ნიკა ძალამიძე: ნაკრებში გამოძახების ამბავი რომ გავიგე, ემოციები ვერ შევიკავე

AutoSharing Option
ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ ნიკა ძალამიძეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მიულოცა.

ძალამიძე ბალტიისპირელებთან მართლაც გამორჩეული იყო ქართველებში: გარდა იმისა, რომ ულამაზესი გოლი თავისივე წამოწყებული შეტევის შემდეგ გაიტანა, ესტონელთა დაცვა ააწიოკა და ბურთი მხოლოდ მატჩის მიწურულს აართვეს, როდესაც გადაიღალა და ბევრი სირბილ-მოძრაობისგან არაქათი გამოეცალა.

მატჩის შემდეგ ნიკა გახარებული იყო - მოგება, გოლი და ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ურიგო ამბავი ნამდვილად არ არის.

პოლონური სუპერლიგის "იაგელონიას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე "ლელოს" ბევრს საინტერესო თემაზე ელაპარაკა.

- გილოცავთ ნაკრებში გამოძახებას.

- დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას, მან ძალიან გამახარა. აქამდე ერთხელ გამომიძახა, ზაფხულში თურქეთთან ამხანაგურ მატჩში. მაგრამ ახლა ბევრად მნიშვნელოვანი მატჩებია - ბელარუსთან და ესპანეთთან. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი.

- ეს სიხარული ესტონეთთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სახეზეც გეტყობოდა.
- ქეცბაიას გადაწყვეტილება მხოლოდ ესტონეთთან მოგების შემდეგ მითხრეს და ემოციები ვერ შევიკავე.

შეკრებაზე ძალიან კარგი განწყობით მივედი. ბიჭებს უკვე ვიცნობ და თავს უცხოდ არ ვგრძნობ.

- შენი ბევრი თამაში გვინახავს, მაგრამ ესტონეთთან საუკეთესო შეხვედრა ჩაატარე.
- მეც ასე მგონია. გოლმაც ძალიან გამახარა და რაც მთავარია, მოგებამ.

- მოგება კარგია, მაგრამ უამრავ მომენტს ქმნიდით და ვერ იყენებდით.
- ჩემი აზრით, ეს შეუთამაშებლობის ბრალია. კარგი ბიჭები გვყავს, გუნდი პერსპექტიულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ჯერ ბოლომდე ვერ ვუგებთ. ბევრი ამხანაგური თამაში გვჭირდება და ნაკრები ძალიან კარგადაც შეთამაშდება და ძალასაც გამოაჩენს. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ.

თუ ეს პრობლემა მოგვარდება, შემდეგ ციკლში აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

- ზაფხულში პოლონეთის ერთი კლუბიდან მეორეში გადახვედი - ლოძის "ვიძევიდან" "იაგელონიაში". ამ ქვეყანაში დარჩენას როდემდე აპირებ?
- კონტრაქტი სამ წელიწადში დასრულდება, შემდეგ კი ვნახოთ. ჯერ სხვა კლუბში გადასვლაზე არ ვფიქრობ და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რადგან კარგად მოვეწყვე, მათამაშებენ და პოლონეთის უმაღლესი ლიგა დაბალი დონის ტურნირი სულაც არ არის. პირიქით, თუ გინდა და მოინდომებ, აუცილებლად გაიზრდები.

საამისოდ კლუბში ყველა პირობა არის. მართალია, განსაკუთრებული ხელფასები არ არის, მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და გავიზარდო.

- ვიცით, რომ პოლონეთში სხვა გუნდებიც გიწვევდნენ - რატომ მაინც და მაინც "იაგელონია"?
- იმიტომ, რომ გუნდში ჩემმა ყოფილმა მწვრთნელმა მიმიწვია და რაც მთავარია, "იაგელონია" ყველაზე მეტად აქტიურობდა. თორემ სხვა პოლონური კლუბები მართლაც მიწვევდნენ.

- "იაგელონიადან" მერაბ გიგაური წასვლის შემდეგ, გუნდში ერთადერთი ქართველი დარჩი.
- გიგაურის ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლამ გული ძალიან დამწყვიტა. გვერდში ქართველის ყოფნა მახარებდა და მეორეც: "ტორპედო" ძლიერი და ამბიციური კლუბია, მაგრამ თავად გიგაურს პოლონეთში თამაში სურდა.

სადავო არ არის, რომ იქ უკეთესი ჩემპიონატი და პირობებია, ვიდრე ჩვენთან. თამაშებს ევროპული კლუბების სელექციონები სულ ესწრებიან და და მეტი პერსპექტივაც არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესტონეთი 2:1 - ესტონეთი ლაშა პარუნაშვილმა დააჩოქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე ბიჭო გაიოზა,ესეც ზუგდიდელია!
...გამოთქვი ეხლა პროტესტი!!!...
saqasrias
13:42 08-09-2012
0

სიახლეები პოპულარული