ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს ოთარ მარცვალაძე გამოაკლდა. ფეხბურთელი მედიკოსებთან გამოკვლევაზე მიუნხენში ჩავა და მოგვიანებით გახდება ცნობილი ტრავმის სირთულე.
ბოლო ვარჯიშზე ინდივიდუალურად დაიტვირთა ზურაბ ხიზანიშვილი, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს.
"ჯვაროსნები" ავსტრიულ კურორტ ფლახაუში 16 მაისიდან იმყოფება და თურქეთის ეროვნულ გუნდთან მოახლოებული ამხანაგური დაპირისპირებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
ნაკრებში გამოძახებულმა ორივე დებიუტანტმა - ნიკა ძალამიძემ და საბა კვირკველიამ ადაპტაცია უკვე გაიარეს და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.
ნიკა ძალამიძე: "ძალიან გამიხარდა,
ბიჭებს შორიდან ყველას ვიცნობდი; რამდენიმესთან ახალგაზრდულ ნაკრებშიც მითამაშია. ნაკრების გამოცდილი წევრებისგან რჩევებს ვიღებ როგორც მოედანზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
თურქეთთან ამხანაგური თამაში გველის. ასეთ შეხვედრებში კი მნიშვნელოვანია, გუნდმა შეთამაშება მოახერხოს, რომ შესარჩევ ციკლს ნაკრები კარგად მომზადებული შეხვდეს."
საბა კვირკველია: "ძალიან გამიხარდა, ეროვნულ ნაკრებში რომ გამომიძახეს. ყველა სპორტსმენის ოცნებაა ქვეყნის პირველ გუნდში თამაში.
ამ ეტაპზე შემადგენლობაში მოხვედრაზე ფიქრი შეიძლება ნაადრევია, მაგრამ დიდი გამოცდილებაა, როდესაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობ.
განსაკუთრებით იმ მოთამაშეებთან გამიადვილდა ურთიერთობა, ვისთან ერთადაც ახალგაზრდულში ვიყავი. ნაკრების გამოცდილმა წევრებმა ძალიან კარგი ატმოსფერო დაგვახვედრეს.
მთავარია, გუნდი კარგად მოემზადოს, რომ ძლიერ ნაკრებებთან თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. მსოფლიო შესარჩევ ციკლში ნამდვილად უმძიმესი თამაშები გველოდება. ნაკრებში კლუბისგან აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა.
ამ ეტაპზე გარკვეული დროა საჭირო, რომ გუნდში თავისუფლად ვიყოთ. იმედია, კარგად მოვემზადებით და თურქეთთან წარმატებით ვითამაშებთ. ნაკრების თითოეული წევრი, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის, პირველ რიგში, პიროვნებაა და შემდეგ ფეხბურთელი."
ზურაბ ხიზანიშვილი: "გუნდი საკმაოდ კარგ პირობებში იმყოფება და ძალიან კარგია, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან გვიწევს ამხანაგური მატჩი. ბოლო ორი წლის მანძილზე თურქეთი ყველაზე რეიტინგული გუნდია, ვისაც ამხანაგურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით.
ამჟამად თურქეთს გაფართოებული შემადგენლობა ჰყავს, რადგანაც მას რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
შესაძლოა, "ქაისერის" ორმა ფეხბურთელმაც ითამაშოს ჩემს წინააღმდეგ. უკვე ერთი წელია, თურქეთის ჩემპიონატში ვთამაშობ და საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენს გუნდშიც არიან ახალგაზრდები და სავარაუდოდ, თურქეთიც ახალბედებს მისცემს თავის გამოჩენის შანსს.
ძალიან რთული თამაში იქნება; მით უმეტეს, მეზობელ ქვეყანასთან წარმატება მსოფლიო რეიტინგში დიდ წინსვლას მოგვცემს. ჩვენთვის მთავარია, რომ შედეგს მივაღწიოთ. ამისთვის კი ბოლო წუთამდე ბრძოლაა საჭირო, როგორც, მაგალითად, ჩელსი-ბაიერნის შეხვედრაში მოხდა."
ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 21 მაისს თბილისის დროით 20 საათზე ჩაატარებს.
გურამ კაშია და ლევან მჭედლიძე ეროვნულ გუნდს მალე შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველო-თურქეთის ამხანაგური მატჩი 24 მაისს ზალცბურგის "რედ ბულ არენაზე" თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური
ფლახაუ, ავსტრია
ლობჟანიძე-კაშია-ამისულაშვილი-კვირკველია
თარგამაძე-დაუშვილი-კანკავა-კობახიძე
ყენია- მარცვალაძე
ესე უნდა დააყენოს ჯობია კეცბაიამ! აბა თქვენ იცით ბიჭებო!