დაცვით.
თქვენ იცით.
უძლევი
10:29 04-05-2012
0
ნამდვილი ორატორი ხარ, ბრავო კარგი სიტყვები იყო
luka
11:24 04-05-2012
0

სიახლეები პოპულარული