ესპანეთის ნაკრები ახლო ხედით - მრისხანე მეტოქე უნაკლოდ და ბევრი სუპერვარსკვლავით

AutoSharing Option
შარშან, გაზაფხულზე "ლელომ" ახალი რუბრიკის პრემიერა შემოგთავაზათ. "ახლო ხედი" - ასე ჰქვია რუბრიკას, რომელიც მიზნად საქართველოს ნაკრებისა და ქართული კლუბების მეტოქეების გაცნობას ისახავს.

ფეხბურთის სპეციალისტების დახმარებით შევეცდებით, უფრო სიღრმისეულად დაგანახოთ ამა თუ იმ მოწინააღმდეგის თამაშის თავისებურებები და ავ-კარგი.

გვინდა, მცირე წვლილი შევიტანოთ მკითხველის საფეხბურთო ცოდნის გაღრმავებაში და შესაბამისად, სხვა თვალით წარმოგიდგინოთ ის გუნდი, რომელიც დღეს მსოფლიოში საუკეთესოა და ბევრის აზრით, არც ფეხბურთის ისტორიაში მოეძებნება ბადალი.

ესპანეთის ნაკრების წარმატების ფორმულა იმდენად ღრმა და შინაარსიანია, რომ მასზე ტომების დაწერა შეიძლება. ჩვენ ამ
ბრწყინვალე გუნდის თამაშის მხოლოდ გარკვეულ საინტერესო ნიუანსებზე შევჩერდებით.

Sportall.Ge"ლელოს" ექსპერტები დღეს თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია და ამავე გუნდის ფიზმომზადების ესპანელი მწვრთნელი ალბერტო ბეროკალ კორეა არიან.

სანაიას ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს, 30 წლის ალბერტო კი, რომელიც "ლოკომოტივში" სამუშაოდ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, მადრიდელია. სტაჟირება "რეალში" აქვს გავლილი და სამეფო კლუბის შიდა სამზარეულოს ხუთი თითივით იცნობს. უმუშავია "ხეტაფესა" და "სალამანკას" საკლუბო სისტემასა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში.

ძირითადი შემადგენლობა და განლაგება
"ესპანელები თბილისურ მატჩს ისეთივე სერიოზულობით მოეკიდებიან, როგორც ევროპის ჩემპიონატის ფინალს", - გვითხრა ალბერტომ.

შესაბამისად, თუ ბოლო მომენტში ვინმე არ დაუშავდა, "ფურია როხა" საქართველოს წინააღმდეგ ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობით ითამაშებს, რომელიც დღეისთვის ასეთია: კასილიასი - არბელოა, რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ხაბი ალონსო - სილვა, ჩავი, ინიესტა - ტორესი.

ევროპის ჩემპიონატზე ვისენტე დელ ბოსკე ორ ტაქტიკურ მონახაზს იყენებდა - ზომიერ 4-2-3-1-ს და უფრო აგრესიულ 4-3-3-ს. შედარებით იშვიათად კლასიკურ და ბოლო დროს მოდიდან გადასულ 4-4-2-საც ვხვდებით.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ევრო-2012-ზე თერთმეტიდან ათ ფეხბურთელს მყარად ჰქონდა ადგილი გარანტირებული სასტარტო შემადგენლობაში, მეთერთმეტე პოზიციაზე კი ხან ფერნანდო ტორესს ამწესებდნენ, ხანაც - სესკ ფაბრეგასს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთან ესპანელები ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე არ ითამაშებენ. ასე რომ, ძირითადში, წესით, ტორესი უნდა ვიხილოთ.

ნაკლებად მოსალოდნელია ახლად გამოჯანმრთელებული დავიდ ვილიას სასტარტოში გამოჩენა.

გუნდი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს
ესპანელებს მსოფლიოში ყველაზე უკეთ შეუძლიათ ბურთის კონტროლი და თამაშის სადავეების მოკლე გადაცემებით შენარჩუნება - ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სპეციალური სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამით, "პრო ზონით" მიღებული შედეგები კი გამაოგნებელია - ესპანეთის ნაკრები ნებისმიერ სხვა გუნდზე მთელი თავით მაღლა დგას.

ესპანელებს შეტევის ორგანიზება მოედნის ცენტრიდან უფრო უყვართ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ძირითად შემადგენლობაში ფრთის გამოკვეთილი ნახევარმცველები არ ჰყავთ, ფლანგებსაც ინტენსიურად ტვირთავენ.

ერთი საინტერესო ნიუანსი - შეტევათა დაახლოებით 60 პროცენტს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი მარჯვენა ფლანგიდან ახორციელებს.

"პრო ზონის" კიდევ ერთი მონაცემი - ბურთის დაკარგვის შემდეგ ესპანელები ნებისმიერ სხვა გუნდზე უფრო სწრაფად გადადიან შეტევაში და პირიქით, მეტოქისთვის ბურთის ართმევის შემდეგ ყველაზე სწრაფად გადაეწყობიან საიერიშო პოზიციებზე.

თეორიულად, სხვა წამყვანი ევროპული ნაკრებების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმაც შესანიშნავად იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ ესპანელთა სტილში, მაგრამ პრაქტიკულად, ამის განხორციელება სხვებისთვის ჯერ შეუძლებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო - სხვებს არ ჰყავთ ესპანელებისნაირი ტექნიკური, სწრაფი და ფიზიკურად საუცხოოდ მომზადებული ფეხბურთელები.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ესპანეთის ნაკრების წევრებს სხვებისგან საფეხბურთო ინტელექტიც და სერიოზული თეორიული ცოდნაც გამოარჩევთ - მათ ძალიან უადვილდებათ სამწვრთნელო შტაბის დავალებების გათავისება და სიტუაციისდა შესაბამისად, მოედანზე უმალ ახერხებენ ერთი ტაქტიკურ-სტრატეგიური მონახაზიდან მეორეზე გადაწყობას.

ავიღოთ ესპანეთის ნაკრების ნებისმიერი მატჩის ვიდეოჩანაწერი და დავაპაუზოთ ნებისმიერ მონაკვეთზე - ათიდან ცხრა შემთხვევაში დავინახავთ, რომ კონკრეტულ ეპიზოდში ესპანელები მოედანზე მეტოქეზე უფრო გონივრულად არიან განლაგებულნი, ჩინებულად ახორციელებენ ინდივიდუალურ და კოლექტიურ პრესინგს, თითქოს რიცხობრივ უმრავლესობასაც ფლობენ და მომართულები არიან, რომ მყისიერად გადავიდნენ დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში.

ესპანეთის ნაკრებს ყველა რგოლში ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავები, მაგრამ ნახევარდაცვა მაინც სულ სხვა განზომილებაა. ჩავი, ინიესტა, სილვა, ბუსკეტსი, ალონსო - ასეთია ამ მომენტისთვის ოპტიმალური ხუთეული. გამოკვეთილი ჩამშლელები ალონსო და ბუსკეტსი არიან; სილვა, ჩვეულებრივ, მარჯვნიდან უტევს, ჩავი მარცხნიდან, ინიესტა კი შუიდან.

თუმცა ეს განლაგება მაინც პირობითია. ესპანელთა ერთ-ერთი უმთავრესი კოზირი ხომ მათი შუახაზელების უსწრაფესი გადაადგილებები და მეტოქისთვის თავგზის ამგვარად არევაა.

"ლელოს" ესპანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ესპანური ნახევარდაცვის ხერხემალი მხოლოდ ჩავი-ინიესტას დუეტი კი არ არის, მათზე არანაკლებ როლს ასრულებს ჩაბი ალონსო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტიც შესაშურია. კასილიასი, რამოსი, ალონსო - მადრიდის "რეალის" ეს სამი ფეხბურთელი იძლევა იმის გარანტიას, რომ ესპანეთის ნაკრები "ბარსელონაზე" უფრო სრულყოფილი გუნდია, იმის მიუხედავად, რომ ესპანელებს ლიონელ მესი არ ჰყავთ.

შეუცვლელი არავინაა
არანაკლებ საუცხოო ფეხბურთელები დელ ბოსკეს სათადარიგოთა სკამზე უზის. ესპანეთის ნაკრებში ნებისმიერ ძირითად მოთამაშეს მოეძებნება სრულფასოვანი შემცვლელი. ძირითადი ფეხბურთელის ცნებაც საკმაოდ პირობითია - ნებისმიერმა ვარსკვლავმა უცებ შეიძლება დაკარგოს სასტარტოში ადგილი, მისმა შემცვლელმა კი ნაკრებში პოზიციები გაიმყაროს.

მაგალითად კარლეს პუიოლისა და დავიდ ვილიას მოყვანაც შეიძლება - ორივე მათგანი სულ ცოტა ხნის წინ ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტრავმამ ორივეს გამოატოვებინა ევროპის ჩემპიონატი და ესპანეთის ეროვნულ გუნდს ეს საერთოდ არ დასტყობია.

პუიოლსაც და ვილიასაც ძირითადში დასაბრუნებლად დიდი ბრძოლა დასჭირდებათ.

სხვა თავისებურებები
ესპანეთის ნაკრები ძალიან იშვიათად იყენებს გრძელ გადაცემებს. ხოლო მაშინ, როცა ამგვარად უტევს, როგორც წესი, მიზანს ვერ აღწევს. თუმცა ესპანელებს ჰყავთ ხესუს ნავასი, რომელიც გამოკვეთილი ფლანგელია და როცა ფლანგური შეტევის გაძლიერება და ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებაა საჭირო, დელ ბოსკე თამაშში მას რთავს.

შესანიშნავად უტევენ ფლანგის მცველებიც - წინა მუნდიალზე ამას მაღალ დონეზე აკეთებდნენ სერხიო რამოსი და ხუან კაპდევილა, ხოლო მას შემდეგ, რაც რამოსი დაცვის ცენტრში გადაიყვანეს, კაპდევილა კი ნაკრებში ვეღარ ხვდება, ეს როლი ალვარო არბელოამ და ხორდი ალბამ გადაიბარეს.

ორივე მათგანს წინ წასვლა მშვიდად და თამამად შეუძლია - მათ პოზიციებს უმალ აზღვევენ ნახევარმცველები და ცენტრალური მცველები.

ესპანელებს "მეორე სართულზე" თამაში არ უყვართ, თუმცა გოლები კუთხურის შედეგადაც გააქვთ.

დელ ბოსკეს გუნდი ერიდება მოედნის ცენტრში საჰაერო ორთაბრძოლებს. იკერ კასილიასი თავისუფალი დარტყმისას ბურთის ახლოში გათამაშებას ამჯობინებს, რადგან ესპანეთის ნაკრების ტანდაბალ ნახევარმცველებს ცენტრში მაღალი ბურთის მოგება გაუჭირდებათ.

ლიდერი
ესპანეთის ნაკრები ლიდერებით სავსე გუნდია, გვარების ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. გადახედეთ გუნდის შემადგენლობას და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ამ ტვირთის ზიდვა ძალიან ბევრ ფეხბურთელს შეუძლია.

სწორედ ეს არის ესპანელთა უდიდესი კოზირი - მეტოქემ არ იცის, როდის რომელი ფეხბურთელი იფეთქებს და ვისგან უფრო დიდი საფრთხეა მოსალოდნელი.

დიდი მწვრთნელი და დიდი ადამიანი
"ვისენტე დელ ბოსკე საუკეთესო და სამაგალითოა ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. მე არასდროს შემხვედრია ასეთი კეთილშობილი ადამიანი", - ამბობს ალბერტო.

კიდევ ერთი შტრიხი, რომელიც დელ ბოსკეს დიდ ადამიანურ ღირსებაზე მეტყველებს: მისი შვილი დაუნიზმის სინდრომითაა დაავადებული და ესპანეთის ნაკრების თავკაცი შემოსავლის დიდ ნაწილს ამ მძიმე ავადმყოფობით დატანჯულ პაციენტებს ურიცხავს.

ღრმა სამწვრთნელო ცოდნის გარდა, იგი ფეხბურთელებისა და საზოგადოების პატივისცემას პიროვნული თვისებებით იმსახურებს. რბილი ხასიათის მიუხედავად, დელ ბოსკეს გუნდში დისციპლინის დამყარება არ უჭირს. ფეხბურთელებს მისი დიდი სიყვარული და რიდი აქვთ. ბევრი მათგანი ხომ სწორედ მისი აღზრდილია.

Sportall.Geდელ ბოსკემ ერთი დელიკატური პრობლემაც მოაგვარა - ნაკრებში საბოლოოდ აღმოიფხვა ფარული შუღლი მადრიდელებსა და კატალონიელებს შორის, "ბარსელონას" ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებში ახლა უკვე უდიდესი ენთუზიაზმით თამაშობენ.

დელ ბოსკეს მარჯვენა ხელია ტონი გრანდე, რომელთან ერთადაც დონ ვისენტე ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ თაობასთან ერთად. მთლიანი სამწვრთნელო შტაბი, სადაც ვიდეოანალიზის ჯგუფის ჩათვლით, ათამდე სპეციალისტი მუშაობს, "რეალის" კადრებით არის დაკომპლექტებული.

დელ ბოსკე სამწვრთნელო შტაბის წევრთათვის კოლეგაა და არა - ბოსი, როგორც მაგალითად, ჟოზე მოურინიო. იგი ყველა ასისტენტის აზრს ითვალისწინებს და ყველა პრინციპულ გადაწყვეტილებას მათთან კონსულტაციების შედეგად იღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უბრალოდ მაგარი კაცი...
2018
10:39 12-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული