გეორგი კონდრატიევი თემურ ქეცბაიას გუნდს შემტევ შემადგენლობას დაუპირისპირებს

AutoSharing Option
16 ოქტომბერს მინსკის "დინამოს" სტადიონზე ბელორუსის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს.

ჩვენმა მეტოქემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საშინლად დაიწყო და სამივე შეხვედრა წააგო.

მსგავსი ჩავარდნა ბელორუსებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ: ასევე სასტარტო სამი შეხვედრა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევშიც დათმეს - ჰოლანდიასთან (0:3), ავსტრიასთან (0:2) და ჩეხეთთან (0:2).

სლავები წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ქართველებთან იმედოვნებენ. "ლელოში" უკვე ვწერდით, რა გამწარებულები გველიან და როგორ იმედოვნებენ მოგებას.

მატჩის წინა დღეს კიდევ რამდენიმე საინტერესო განცხადება გაკეთდა. რამდენიმე წამყვანი მოთამაშე "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს - მაგალითად, ნახევარმცველები ტიმოფეი
კალაჩევი
("როსტოვი", რუსეთი), ანტონ პუტილო ("ფრაიბურგი", გერმანია) და თავდამსხმელი სერგეი კორნილენკო ("კრილია სოვეტოვი").

სამაგიეროდ, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს სამარის "კრილია სოვეტოვის" მცველი დმიტრი ვერხოვცევი, რომელმაც ესპანეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ბელორუსთა მთავარი მწვრთნელი გეორგი კონდრატიევი ამბობს, რომ თემურ ქეცბაიას გუნდს შემტევ შემადგენლობას დაუპირისპირებს:

"ზუსტად არ გეტყვით, საქართველოსთან რა ცვლილებები გვექნება, მაგრამ მას ნამდვილად ვგეგმავ. ჩვენ გვჭირდება ენერგიით სავსე ფეხბურთელები, რომლებიც მაღალ ტემპში თამაშს შეძლებენ.

ჩვენ ვაპირებთ შევუტიოთ და შემადგენლობაც მეტოქის დაცვის გარღვევაზე იქნება ორიენტირებული. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ალექსანდრ გლები და რენან ბრესანი ერთდროულად დავაყენოთ.

ოპტიმალური შემა
დგენლობით თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ამდენად, კალაჩევის, პუტილოსა და კორნილენკოს არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია.

საწყენია, რომ ისინი ვერც ესპანეთთან დაგვეხმარნენ და ვერც ქართველებთან გამოვიყენებთ. ჩვენ კი მოთამაშეთა დიდი არჩევანი არ გაგვაჩნია.

ეს რა უბედურება გვჭირს?! როდესაც ფსონს ვიღაცაზე დავდებ, დაშავდება და იძულებული ვხდები, მერე სხვა ვათამაშო. მაგალითად, თავიდან გლებს ვერ ვიყენებდით. ვერხოვცევიც ტრავმირებული ჩამოვიდა, მაგრამ ახლა უკვე მომჯობინდა".


რენან ბრესანი, "ბატესა" და ბელორუსთა ნაკრების ბრაზილიელი ნახევარმცველი:

"დიახ, მართლაც მქონდა ქართველებთან შეხვედრაში ისეთი გრძნობა, რომ ამ ნაკრებთან მოგება შეიძლებოდა და აუცილებელიც იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ჩვენ ჰაერივით გვჭირდება გამარჯვება და საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

დაბოლოს: ინტერნეტ-პორტალმა "Goal"-მა გულშემატკივართა გამოკითხვა ჩაატარა.

3288 გამოკითხულიდან 42.9% (1409 ხმა) მიიჩნევს, რომ ბელორუსი საქართველოსთან მოიგებს, 28.1% (924) ქართველთა გამარჯვებას ვარაუდობს, ფრეს კი - 29% (955).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული