თვალსაზრისი საქართველოს ნაკრებზე: საშემოდგომო პრელუდიები

AutoSharing Option
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა - გალაქტიონის სტრიქონი აკვიატებას მაშინ იწყებს, როცა ქართული გუნდები ევროსარბიელზე შემოდგომამდე ვერ აღწევენ და როცა შემოდგომაზე მორიგ შესარჩევ ციკლს იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

შემოდგომამდე დიდი დრო აღარ დარჩა და უკვე გაჩნდა იმის პრელუდიები, რაც წელიწადის ამ ბარაქიან დროში უნდა მოხდეს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაია ინტერვიუ გამოქვეყნდა ბელარუსულ მედიაში და ვფიქრობ, ქეცბაიამ გულწრფელად თქვა ის, რასაც ფიქრობს.

როცა იმას ლაპარაკობ, რასაც ფიქრობ, ეს უკვე დასაფასებელია, ოღონდაც მწვრთნელი მხოლოდ ამით არ ფასობს.
ქეცბაიამ ბელარუსებს უთხრა:

"გვაქვს თუ არა ჩვენ და ბელარუსს ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის შანსი? თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ალბათ - არა. პირველ ორ ადგილს, ალბათ, გრანდები გაითამაშებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

საქართველოს ნაკრები არაერთხელ მოხვედრილა გრანდების ჯგუფში. საფრანგეთი 98-ის შესარჩევი რომ იწყებოდა, ჯგუფში იტალია და ინგლისი გვყავდა, კიდევ პოლონეთი. მაშინ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე თავკაცობდა და განაცხადა, მეორე ადგილზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებს იტალია ან ინგლისი უკან უნდა მოეტოვებინა.

ჩივაძე ინგლისთან შინ 0:2-ის წაგების მერე გადადგა და მოგვიანებით თქვა, მეორე ადგილი იმიტომ ვახსენე, რომ ასე იყო საჭირო, ფეხბურთელმა ეს მწვრთნელისგან თუ არ გაიგო, როგორ უნდა გავიდეს მოედანზეო.

ჩივაძემ დიდი ფეხბურთი, პირველ რიგში, საფეხბურთო ინტელექტის ხარჯზე ითამაშა. ეს ფაქტორი მას აუცილებლად ეხმარებოდა და კიდევ დაეხმარება მწვრთნელობაში. უმნიშვნელო ნიუანსი არ არსებობს, მათ შორის - ფეხბურთშიც.

ქეცბაიამ კი - შანსი არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთო.

კი მაგრამ, შანსი თუ არ არის, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ? იმისთვის, რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ; იმისთვის, რომ ტრიბუნებიდან რაღაც საგნები არ გვესროლონ; იმისთვის, რომ როგორმე გავიხანგრძლივოთ ნაკრებში ყოფნა.

თუ ასე არ არის, მაშინ რას ნიშნავს, რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს?

რეალობა ისეთია, რომ თანამედროვე ფეხბურთში დონე გათანაბრდა და ესტონეთის ნაკრები შესარჩევის პლეი ოფში გავიდა. რა თქმა უნდა, ეს რეალობა ქეცბაიას და მის დამნიშვნელებს არ მოსწონთ, მათ სულ სხვა რეალობა აძლევთ ხელს - შანსი არ გვაქვს, მაგრამ ვიბრძოლებთ.

ისიც უნდა ითქვას, თუ შანსი არ გვაქვს, რისთვის გვინდა ძვირად ღირებული მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში? პასუხად შეიძლება მივიღოთ ის, რომ საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული და მზარდი გუნდია; რომ დამდეგი შესარჩევი ციკლი, ისევე, როგორც წინა შესარჩევი ეტაპი, სამომავლოდ, გუნდის უკეთ ჩამოსაყალიბებლად უნდა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ.

პასუხის გაცემა ყველაფერზე შეიძლება, ოღონდაც ასეთი და მსგავსი პასუხების უკვე აღარ სჯერათ თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნაკრებს შედეგი არ აქვს.

ესპანეთი და საფრანგეთი ჩვენგან მართლაც ძალიან შორია, მათ გარდა კი ჯგუფში გვერგო ბელარუსი და ფინეთი. საინტერესოა, რას გვეტყვის ქეცბაია ბელარუსთან და ფინეთთან შანსებზე? გავალთ და ვიბრძოლებთ, ვნახოთ, რა იქნება. ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა, შანსი ყველას აქვს, იქ საფეხბურთო მეურნეობა მოწესრიგებული აქვთ...

ქეცბაიასგან მკაფიოდ ჯერ არ მოგვისმენია, თუ სად, რა მარაქაშია ჩვენი ადგილი. ანდორა, ლუქსემბურგი, სან მარინო, ფარერები - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გაბედავს და იტყვის, რომ მათ გარდა სხვების დაჯაბნაც შეგვიძლია?

ყველაფერი გროვდება და ერთმანეთს ემატება. ქეცბაიამ ბელარუსულ "პრესბოლს" ისიც განუცხადა, რომ:

"ჩვენ 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის პერსპექტივით ვმუშაობთ და ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ეს მძიმე გზაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა".

როგორ თანამშრომლობს ქეცბაია საქართველოს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებთან? ქვედა ნაკრებების მწვრთნელთაგან ჯერ არ გაგვიგია ამ თანამშრომლობის შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, ჯერ არ ჩანს, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთში ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი ალექსანდრე ჩივაძე და ქეცბაია.

ჩივაძე ამბობს, შემოქმედებით ფეხბურთელებს ვანიჭებ უპირატესობას - ასეთი ფეხბურთელი ბურთის ართმევასაც ისწავლის, არაშემოქმედებითი ფეხბურთელი კი შემოქმედი ვერანაირად გახდებაო. ჩივაძის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებს შინ ჯერ არ უთამაშია, თუმცა რაც ითამაშა, ვერსად ვერ ამოვიკითხე, გუნდი დაცვაში ჩაჯდა და მისი თამაში ანტიფეხბურთს ჰგავდაო.

რა გითხრათ, შესაძლოა, ქეცბაია ჩივაძეზე უკეთესი მწვრთნელი იყოს, მაგრამ ისინი რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წყალი არ გაუვა.

თუ მართლა დიდია განსხვავება კონცეფციებს შორის, როგორ უნდა მოხდეს ფეხბურთელის დაწინაურება ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში? ორი სხვადასხვა მოდელის გუნდი ერთ საქმეს როგორ გააკეთებს?

ნაკრების მწვრთნელის ხელფასი კი ისევ ტაბუდადებული თემაა. არადა, საინტერესო იქნებოდა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხომ სანაკრებო დოტაციას სახელმწიფოსგან იღებს, სახელმწიფო კი ფულს მოქალაქეების გადასახადებიდან ინაგრებს.

ჩივაძემ როცა თქვა, გრანდებიან ჯგუფში მეორე ადგილი უნდა დავიკავოთო, მაშინ ფეხბურთის ფედერაციისგან ჯამაგირი 1000 ლარი ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!
განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანამ სააკაშვილია არ გვეგირსება ნორმალური სპორტი...მაგან მოახერხა და სპორტსმენებიც დააჩმორა.
beso
11:35 19-07-2012
0
ძალიან მარტივია: არ უნდა ეთქვა შანსი არა გვაქვსო. იმიტომ რომ ხალხი ფეხბურთელებისგან ბრძოლას ელოდება და იმედიც აქვს კარგი შედეგის. მე მაგალითად ყოველ მეორე დღეს ვფიქრობ იმაზე თუ რა იქნება საქართველომ რომ ესპანეთს მოუგოს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. რეალისტობაც საჭიროა, მაგრამ ჯარს უნდა გაუძღვე ამ ძალიან ორგანიზებულ, სამართლიან ბრძოლაში და იმის თქმა რომ შანსი არა გვაქვს ბიჭებოო, არ გამოგადგება. ჯარი როგორღა უნდა გამოგყვეს?
odala
09:27 19-07-2012
0

სიახლეები პოპულარული