ბელარუსმა სომხეთში გაიმარჯვა, ესპანეთმა პუერტო რიკოში მოიგო, საფრანგეთი და ფინეთი კი, შესაბამისად, ურუგვაისა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდნენ.
ესპანელებს 11 სექტემბერს ვმასპინძლობთ და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ მათ ბანაკში მიმდინარე ამბები უნდა იყოს.
* * *
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
პუერტო რიკო-ესპანეთი 1:2
გოლები: 0:1 კასორლა (42), 0:2 ფაბრეგასი (45), 1:2 კინტრონი (65)
ესპანეთი: რეინა (71. კასილიასი) - ხუან ფრანი (19. არბელოა), პიკე (46.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ პუერტო რიკოში ნაკრების ერთი-ერთი ლიდერი ჩავი არ იახლა. დელ ბოსკემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველს მძიმე სეზონის წინ ძალების მოკრება ესაჭიროება. თბილისში კი იგი, წესით, აუცილებლად უნდა ვიხილოთ.
უკვე ჯანმრთელად არიან დავიდ ვილია და კარლეს პუიოლი, რომლებსაც ტრავმების გამო ევრო-2012 გაუცდათ. თუმცა, როგორც ჩანს, დელ ბოსკე მათ სადღეისო კონდიციებს ნაკრებისთვის შესაფერისად არ მიიჩნევს.
პუერტო რიკოში ესპანელებმა არცთუ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშეს და შესაძლოა, სწორედ ამის ბრალიც იყოს, რომ მასპინძლებს მხოლოდ მინიმალური სხვაობით სძლიეს.
"ოპტიმალური ფორმისგან აშკარად შორს ვართ. გამარჯვება მაღალი სიცხის გამოც გაგვიჭირდა.
ჩემს ფეხბურთელებს ვუსაყვედურე, რადგან ეგონათ, რომ საქმე ხელწამოსაკრავ მეტოქესთან ექნებოდათ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა", - განაცხადა დელ ბოსკემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ესპანელები პუერტო რიკოში სამწუხარო ამბავსაც ვერ ასცდნენ - მატჩის პირველივე ტაიმში მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ხუან ფრანი დაუშავდათ, რომელიც შესაცვლელი შეიქნა.
ცოტა ხანში გაირკვევა, მას მუხლის ჯვარედინი მყესები მხოლოდ დაჭიმული აქვს თუ გაწყვეტილი. სეზონის სტარტს ხუან ფრანი ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს და დიდი ალბათობით, ვერც თბილისში ჩამოვა.
იგი ესპანეთის ნაკრების ძირითად ფეხბურთელად არ მოიაზრება. ევროპის განვლილ ჩემპიონატზე ხუან ფრანს მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია.
* * *
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
საფრანგეთი-ურუგვაი 0:0
საფრანგეთი: ლორისი - დებუში (28. ჟალე), იანგა-მვიბა, სახო, ევრა - ვალბუენა (75. ბრიანი), გონალონი, მავუბა (46. კაპუე), რიბერი - ბენზემა (63. მარტინი), ჟირუ (75. გომისი).
რაც შეეხება საფრანგეთისა და ურუგვაის შეხვედრას, ფრანგთა ახალმა თავკაცმა დიდიე დეშამმა ნამატჩევს განაცხადა, რომ გუნდის გაახალგაზრდავების პროცესს იწყებს და აქედან გამომდინარე, ძლიერ მეტოქესთან ნათამაშები ფრე ნორმალურ შედეგად მიაჩნია.
* * *
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
ჩრდილოეთ ირლანდია-ფინეთი 3:3
გოლები: 1:0 ფერგიუსონი (7), 2:0 ლაფერტი (19), 2:1 სპარვი (22), 2:2 პუკი (24), 2:3 ჰატემაი (78), 3:3 პეტერსონი (83. პენ.)
ფინელებმა კი 15 აგვისტოს ნაჩვენები შედეგით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჯგუფში მაჩანჩალობას სულაც არ აპირებენ და სხვებთან ერთად, საქართველოს ნაკრებს მათთანაც მძიმე ბრძოლები ელის.
7 სექტემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, ფინეთი საფრანგეთს მასპინძლობს, საქართველო კი - ბელარუსს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. მეტოქე: ბელარუსის რეპეტიცია - მოგება უკმაყოფილების ფონზე
თემურ ქეცბაია: ყველა ფეხბურთელისგან უფრო მეტს ვითხოვ
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]