როინ კვასხვაძე: დღეისთვის პირველი ნომერი გიორგი ლორიაა და სავსებით დამსახურებულადაც

AutoSharing Option
როინ კვასხვაძე უკვე ხუთი წელიწადია, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, მაგრამ ისე მოხდა, რომ აქამდე სანაკრებო დებიუტი არ ჰქონია.

პირველი მატჩის ჩატარებამ მას ესპანეთთან საშინაო დაპირისპირებაში მოუწია და ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად თამაშში თამამად ჩაერთო.

მართალია, ესპანელებმა გამარჯვების გოლი მას გაუტანეს, მაგრამ ამაში მეკარის დადანაშაულება მართებული არ იქნება.

"ლელოსთან" ინტერვიუში კვასხვაძემ 11 სექტემბრის მატჩისგან მიღებულ ემოციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

- მატჩის წინ თუ გქონდა წინათგრძნობა, რომ მოედანზე გასვლა მოგიწევდა?
- ნამდვილად მქონდა შეგრძნება, რომ თამაშში ჩართვის საშუალება მომეცემოდა.
სათადარიგოთა სკამზე მსხდომი თითოეული ფეხბურთელი გულითა და გონებით მოედანზე იყო.

ძალიან ვწუხვარ, რომ მოედანზე გასვლა გიორგი ლორიას ტრავმის გამო მომიწია. იგი ნაკრების კარს ძალიან საიმედოდ იცავს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

- ტრიბუნიდან ჩანდა, რომ მოედანზე თავდაჯერებული გახვედი.
- ოდნავ ვღელავდი, მაგრამ თავის ხელში აყვანა შევძელი. მოედანზე გასვლამდე თემურ ქეცბაიამ და ფეხბურთელებმა გამამხნევეს და ამან დამატებითი ენერგია შემმატა.

კარგი იქნებოდა, აქამდე ნაკრებში თუნდაც ერთი ამხანაგური მატჩი მქონოდა ჩატარებული. ეს ესპანეთთან შეხვედრაში ძალიან დამეხმარებოდა. თუმცა საკლუბო დონეზე საკმაო გამოცდილება დავაგროვე და შევეცადე, ბევრი არ მეფიქრა იმაზე, თუ რა დონის მეტოქეს ვებრძოდით.

- ალბათ, იოლი არ იქნებოდა ამდენი წლის განმავლობაში სანაკრებო დებიუტის ლოდინი.
- ძნელი იყო, მაგრამ ჩემს შანსს მოთმინებით ველოდი. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მატჩი ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება.

- რა დავალება მისცა ქეცბაიამ გუნდს მატჩამდე და შესვენებისას?
- გვითხრა, რომ მეტოქის ავტორიტეტის არ შეგვშინებოდა და ბოლომდე გვებრძოლა. ისე უნდა ითამაშოთ, რომ შედეგის მიუხედავად, მატჩის შემდეგ გულშემატკივარმა ტაში დაგიკრათო.

სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ეს ამოცანა მაინც შევასრულეთ.

შეხვედრის შემდეგ ქეცბაიამ თავდადებული ბრძოლისთვის ბიჭებს მადლობა გადაუხადა.

- გოლის ეპიზოდიც გაიხსენე...
- ესპანელებმა ძალიან სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და დარტყმაც საკმაოდ ძლიერი გამოუვიდათ. შევეცადე, რაც შეიძლება მყისიერი რეაგირება მომეხდინა, მაგრამ ბურთს მაინც ვერ მივწვდი.

ძალიან გულდასაწყვეტია, მატჩის მიწურულს მიღებული გოლით რომ დავმარცხდით. მეტად გაგვმართლებოდა, ფრე კი არა, გამარჯვებაც შეგვეძლო.

- მატჩის შემდეგ იკერ კასილიასს მაისური გაუცვალე. რაიმე თუ გითხრა?
- ესპანურის არაფერი გამეგება, მაგრამ ინტონაციით მივხვდი, რომ შემაქო და წარმატებები მისურვა. მისი მაისური კი ჩემს კოლექციაში საპატიო ადგილს დაიკავებს. მის ჩუქებას არავისთვის ვაპირებ.

- იმედოვნებ, რომ სადებიუტო მატჩის შემდეგ ნაკრების ძირითადში მოხვედრის შანსი გაგეზრდება?
- ვერ გეტყვით. მე ყოველთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი ნაკრებში მოსახვედრად და ასევე განვაგრძობ. ფაქტი ის არის, რომ ახლო წარსულისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს მეკარეების პრობლემა აღარ აწუხებს და სასტარტოში მოხვედრა ძალიან ძნელია.

ჩვენ გვყავს გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მაკარიძე და სხვა ძლიერი მეკარეები.

დღეისთვის პირველი ნომერი ლორიაა და სავსებით დამსახურებულადაც.

- საქართველოს ნაკრებში ქეცბაიამდე კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ კუპერიც გიწვევდნენ. რა განასხვავებს ახლანდელ ნაკრებს ძველისგან?
- დღეს გუნდში მეტი დისციპლინა და საქმისადმი მაქსიმალურად სერიოზული მიდგომაა. თითოეული ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული.

- ბოლოს "ზესტაფონსაც" შევეხოთ. რა გახდა შენი კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიზეზი და როდისთვის ვარაუდობ კრიზისის დაძლევას?
- ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ახალგაზრდებს კი ძირითად შემადგენლობასთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ.

არ ვფიქრობ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. უახლოეს პერიოდში ჩავარდნას აუცილებლად დავძლევთ და კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეკარეების პრობლემა ნაღდად აღარ გვაქვს,ეს ძალიან კარგია,რევიშვილი ლორია და კვასხვაძე სამივე კარგად თამაშობს,ნახევარ დაცვა და თავდასხმაში კი ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს,მემგონი გამოსწორდება ყველაფერი,სიჭინავა უნდა წავიდეს ფედერაციიდან,სხვა ფეხბურთზე შეყვარებული კაცია იქ საჭირო და ვინც იცის ფეხბურთი და ფეხბურთელების ცხოვრება,ქეცბაიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მუშაობს კაცი ბევრს ცდილობს რაღაცას მიაღწევს ოღონდ თავდასხვაზე და ნახევარ დაცვაზე მეტი ფიქრია საჭირო
vasiko basiladze
14 სექტემბერი 2012 09:36
0
ვფიქრობ, უფრო კორექტულადაც შეიძლება შენიშვნის მიცემა, მით უმეტეს თუ მისი დიდებული ბაბუას თამაში გახსოვს სტაჟიანი ქომაგი უდა იყოთ.
როინ, მეკარის თავდაჯერებულება მე დიდ პლიუსად მიმაჩნია, რა თქმა უნდა ზომიერი. თუმჩა გიორGივით კარიდან ძალიან წინ გამოდიოდი, ეს კი საქართველოს ჩემპიონატი არაა. ეპანეთის ნაკრებში ბევრია ისეთი ოსტატი თავს ზემოდან, რომ გადაგიგდებს ბურთს ცარიელ კარში. სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
13 სექტემბერი 2012 23:13
0
ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, მერე უცებ უკან იხევ. გამოსვლებზე ცუდად თამაშობ, ცოტა ტრიპაჩა ხარ. თუ ამ თვისებებს გამოასწორებ ბაბუაშენზე უფრო კარგად ითამაშებ. მოკლედ დიდი ქართველი გახდები. არ გაიჯერებ და ჩველებტივიად წახვალ.
შენი კეთილის მსურველი.
kolia
13 სექტემბერი 2012 22:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული