სანდრო კობახიძე: როცა მე ვთამაშობდი, მაშინდელი თბილისის "დინამო" სჯობდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე ჟურნალ "ფუტბოლის" გვერდებზე მოხვდა.

გამოცემამ ჩვენებურს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც სანდრომ კიევური კლუბის ამბებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო მრავალ საკითხზეც ისაუბრა. 

ალექსანდრე კობახიძე: ჩვენი ძალა გუნდურობაშია

ალექსანდრე კობახიძე გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. პირდაპირ ვთქვათ - მოულოდნელობა. დედაქალაქური კლუბის ჰავბეკისგან ხომ არავინ ელოდა ასეთ გაბრწყინებას. 2008 წელს "დნიპროში" გადასულმა ახალგაზრდა ქართველმა თავი ხომ ვერც პროტასოვთან და ვერც ბესსონოვთან გამოიჩინა. ის ვერ ათამაშდა ვერც მაქსიმოვთან "კრივბასში".

კობახიძის კარიერაში გარდატეხა "მეთოფეების" ბელორუსმა მწვრთნელმა ლეონიდ
კუჩუკმა მოახდინა. მან ქართველ ფეხბურთელში უნივერსალის თვისებები გამოავლინა (კობამ კარიერა როგორც თავდამსხმელმა, ისე დაიწყო) და ის პრაქტიკაში კარგად გამოიყენა.

სეზონის მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე დაწყების შემდეგ კობამ ჩემპიონატის მსვლელობისას მარცხენა ჰავბეკად გადაინაცვლა და ტურნირი შთამბეჭდავად დაასრულა. შვიდ მატჩში გატანილი ხუთი გოლი - დუბლი "ობოლონთან", თითოც "მეტალისტის", "კარპატისა" და "ვოლინის" კარში!

ამ შვიდი თამაშიდან "არსენალმა" ექვსი მოიგო, რამაც "მეთოფეებს" ისტორიაში პირველად, ევროთასებზე ასპარეზობის უფლება მოუტანა.

მთლიანად სეზონში კი კობამ შვიდი გოლი გაიტანა, რითაც გუნდში შედეგიანობით მეორე მოთამაშე გახდა.

კობახიძის პროგრესს უკვალოდ არც მის სანაკრებო კარიერაში ჩაუვლია. თემურ ქეცბაიამ ის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში დააბრუნა. სანდრომაც შანსი გამოიყენა - ოთხ მატჩში ორჯერ გაიტანა! და აქაც, როცა კობა იტანდა, მისი გუნდიც იგებდა. ნაკრებში სანდრომ მოლდოველები და ალბანელები დაამწუხრა.

- ალექსანდრე, შვებულება როგორ გაატარე?
- შვებულების ნაწილი ავსტრიაში გავატარე. თურქეთთან სათამაშოდ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი საქართველოში დავყავი, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრე დასასვენებლად.

- ევრო 2012-ის მატჩებზე დასწრება შენს გეგმებში არ შედიოდა?
- ერთ თამაშს დავესწარი - კიევში გამართულ უკრაინა-შვედეთს. სხვა თამაშსაც სიამოვნებით დავესწრებოდი, რომ არა "არსენალის" შეკრებაზე გამგზავრება.

Sportall.Ge- გასულ სეზონში "არსენალმა" მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ წარმატებას რას მიაწერთ?
- ეს კლუბის ყველა წევრის დამსახურებაა, მათ შორის, თანამშრომლების, რომლებიც ისევე თავდაუზოგავად შრომობდნენ ამ შედეგისთვის, როგორც ჩვენ. ამ წარმატებას კი საძირკველი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ჩავუყარეთ; ზამთარში კი, უბრალოდ, კონდიციები ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისთვის სათანადო დონეზე მოვიყვანეთ.

- გუნდში დაბადების დღეების აღნიშვნა დაშვებულია?
- შეკრებაზე ასეთ რამეს არ ვაკეთებთ, უქმობის დროს - კი ბატონო.

- "მეთოფეთა" კამპანიაში მწვადზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ?
- არ დაიჯერებთ! ჩვენ ერთად არაერთხელ შევკრებილვართ, მაგრამ მწვადი არასდროს შეგვიწვია. თუკი საჭირო იქნება, პრობლემა არაა, შევწვავ.

- მაქსიმ შაცკიხზე უკეთადაც?
- ჰოო, ამაზე მუდმივად ვკამათობთ. ერთმანეთს მხოლოდ სიტყვებით ვეჯიბრებით, მაგრამ პრაქტიკაში სპარინგი არ გვქონია. ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ მაქსს ამ ხელოვნებაში ჩემი ძლევის შანსი არ აქვს (იცინის).

- ადიიამ ან კუანსახმა (კიევის "არსენალის" განელი ლეგიონერები) რომ მოამზადონ ხორციანი კერძი, მიირთმევთ?
- მანამდე ჯერ კარგად დავფიქრდებოდი (იცინის)! პირობას ვერ მოგცემთ, რომ შევჭამ, მაგრამ აუცილებლად კი გავსინჯავ.

- საქართველო თავისი ღვინოებითაა განთქმული. ჩვენ რომელს გვირჩევდით?
- საფერავს. უკრაინაში კი ის ძნელად საშოვნელია.

- ლამის ყველა მარკეტის დახლზეა!
- გარწმუნებთ, რომ ის "გაკეთებულია". ნამდვილი ქართული საფერავი მხოლოდ საქართველოშია!

- თქვენ ნახევარდაცვაში თამაში, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ შეგიძლიათ. განსხვავებას გრძნობთ?
- ახლა უკვე არანაირს. ორივე პოზიციაზე თამაშს მივეჩვიე.

- სამუშაო ფეხი მარჯვენაა?
- არა, მარცხენა.

- დარტყმა, მაღალი ჩაწოდება და პასის შესრულება რომელი ფლანგიდან უფრო გიადვილდებათ?
- სულერთია. მთავარია, ეს მარცხენათი გავაკეთო.

- მარჯვენა რამდენად ჩამორჩება დამრტყმელ მარცხენას?
- ციფრებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე, მარჯვენასაც ვხმარობ, მხოლოდ სასიარულოდ კი არ მჭირდება (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, "არსენალის" მეხუთე ადგილი ამჟამინდელი შესაძლებლობების ზედა ზღვარია თუ გუნდს უფრო მაღალი მიზნებისთვისაც შეუძლია ბრძოლა?
- ეს ზღვარი არაა. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამოგვივიდეს, მაგრამ ჩვენ სამეულში მოხვედრაც შეგვიძლია. ცხოვრება გვიჩვენებს.

- ევროთასებზე მიზნები უკვე დასახული გაქვთ?
- ჯერჯერობით არა. ალბათ, რაც შეიძლება, შორს უნდა წავიდეთ, სიტუაციისდა მიხედვით.

ძალიან კარგი იქნება, თუკი ჯგუფურ ეტაპზე გავაღწევთ.

- ლეონიდ კუჩუკმა თქვენზე ასეთი რამ თქვა: "საშა კობახიძეს აქვს ლიდერის თვისებები. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც იმპულსურ-აგრესიული თამაშით ხასიათდება. შესამჩნევია მისი სურვილი, გამოავლინოს თავისი პროფესიონალური თვისებები". ეს სიტყვები კარგად ასახავს თქვენს სათამაშო მანერას?
- მწვრთნელისგან ამის მოსმენა სასიამოვნოა. თანაც, ის კარგად მახასიათებს და არ იფარგლება ბანალური ფრაზებით.

პირველ რიგში, მე საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ძირითადში თამაშს ვიმსახურებდი და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემეძლო.

- საკუთარ ნაკლად რას მიიჩნევთ?
- ამის შესახებ აჯობებს, კუჩუკს ან სხვა უფრო კომპეტენტურს ჰკითხოთ. პირადად მე მგონია, რომ ართმევაზე თამაშში მომატება მმართებს.

- "დნიპროში" დაბრუნების შანსი არ იყო?
- "არსენალში" თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. "დნიპროდან" მე არავინ დამკავშირებია.

- "დნიპროსგან" უყურადღებობა გულს არ გტკენთ?
- მწყინდა ეს მაშინ, როდესაც შანსს არ მაძლევდნენ. ახლა კი ეს თემა საერთოდ არ მაღელვებს.

ეს ფეხბურთია. ფეხბურთელი სადღაც თამაშობს, სადღაც - ვერა.

დღეს "არსენალი" "დნიპროზე" არაფრით ნაკლებია. ამიტომ სრულიად კმაყოფილი ვარ იმით, სადაც ვთამაშობ.

- არ გწყინთ ის, რომ "არსენალის" მატჩებს საკმაოდ ცოტა გულშემატკივარი ესწრება?
- პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც "არსენალის" თამაშებზე დადის. ძალიან გვინდა, რომ ახალ ჩემპიონატში მეტი ქომაგი გვიჭერდეს მხარს.

- უცნაურია, რომ "არსენალმა" "მილანისგან" ადიიას კონტრაქტი გამოისყიდა, რომელსაც გაზაფხულზე ერთი გოლიც არ გაუტანია!
- ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ადიია ძლიერი ფეხბურთელია. აი, ნახავთ, როგორ ათამაშდება!

- "არსენალის" ლიდერად ვის მიიჩნევთ?
- ჩვენი ძალა გუნდურობაშია!

- ალექსანდრ, თქვენ სპორტული ოჯახიდან ხართ?
- არავითარი სპორტული ფესვები. მართალია, მამა და ძმა სპორტის მოყვარული ადამიანები არიან, თუმცა პროფესიულად მასთან დაკავშირებულნი არასდროს ყოფილან.

მამა პროფესიით უცხო ენის მასწავლებელია, დედა - ინჟინერი. უმცროსი ძმა ნიკა 20 წლისაა.

- საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი რამდენი წლისას გქონდათ?
- ჩვიდმეტის. ოღონდაც არა თბილისის "დინამოში", არამედ თბილისის "სპარტაკში", რომელიც პირველ ლიგაში თამაშობდა. "დინამოში" ერთი წლის შემდეგ მივედი.

- ნაკრებშიც მალევე გამოგიძახეს?
- ნაკრებში დებიუტი 19 წლისას მქონდა.

- ერთხელ განაცხადეთ - საქართველოს ჩემპიონატში რომ ეთამაშა, "არსენალი" პირველ ადგილს დაიკავებდაო. სწორად თქვით?
- დარწმუნებული ვარ, ასე იქნებოდა.

- გამოდის, რომ თბილისის "დინამოს" უკრაინის ჩემპიონატში ევროთასებზე მოხვედრის შანსიც არ ექნებოდა?
- მე როცა "დინამოში" ვიყავი, მაშინ ის უკეთესი გუნდი იყო.

- თქვენი საფეხბურთო ოცნება...
- ასეთი ძალიან ბევრი მაქვს. უპირველესად კი, მინდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო, ასევე, ჩემპიონთა ლიგაში.

ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძე: ყოველ მესამე დღეს თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს [+VIDEO]
სანდრო კობახიძემ კიევის "არსენალი" ევროპალიგაზე გაიყვანა [+VIDEO]
სანდრო კობახიძე: რაც მთავარია, ევროპის ლიგისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ! [+VIDEO]
სანდრო კობახიძემ კიევურ დერბიში დუბლი შეასრულა! [+VIDEO]
სანდრო კობახიძე: თემურ ქეცბაიამ სიურპრიზი გამიკეთა
მკითხველის კომენტარები / 1 /
MAGARIA SANDRO,IMEDIA MALE KIEVIS DINAMOSHI AN SHAXTARSHI GADAXVAL.WARMATEBEBI
gegi
11:41 18-07-2012
0

სიახლეები პოპულარული