გურამ კაშია: ესპანეთთან ბევრი კატასტროფას ელოდა, მაგრამ...

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩების მერე გურამ კაშია ჰოლანდიაში დაბრუნდა და "ვიტესს" ერედივიზიეში "გრონინგენთან" 3:0-ით მოგებაში დაეხმარა.

არნემული კლუბის კაპიტანს ბელორუსთან და ესპანეთთან განვლილ სანაკრებო შეხვედრებზე კომენტარი ჩამოვართვით.

"შესაძლოა, ბევრს ეგონა, რომ ესპანელები გაგვანადგურებდნენ. მატჩამდე სულ ეს ლაპარაკი მესმოდა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ არ გაგვიმართლა, ორი რეალური საგოლე მომენტით ვერ ვისარგებლეთ და დავმარცხდით.

მაგრამ ამ მატჩებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: ძლიერ მეტოქეს პატივისცემით უნ
და მივუდგეთ, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს.

იმედია, ბელორუს-ესპანეთთან შეხვედრების შემდეგ ჩვენი ნაკრები ნელ-ნელა ფეხზე დადგება და ბიჭები უფრო თავდაჯერებულნი გახდებიან.

ხალხმაც დაინახა, რომ ჩვენც რაღაც შეგვიძლია, ბრძოლას არ გავურბივართ და მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებით.

დარწმუნებული ვარ, სექტემბერში ნაჩვენებმა ფეხბურთმა თავად ჩვენც დაგვარწმუნა, რომ სრული მობილიზაციითა და თავდადებით ბევრის მიღწევა არის შესაძლებელი".

გურამ კაშიამ ილაპარაკა იმაზეც, ესპანეთთან საქართველოს ნაკრები ყრუ დაცვაში რატომ ჩაჯდა:

"ბელორუსთან კონტრშეტევებზე თამაში ვცადეთ, ჩვენს მომენტს ველოდით და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოვიპოვეთ. ესპანეთთანაც იგივე ვცადეთ, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში გადასვლა გვიჭირდა.

ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვა ტაქტიკის შერჩევის უფლება არც გვქონდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ნაკრებიდან ძალიან გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები წავიდნენ - კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, სირაძე და ახლა გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ ამ შესარჩევ ეტაპს შემდგომი ციკლისთვის მოსამზადებლად და შესათამაშებლად გამოვიყენებდით. ახლა გუნდი შენდება და ჯერ ნაღდად არ ვართ იმ დონეზე, ესპანეთთან თამაში გავხსნათ და დაცვა მოვაშიშვლოთ.

ადრე ბევრჯერ გვიცდია გრანდებთან შემტევი ფეხბურთით დაპირისპირება და როგორც მახსოვს, ხშირად სამარცხვინო ანგარიშითაც წაგვიგია. ასე რომ, 11 სექტემბრის მატჩისთვის შერჩეული ტაქტიკა ლოგიკური იყო".

კაშიას განვლილი ორი შეხვედრის შეჯამება ვთხოვეთ:

"ბელორუსის საკმაოდ ძლიერ და ესპანეთის უძლიერეს ნაკრებებთან მატჩების შემდეგ სამი ქულა დავაგროვეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

მიმაჩნია, რომ გულშემატკივართა იმედები არ გაგვიწბილებია და ქართველი ხალხიც კმაყოფილი უნდა იყოს. ჩვენზე მეტად არავის სურს, ესპანეთს მოვუგოთ, მაგრამ რეალობას ანგარიში გავუწიოთ - ამხელა ამბიცია არ უნდა გვამოძრავებდეს.

თუმცა ამ შეხვედრებში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, სხვა პერსპექტიული ბიჭებიც გვეზრდებიან და მჯერა, ისინი ნელ-ნელა თავიანთ სიტყვას იტყვიან და ნაკრებიც გაძლიერდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოლანდიურმა "ტვენტემ" თვალი გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას დაადგა
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრობლემა ესპანეთი არ არის. პრობლემა არც იტალია იყო(არიგო საკი რომ მოვახსნევინეთ). პრობლემა ის კი არ არის რომ გრანდთან ღირსეულად წააგო, პრობლემები მერე მოვა, როცა "ჭ" კლასის გუნდთან უღიმღამოდ წააგებენ. ამან აგვიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე(ნუ იმ გაბზაბულ მომენტში ;) ). რატომღაც მეჩვენება რომ იგივე განმეორდება ახლაც.... და ეს არის პრობლემა...
uxilavi
10:26 19-09-2012
0

სიახლეები პოპულარული