ვიტალი როდიონოვი: თორნიკე ოქრიაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ბელორუსთა დამრიგებელმა გიორგი კონდრატიევმა ბატეს თავდამსხმელი ვიტალი როდიონოვი არ ათამაშა.

ვიტალიმ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 გოლი გაიტანა და მშვენიერ ფორმაში იყო.

ბელორუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი ტრავმის შესახებ გაზვიადებული აღმოჩნდა და ქართველების დეზინფორმაციისთვის იყო გამიზნული.

ვიტალის მატჩის შემდეგ დაველაპარაკეთ და გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება მატჩზე და უთამაშებლობით უკმაყოფილება არ დამალა.

- შეხვედრაზე რას ფიქრობთ?
- თქვენმა გუნდმა მომენტებით უკეთ ისარგებლა. ბელორუსმაც არანაკლები მომენტები შექმნა, მაგრამ ეს ჩვენი დღე არ იყო. ასე რომ, ქართველებს გამარჯვებას ვულოცავ.

არაფერი გასაკვირი არ
ყოფილა, ფეხბურთში ასეა, ვერ გაიტან, გაგიტანენ და იმის გახსენება, რა შეგვეძლო და ვერ გავაკეთეთ, ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას ჰგავს. ხელები თამაშის დროს უნდა მოგვექნია.

- თქვენი ნაკრები გოლამდე კარგად გამოიყურებოდა, მერე კი აშკარად დაიბენით. არადა, წინა წლების გამოსვლებიდან ბრძოლისუნარიანი ნაკრების შთაბეჭდილებას ტოვებდით...
- სამწუხაროდ, ასეა, ბიჭები მართლაც დაიბნენ. ალბათ, იმიტომაც, რომ ასეთ დაძაბულ მატჩებში ერთი გოლიც ძალიან ბევრს ნიშნავს და როდესაც გავუშვით, მიხვდნენ, რომ მოგების შანსი ძალიან შემცირდა.

არადა, მოგება გვსურდა და გვჯეროდა, რომ შევძლებდით.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელი ფეხბურთელი დაგამახსოვრდათ?
- გოლის ავტორი ჩემთვის აღმოჩენა იყო. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო მოთამაშე ჩანს.

საერთოდ, თქვენი ფეხბურთელებიდან ბევრს არც ვიცნობდი. გამიგია, "სპარტაკში" ჯანო თამაშობს; ვიცნობ თარგამაძესაც, რომელთანაც "ფრაიბურგში" მითამაშია. კიდევ ორიოდე გვარი და მთავარი მწვრთნელის შესახებ ვიცოდი. ქართველებზე ჩემი ცოდნა ამით შემოიფარგლებოდა.

- ბელორუსი ჟურნალისტები შესვენებაზე ამბობდნენ, რომ ნაკრების მატჩის წინ ორჯერადი ვარჯიშები კონდრატიევისგან გაუგებარი საქციელი იყო, მოთამაშეები გამოფიტაო.
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემგან არასწორი იქნება. ეს მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ... ყველანი კლუბებში ვთამაშობთ, სეზონი დაწყებულია და ამ დროს ორჯერადი დატვირთვა მართლაც არ არის სასიამოვნო.

- თქვენი აზრით, შედეგი ლოგიკური იყო?
- მიმაჩნია, რომ შედეგი ყოველთვის ლოგიკურია და დამარცხებას ახსნა ყოველთვის მოეპოვება. ასეთ შეხვედრაში გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. უგოლოდ სამ ქულას ვერავინ მოიპოვებს.

- კონდრატიევმა რატომ არ გათამაშათ?
- რა ვიცი, ვერაფერს გეტყვით. დასამალი არ არის, უკმაყოფილო ვარ. მეგონა, რომ ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შემეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
ბელორუსული მედია: რატომ ვიყავით თბილისში მოგებაში დარწმუნებულები?
goals.by: ოქრიაშვილი ნაკრების ბევრ გამოცდილ ფეხბურთელზე უკეთ გამოიყურებოდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული