ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის

AutoSharing Option
განვლილ სანაკრებო მატჩებზე საქართველოს ნაკრებისა და თურქული "კაისერის" ცენტრალურ მცველს ზურაბ ხიზანიშვილს ველაპარაკეთ.

"უმძიმესი ორი შეხვედრა ჩავატარეთ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ნაკრებს ურიგოდ არ უთამაშია.

ბელარუსთან მოპოვებული გამარჯვება სულაც არ იყო იოლი. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს ისეთი ძლიერი არ არის, რომ ამ დონის გუნდთან სამი ქულა დავგეგმოთ.

მათთან მოგება ესპანეთთან შეხვედრამდე ფსიქოლოგიური განწყობისთვის ძალიან დაგვეხმარა - 11 სექტემბერს გამოჩნდა, რომ მობილიზება მოვახერხეთ.

ბიჭებმა ისეთი თავდადებით ითამაშეს, რომლის მსგავსსაც ვერ ვიხსენებ.

ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესოა საკლუბო და სანაკრებო დონეზე და
მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. მაგრამ ეს იყო იმის მაგალითიც, მონდომებითა და ენთუზიაზმით სასურველი შედეგის მიღწევა უძლიერეს გუნდთანაც რომ შეიძლება.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ და ვფიქრობ, არარეალური მიზნები და შედეგები არავინ უნდა მოგვთხოვოს. რეალურად უნდა შევაფასოთ, რა შეგვიძლია.

მაგრამ გული მწყდება, ქულის მოპოვების შანსი ბოლო წუთებზე რომ დავკარგეთ"
, - ამბობს ხიზანიშვილი.

როგორც ცნობილია, ლუქსემბურგთან ჩაუსვლელობის გამო ხიზანიშვილს საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს. გამოცდილ მცველს ამის შესახებაც დაველაპარაკეთ:

"მეთოთხმეტე წელია, რაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. პირველი შეხვედრა რომ ჩავატარე, ცხადია, მაშინ კაპიტნის სამკლაურზე არც ვფიქრობდი, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერება ნაკრებში თამაშია.

კაპიტანი ვყოფილვარ მაშინაც, როდესაც გუნდში კობიაშვილი, იაშვილი და არველაძე თამაშობდნენ. მაგრამ ეს ჩვენს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არ გამხდარა. ასევე ვარ მეც.

გული როგორ არ დამწყდა, მაგრამ ჯაბა კანკავა კარგი ადამიანი, მეომარი ფეხბურთელი და ღირსეული კაპიტანი არის. პირველი ვინც გვერდში დაუდგება, მე ვიქნები და ასე მოხდა. მე კი საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის. ჩემთვის კაპიტნობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

მთავარია, ნაკრებში კარგად ვითამაშო, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავიღო, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ხალხი ყველამ ერთად გავახაროთ"
.

ხიზანიშვილი ძალიან განიცდის, ესპანეთთან მატჩში გიორგი ლორია უნებლიედ რომ დააშავა:

"ფეხბურთში ყველაფერი კი ხდება, მაგრამ ლორიასთან შეჯახებას დღემდე ძალიან განვიცდი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ გიორგი დროულად მომჯობინდება და მოედანს დაუბრუნდება.

ის არის ძალიან მაღალი კლასის მეკარე, რაც ესპანეთთანაც გამოჩნდა და ნაკრებს ძალიან სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ლორია სულ მცირე, თვენახევარი ვერ ითამაშებს
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
გასაკვირი კია კაცმა თქვა პრემიები, რომ იყვეს უკეთესი იქნებოდაო, ეს მართლაც კაპიტანმა უნდა თქვას. ნაკრების თამაშიდან გამომდინარე, ნაკრების ხელმძღვანელობა და ფედერაცია ირებენ გასამრჯელოს და პრემიებს და კაპიტანმაც, რომ დასვას საკითხი რა არის ცუდი. მილიონი ხომ არავის მოუთხოვია. ზურა ესპანეთთან შეუდარებელი იყავი ასე გაგეგრძელებინოს კიდევ.
gaiozi
22:06 16-09-2012
0
ზურა კაი ბიჭი ხარ, ის არ უნდა გეთქვა ნაკრებში უფასოდ რატომ ვთამაშობო!! ამით ბევრი ქართველი გაანაწყენე, მაგრამ არაუშავს შეცდომა ვის არ მოსვლია.. გულშემატკივარმა უკვე გაპატია ეს. ეხლა უკვე ნამდვილად ნაკრების კაპიტანს რო შეეფერება ისე ლაპარაკობ..
messi001
01:39 16-09-2012
0

სიახლეები პოპულარული