რა შეიცვალა 7 სექტემბრის შემდეგ და რა კეთდება საფარის გასაუმჯობესებლად? ამის თაობაზე კიდევ ერთხელ დაველაპარაკეთ კომპანია "გრინტექსის" დირექტორ დავით ენდელაძეს, რომელიც საფარის ხარისხზეა პასუხისმგებელი...
- ბატონო დავით, რა გაკეთდა საფარის ხარისხის ასამაღლებლად?
- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საფარი ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია და მჯერა, მატჩისთვის მაქსიმალურად კარგ კონდიციებში
- საფარის შეცვლა ხომ არ იგეგმება?
- იგეგმება. მოედანი ხუთი წლისაა და შესაცვლელია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებით საფარის გამოკეთება შესაძლებელია. ეგ არის, ასეთი სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაატარო. აი, მაშინ კი ისრაელთან თამაშის წინ შექმნილი პრობლემები აღარ განმეორდება.
- საერთოდ, საფარს წელიწადში ორჯერ ცვლიან. თავად ამბობდით, ეროვნული სტადიონის ბალახის საფარი ლანდშაფტური ტიპისაა და არა - სპორტული მოედნისაო. სპეციალური საფარის მოსაყვანი მეურნეობის ჩამოყალიბებაც ხომ არ იგეგმება?
- საერთოდ, ჩვენნაირ კლიმატურ პირობებში საფარს წელიწადში ერთხელ ცვლიან. ჩვენთან ახლა ამის არც საჭიროებაა და არც - საშუალება. რაც შეეხება დამხმარე მეურნეობას, უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, გაზაფხულისთვის სპორტული ტიპის ბალახიც გვექნება, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სასურველი იქნებოდა, მსგავსი ტიპის მეურნეობა ფეხბურთის განვითარებით დაინტერესებულ ორგანიზაციას ჰქონდეს, მაგრამ რთულია და ამას ვერავის მოსთხოვ. არადა, ეს ძალზე მომგებიანი ბიზნესია და მიკვირს, საქართველოში დღემდე რატომ ვერ განვითარდა. ალბათ, მიზეზი სტადიონებია, რომლებიც ძვირადღირებული პროდუქციის უფრო ინტენსიურად ასათვისებლად მზად არ არიან. არადა, საფარზე მოთხოვნის გაზრდა ბაზარს განავითარებს და ერთი კი არა, რამდენიმე მეურნეობა გვექნება.
- ისრაელთან მატჩის შემდეგ თუ შეხვდით თემურ ქეცბაიას და თუ შეგიძლიათ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება?
- თემურს არა, მაგრამ მის ასისტენტ სოსო ჭედიას კი შევხვდით, როცა საფარის შესამოწმებლად იმყოფებოდა. ვუთხარით, რაც შეიცვალა ისრაელთან მატჩის შემდეგ. ცხადია, ნაკრების ხელმძღვანელობის აზრი გვაინტერესებს და ჩვენც ვეტყვით, რა შეგვიძლია შევცვალოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"