მალტელებს ისტორიასაც ვუქმნით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში ქრონიკული წარუმატებლობები კი ჰქონდა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიო ფეხბურთში ჩვენზე სუსტი გუნდებიც არსებობენ; აი, თუნდაც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, მალტის ნაკრები, - წლის განმავლობაში ერთი შეხვედრაც რომ მოიგოს ან კიდევ შესარჩევ ციკლში ერთი კინკილა ქულა აიღოს, ეგაც დიდი მიღწევა იქნება. ოღონდ, ცალკე საუბრის თემაა, იმ ნანატრ გამარჯვებას რომელ მეტოქესთან მიაღწევს: 2008 წლის 26 მარტს მალტის ნაკრებმა ლიხტენშეინს მოუგო და მომდევნო წარმატების მოლოდინი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, 2009 წლის 12 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს რომ არ შეხვედროდა.

ფეხბურთის
ქართველი ქომაგისათვის ნამდვილად არ არის ტკბილად გასახსენებელი ის მატჩი, საქართველოს ნაკრების მართლაც სამარცხვინო წაგებით რომ დამთავრდა; არადა, მალტელებზე მეტად წარმატების მოლოდინი ჩვენ გვქონდა: 2009 წლის 12 აგვისტომდე ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებს ათმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ყველას გვჯეროდა, რომ ის დანავსული სერია სწორედ მალტელებთან შეწყდებოდა. მით უფრო, სტატისტიკაც ჩვენ სასარგებლოდ "მეტყველებდა": მალტა ხომ იშვიათ მეტოქეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს... დადებითი ბალანსი ჰქონდა. უფრო კონკრეტულად კი ასეთი სურათი იყო: მანამდე ჩატარებული 4 ამხანაგური მატჩიდან 3 ჩვენების გამარჯვებით დამთავრდა, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. ერთადერთი, გული რაზეც გვეთანაღრებოდა, საკლუბო დონეზე 2 ქართული გუნდის ფიასკო იყო: 1996 წელს უეფას თასზე ზესტაფონის "მარგვეთი" მალტურმა "შლიემამ" გამოაგდო, 2001 წელს კი იმავე უეფას თასზე თბილისის "ლოკომოტივმა" "ბირკირკარას" ვერ აჯობა.

და, რა მოხდა 2009 წლის 12 აგვისტოს? ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი: საქართველოს ნაკრებმა მორიგი უსუსური მატჩი ჩაატარა და მალტელებთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა; ამ წაგებით საქართველოს ნაკრებმა კოშმარული სერია გააგრძელა, სამაგიეროდ მასპინძლებმა 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს; ეგ კი არა, მალტელებს ამ მატჩამდე ზუსტად ერთი წელიწადი არ ჰქონდათ მეტოქის კარში გოლი გატანილი! ანუ, ისე გამოვიდა, რომ ამ მოგებით მასპინძლებმა, ფაქტობრივად... ერთი წლის "გეგმა" შეასრულეს და იმის მერე კვლავაც მომდევნო გამარჯვების მოლოდინში არიან. ეგ არაფერი, - ამა წლის მარტამდე საქართველოს ნაკრები არაერთ მეტოქეს ანიჭებდა უდიდეს სიხარულს; უფრო ზუსტად, შორს წაგვიყვანს იმ გუნდების ჩამოთვლა, თავის საფეხბურთო ისტორიის ახალ და ლამაზ ფურცლებს სწორედ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ რომ წერენ...


ქეცბაია და ბუტიგეგი

აი, ასე - ჩვენთვის მართლაც სამარცხვინოდ დამთავრდა საქართველოსა და მალტის ნაკრებების რიგით მეხუთე დაპირისპირება. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის წინა ოთხივე პაექრობას მუდამ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა-ხოლმე და ჯობს, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

სულ პირველი დაპირისპირება 1994 წლის თებერვალში შედგა, როცა საქართველოს ნაკრები თავის ისტორიას იწყებდა - დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ექვსამდე ამხანაგური მატჩის ჩატარება მოახერხა. და აი, მალტის საერთაშორისო ტურნირზე მიწვევა ალექსანდრე ჩივაძის გუნდისთვის სერიოზული გამოცდა იყო. იმ ტურნირზე პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა სლოვენიასთან წააგო, სამაგიეროდ მეორე შეხვედრაში (ადგილობრივი ქომაგების უდიდესი ინტერესი რომ გამოიწვია) მასპინძლებს, მალტის ნაკრებს 1:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარში ის ერთადერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ გაიტანა! ქეცბაიას გარდა ჩვენ ნაკრებში მხოლოდ ერთი ლეგიონერი იყო (კახა ცხადაძე), სამაგიეროდ, მასპინძელთა გუნდის არაერთი ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში ასპარეზობდა.

ერთ-ერთი მათგანი კი ჯონ ბუტიგეგი გახლდათ - წლების განმავლობაში ინგლისის დაბალი დივიზიონების გუნდებში ("ბრენტფორდი", "სუინდონი") რომ გამოდიოდა. ბუტიგეგი 16 წლის განმავლობაში მალტის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი "ბირკირკარას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და საკუთარი ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. აი, შარშან კი უფრო საპასუხისმგებლო საქმე ჩააბარეს: მალტის ნაკრების გაძღოლა მიანდეს და ერთ-ერთი პირველი სამწვრთნელო გამოცდა სწორედ... საქართველოს ნაკრებთან ჰქონდა და ვფიქრობთ, უკვე ზედმეტია იმ შეხვედრის ანგარიშის გახსენება.
მოკლედ, საქართველოსა და მალტის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, თემურ ქეცბაია და ჯონ ბუტიგეგი ერთმანეთს ფეხბურთელების დროსაც დაპირისპირებიან. იმედი დავიტოვოთ, რომ თემურ ქეცბაია ხვალინდელ შეხვედრაში მწვრთნელის რანგშიც შეძლებს ჯონ ბუტიგეგის დამარცხებას...


ტესტმატჩი და დებიუტები

მალტელებთან მეორე შეხვედრა იმავე, 1994 წლის ზაფხულში გვქონდა; მართალია, ეს მატჩიც ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იმ წლის შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ევროპის შესარჩევ ციკლში დებიუტი ელოდა, თუმცა უეფა ბევრს ყოყმანობდა: დაერთო თუ არა ნება ჩვენ ნაკრებს საშინაო მატჩები თბილისში რომ ჩაეტარებინა. მოკლედ, თბილისში ტესტმატჩის ჩატარების დირექტივა კი მოვიდა უეფადან, მაგრამ მალტის ფეხბურთის ფედერაციის და პირადად, პრეზიდენტის ჯოზეფ მიფსუდის გარდა, ჩვენთან ჩამოსვლაზე ყველამ უარი განაცხადა. სხვათა შორის, ამ მატჩამდე მცირე ხნით ადრე მიფსუდი უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს და ეს არცთუ უმნიშვნელო ფაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის დიდი დამსახურებაც იყო.

1994 წლის 19 ივლისს დანიშნულ ტესტ-მატჩზე უეფამ სპეციალური წარმომადგენლებიც გამოაგზავნა, თუმცა განსაკუთრებული სტატუსი მაინც ამ ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს წარმომადგენელს და იმავდროულად, უეფას სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარეს რენე ებერლის ჰქონდა. ეგ კი არა, არბიტრიც ისეთი მოავლინეს, წლების განმავლობაში ევროპის ტოპ-მსაჯთა ათეულში რომ ითვლებოდა - შვეიცარიელი ურს მაიერი. ამ მატჩის სპორტულ შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა; მართალია, თითქმის მთელ შეხვედრაში უპირატესობას ჩვენი გუნდი ფლობდა, მხოლოდ ფრეს გამოვრჩით. თუმცა, მთავარი მაინც უეფას დასკვნა იყო და საქართველო-მალტის იმ მატჩიდან 1 კვირის თავზე თბილისში სასიხარულო შეტყობინება მოვიდა: საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს უფლება ეძლეოდათ, საშინაო შეხვედრები თბილისში ჩაეტარებინათ!

...მალტელებთან რიგით მესამე მატჩი 1998 წლის 8 თებერვალს ჩატარდა; ამჯერადაც მალტის საერთაშორისო ტურნირზე მიგვიწვიეს და გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, საქართველოს ნაკრები იმ ტურნირის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მალტასთან შეხვედრაში შედგა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ გუცაევის დებიუტი. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში კვლავაც ასპარეზობდა თემურ ქეცბაია, ოღონდ, ამჯერად უკვე "ნიუკასლის" ფეხბურთელი გახლდათ. მალტელებს ის მატჩი მოვუგეთ (3:1) და ამის შემდეგ რვა წლის განმავლობაში ჩვენი და მათი გზები არ გადაკვეთილა.
და აი, 2006 წლის პირველ მარტს საქართველოსა და მალტის ნაკრებები მეოთხედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ ლა-ვალეტაში ჩასატარებელი მატჩი ამხანაგური იყო, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უფრო ზუსტად, უდიდეს ინტერესს იწვევდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი უნდა ჩაეტარებინა გერმანელ სპეციალისტ კლაუს ტომპიოლერს. დებიუტი მართლაც ჩინებული გამოვიდა: ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის ბედი საწყის 20 წუთში გადაწყვიტეს, როცა მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანეს. თუმცა, ჩვენი ნაკრების შემადგენლობას ექსპერიმენტული კი არა, ალბათ, უცნაური უფრო ეთქმოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრებში დებიუტი ერთდროულად 8 (!) ფეხბურთელს ჰქონდა: დავით მჭედლიშვილს, მირზა ბჟალავას, მათე ღვინიანიძეს, გიორგი ფოფხაძეს, კახა მახარაძეს, რევაზ გოცირიძეს, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძესა და ოთარ მარცვალაძეს.

სიახლე იყო, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა ლევან ცქიტიშვილი. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმავე წლის აგვისტოში, ფარერებთან შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი რომ ჩავატარეთ, ჩვენი ნაკრები აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით წარსდგა. ანუ, იმ შემადგენლობიდან, მალტის წინააღმდეგ რომ იასპარეზა, ფარერებთან მხოლოდ და მხოლოდ 3 ფეხბურთელიღა იყო დარჩენილი: ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი და ჯაბა კანკავა.

...ხვალ კი ექსპერიმენტებისა თუ დებიუტების "დრო" ნამდვილად არ იქნება; რა თქმა უნდა, მეტოქის შეუფასებლობაც არ შეიძლება, მაგრამ მალტასთან შეხვედრაში ქართველ ქომაგს მხოლოდ გამარჯვება რომ დააკმაყოფილებს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.


ამხანაგური მატჩი

მალტა-საქართველო 2:0
12.08.2009. ლა ვალეტა. ტა ქალი
1:0 მიფსუდი (64), 2:0 მიფსუდი (74)
მალტა: მ. მუსკატი (46. ჰოგი) - ა. მუსკატი, საიდი, ა. აგიუსი, აზოპარდი (60. ფაილა) - პეისი, ჯ. აგიუსი (90. ფენეჩი), კოჰენი (83. ბაჟადა), შემბრი (46. ვუდსი) - ამუტი (60. ბრაფა), მიფსუდი.
საქართველო: ლომაია - ღვინიანიძე (82. თ. ღონღაძე), გ. კაშია, ხიზანიშვილი, ფოფხაძე (85. სანაია) - ხმალაძე, ცქიტიშვილი (64. დევდარიანი), კობიაშვილი - სეთურიძე (68. მერებაშვილი), ყენია - დვალიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
გაფრთხილება: სამუტი - ხიზანიშვილი, დევდარიანი
არბიტრი: პ. კოლისი (კვიპროსი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული