მეტოქე ბელორუსი - პირველი შეხვედრა პროგრესირებად მეტოქესთან

AutoSharing Option
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ბელორუსთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს.

ნამდვილად არ გვყავს ხელწამოსაკრავი მეტოქე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ბელორუსის ნაკრები ჩვენი უშუალო კონკურენტია და მასთან საშინაო მატჩში დადებით შედეგად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას თუ მივიჩნევთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებები დაახლოებით მსგავსი წარსულით დაიკვეხნიან - არც ერთი გუნდი ახლოსაც კი არ ყოფილა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლასთან.

წინა შესარჩევ ტურნირში ბელორუსმა უკეთესი შედეგი აჩვენა. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეოთხე
ადგილი დაიკავა - საფრანგეთს, ბოსნიასა და რუმინეთს ჩამორჩა და მხოლოდ ალბანეთსა და ლუქსემბურგს გაასწრო.

სამაგიეროდ, ჩვენს მეტოქეს იმით შეუძლია თავის მოწონება, რომ საფრანგეთს ორ მატჩში ოთხი ქულა აართვა - სტუმრად დაამარცხა, შინ კი ფრედ ითამაშა.

მეტ-ნაკლები თანასწორობა მხოლოდ ეროვნული ნაკრებების დონეზე გვაქვს, სხვა საზომებით კი ბელორუსულმა ფეხბურთმა აშკარად გადაასწრო ქართულს - ბორისოვის ბატე, რომელმაც დიდი ხანია, ქვეყნის ფლაგმანის წოდება მინსკის "დინამოს" ჩამოართვა, წლეულს ზედიზედ მესამედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. სულ კი ეს პატივი ოთხჯერ ხვდა წილად.

ბელორუსულ ფეხბურთს არანაკლები წარმატება ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოუტანა, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბელორუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ წარმატებას ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, გიორგი კონდრატიევის ხელმძღვანელობით მიაღწია. ეროვნული ნაკრები მან შარშან გერმანელი ბერნდ შტანგესგან გადაიბარა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ საბჭოთა პერიოდში ბელორუსული ფეხბურთის სახე მინსკის "დინამო" იყო, რომლის ყველაზე დიდი მიღწევაც 1982 წელს მოპოვებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაა.

მივუბრუნდეთ ბელორუსის ეროვნული ნაკრების პოსტსაბჭოურ ისტორიას, სადაც ამ გუნდმა რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია მოახდინა.

საფრანგეთის ძლევა უკვე ვახსენეთ და ბელორუსებს ორჯერ დაუმარცხებიათ ჰოლანდია, ფრედ კი იტალიასთან (ორჯერ), გერმანიასა და არგენტინასთან უთამაშიათ. თურქეთის, უკრაინის, ნორვეგიის, ბულგარეთის, შოტლანდიისა თუ პოლონეთის რანგის მეტოქეებთან გამარჯვებაზე არაფერს ვამბობთ - ასეთები ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს მრავლად მოეძებნება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე ბელორუსის ნაკრებს უფრო მეტი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა, ვიდრე დღეს ვალენტინ ბელკევიჩი, მაქსიმ ხაცკევიჩი, სერგეი გურენკო და სხვები არიან.

თუმცა დამოუკიდებელი ბელორუსული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მაინც ალექსანდრ გლებია, რომელმაც სახელი გერმანულ "შტუტგარტსა" და ინგლისურ "არსენალში" თამაშით გაითქვა, ერთი სეზონი კი "ბარსელონაში" გაატარა.

თუმცა მისი საუკეთესო წლები უკვე უკანაა და ახლა ბატე-ში თამაშს სჯერდება. საქართველოში კი ტრავმის გამო ვერ ჩამოდის.

თუმცა ბელორუსის ნაკრების მთავარი კოზირი მაინც გუნდური თამაშია. ოლიმპიადაზე გასული თაობა კი მალე ეროვნული გუნდის მამოძრავებელი ძალა გახდება და შეიძლება, გლების დონის ახალი ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ.

ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ამ თაობის წყალობით ბელორუსის ეროვნული ნაკრები დღევანდელზე ძლიერი გუნდი იქნება.

საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ ნაკრებთან უთამაშია, თუმცა ბელორუსი გამონაკლისია - 7 სექტემბერს ამ ქვეყნების ეროვნული გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეი ხაჩატურიანმა ბელარუსების აზრი გაახმოვანა: თბილისში მოგება გვინდა
გიორგი კონდრატიევი: ქართველების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გეგმა დამრჩა
მეტოქე: რეპორტაჟი ბელორუსის ნაკრების პირველი ვარჯიშიდან
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავოეეე. სულ ერთი და იგივე. მორჩით რა ბოლოს და ბოლოს!!!!

ვინმემ შეიძლება ტაქტიკაზე დაწეროს რამე?
არ იცით???? მოიწვიეთ მაშინ, სხვას კითხეთ.
მე პირადად ვიცი რომ ბელორუსია სწრაფ კონტრშეტევებზე თამაშობს. მიდით გააღრმავეთ. საიდან იწყებს. რომელ ფლანგს უფრო უყენებს. სუსტი რგოლი სად აქვს.
ramo
15:08 06-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული