გივი კვარაცხელია: ბელორუსში მძიმე თამაში გველის

AutoSharing Option
გივი კვარაცხელია "დინამო თბილისის" ერთ-ერთი წამყვანი და გამოცდილი ფეხბურთელია. მას სხვადასხვა ქვეყანაში უთამაშია, იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეც.

2008-09 წლებში კვარაცხელია ბელორუსში, მინსკის "მტზ-რიპოში" თამაშობდა. 16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ბელორუსის ნაკრებს სტუმრად ეთამაშება და კვარაცხელიასაც მეტწილად ბელორუსულ თემაზე ვესაუბრეთ.

- 3-4 წლის წინ ბელორუსის ჩემპიონატში გუნდები ძალისმიერი სტილით გამოირჩეოდნენ, ყველა სწრაფ ტემპში მოძრაობდა.

ბორისოვოს "ბატე" კი ყველასგან გამორჩეული იყო, ტექნიკურ, ევროპულ ფეხბურთს თამაშობდა. მე რომ არ ვილაპარაკო ამაზე, ფაქტიც ხომ სახეზეა - "ბატე" ჩემპიონთა ლიგაზე უკვე
წლებია, რაც თამაშობს.

ყველა ბელორუსულ საფეხბურთო კლუბს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვს, მოედნების პრობლემა იქ არ არის. ბელორუსული ფეხბურთის ნაკლი კი ის შეიძლება იყოს, რომ ფეხბურთი ქვეყანაში ნომერ პირველი სპორტი არ არის.

იქ ჰოკეია ყველაზე პოპულარული სახეობა. ქვეყნის პრეზიდენტი ლუკაშენკოც ყოფილი ჰოკეისტია და სპორტის ამ სახეობას მის ქვეყანაში ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ.

- ლუკაშენკო "ბატეს" ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს ჩუქნის...
- მხოლოდ ეს არ განაპირობებს "ბატეს" წარმატებებს ევროსარბიელზე. ბელორუსის ჩემპიონატში ამ გუნდს კარგი მეტოქეები ჰყავს და შესაბამისი სპარინგით ინარჩუნებს საკუთარ თამაშს.

- "მტზ-რიპო" რა გუნდი იყო?
- საკმაოდ კარგი. თასი ავიღეთ, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოდით, მაგრამ საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედით. პირველი კი "ბატე" აღმოჩნდა.

"მტზ-რიპო" კერძო კლუბი იყო, რომლის მფლობელს საკუთარ ბიზნესში პრობლემები შეექმნა და გუნდიც ამიტომ დაიშალა. "ბატე" 3-4 წლის წინაც ყველასაგან გამორჩეული იყო ბელორუსში.

- საქართველო-ბელორუსის თამაშზე რას იტყოდი?
- თავდადებას არავის ვუკარგავ, თუმცა ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ბელორუსს არ გაუმართლა, სამი იძულებითი შეცვლა გააკეთა და მერე კიდევ ორი ფეხბურთელი დაუშავდა.

ამ ყველაფრის გამო ბელორუსის ნაკრების თამაში აირია. სტუმრად ჩვენს ნაკრებს ძალიან მძიმე თამაში ელის ბელორუსთან, რომელსაც ალექსანდრ გლები დაემატა და თუ რა დონის ფეხბურთელია ის, ყველამ ვიცით.

საერთოდ, ბელორუსის ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, ამხანაგურ შეხვედრებში არგენტინასთან და ხორვატიასთან ნორმალურად წარმოაჩინა თავი. მიმდინარე შესარჩევში ბელორუსს ჯერ არ მოუგია და ამის გამოც გაორმაგებული მონდომებით ითამაშებს.

- თბილისის "დინამოზეც" გკითხავ. გუნდი პირველ ადგილზეა ეროვნულ ჩემპიონატში, ბევრი გოლი გააქვს, თუმცა დაცვაში შეცდომებიც მოუმრავლდა...
- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, ხან ისე წაუვა საქმე და ხან - ასე. დაცვის ხაზის აწყობას დრო სჭირდება. გარდა ამისა, პრობლემებიც გაჩნდა - მეკარე დაგვიშავდა, ხან რეხვიაშვილს ჰქონდა ტრავმა, ხან ხიზანეიშვილი ვერ ახერხებდა თამაშს...დრო გვჭირდება და ყველაფერი გამოსწორდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული