პარასკევს საქართველოს ნაკრებმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველი ოფიციალური გამარჯვება იზეიმა. უთუოდ პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ, ვფიქრობთ, არც ის არის უინტერესო, თუ როგორ მოიპოვა თემურ ქეცბაიას გუნდმა ეს სამი ქულა. ფაქტია, საფეხბურთო ჯუჯასთან გუნდს ძალიან გაუჭირდა, რომ არა დავიდ სირაძის თავური 91-ე წუთზე, გვარიანადაც შერცხვებოდა. მოდით, მალტელებსაც "მოვუსმინოთ" - კუნძულის მედიასაშუალებებიდან, ჩვენი აზრით, საინტერესო ნაკვეთები ამოვკრიბეთ...
"მართლაც ძალიან დასანანი იყო, რომ სამი ქულა ასე დრამატულ ვითარებაში დავკარგეთ. არადა ბუტიგიეგის ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს ამ შეხვედრაში. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მალტას ასპროცენტიანი
"როგორც მოსალოდნელი იყო, ჯონ ბუტიგიეგმა ორი ცვლილება განახორციელა, შეცვალა მეკარე და დისკვალიფიცირებული დანიელ ბოგდანოვიჩი. პირველი ტაიმი ძალზე მოსაწყენი იყო, საქართველო სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მალტა კი კონტრშეტევებს ცდილობდა. სახიფათო მომენტი ცოტა იყო, მალტელთა დაცვამ კი ქართველებს რეალური საგოლე შანსი არ შეაქმნევინა. მართლაც, ტაიმში ერთადერთხელ დასჭირდა კარის გადარჩენა ჰაბერს, როცა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელის, გოგუას დარტყმული მოიგერია. თანაც წვიმამ მოედანი გააფუჭა და ბურთის კონტროლი გაჭირდა". ("მალტა ინდეპენდენტ")
"მეორე ტაიმში საქართველომ უფრო შეუტია, თუმცა ბოლო წამებს თუ არ ჩავთვლით, მალტა არ დაბნეულა და ღირსეულად იცავდა თავს. ფაქტია, ჩვენი გუნდი არაფრით იმსახურებდა მარცხს" ("მალტა ინდეპენდენტ")
"მალტელთა დაუღალავმა თამაშმა ოპტიმისტურად განგვაწყო და გვეგონა საქართველოსთან მატჩში ქულას მოვიპოვებდით. "ბორის პაიჭაძეზე" წვიმდა, ჩვენი ნაკრები კი გმირულად უძლებდა ქართველთა შეტევებს, სანამ დამატებითი წუთები არ დაიწყო. მალტელები საგოლე მომენტების გამოუყენებლობისთვის დაისაჯნენ ბოლოს. მართალია, თითქმის მთელი თამაში საქართველოს ნაკრებს მიჰყავდა, მაგრამ დაცვაში ანდრეი აგიუსის და ჯონათან კარუნას კარგი თამაშის წყალობით ხიფათი იშვიათად იქმნებოდა. მათ არა მარტო შეძლეს ქართველი ფორვარდების განეიტრალება, არამედ შეტევებში ჩართვებიც მოახერხეს" ("თაიმს ოფ მალტა")
"სტადიონზე 40 ათასი ფანი იყო შეკრებილი, ატმოსფერო კი ძალიან კარგი იყო, გულშემატკივრები ძალიან ხმაურობდნენ". ("თაიმს ოფ მალტა")
"მალტელთა გუნდის მთავარი პრობლემა გოგუა იყო, რომელიც ყელში ძვალივით იყო გაჩხერილი ჩვენი გუნდის დაცვის რედუტებში". (თაიმს ოფ მალტა)
"წითლებში გამოწყობილმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს საგარეო ქულის მოპოვებისთვის. საქართველოს ლომის წილი ჰქონდა ბურთის კონტროლში, მაგრამ მალტა თავს კარგად იცავდა". (მალტაფუტბოლი)
"ძალიან ახლოს ვიყავით ფრესთან. ვფიქრობ, შინ საქართველოს მოვუგებთ. ისინი არ არიან არაფრით გამორჩეულები, ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ, როცა 2:0 მოვუგეთ ქართველებს. მთავარია, შანსები გამოვიყენოთ ხოლმე, ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი". ("მალტაფუტბოლის" ფორუმიდან)
"თითქოს ურიგო ანგარიში არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მცდარი ტაქტიკით ვთამაშობთ - 90 წუთის განმავლობაში კარში ერთხელ დავარტყით და სხვა დროს 10 კაცით ვიცავდით. ეს არის ის ფეხბურთი, რაც ჩვენ, ფანებს გვსურს? თუკი საქართველოსთანაც ასე ვთამაშობთ, რა იქნება ხორვატიასთან"? ("მალტაფუტბოლის" ფორუმიდან)
"კარგად არ გვითამაშია, მაგრამ არც საქართველოს მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები, ბევრს ცდებოდნენ, არადა შინ, 40 ათასი გულშემატკივრის წინაშე თამაშობდნენ. ქულას აშკრად ვიმსახურებდით, იმათ კი გაუმართლდათ" ("მალტაფუტბოლის" ფორუმიდან)
"ანდრე შემბრის შეეძლო ალბათ მატჩისთვის წერტილის დასმა, მაგრამ ერთი-ერთზე ვერ აჯობა ნუკრი რევიშვილს, არადა თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა". (მალტის ფეხბურთის ასოციაციის ვებსაიტი)
"საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა რომ მალტის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ წააგო, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ 91-ე წუთზე დასანანი ბურთი გაუშვა". ("მალტასპორტი")
"მალტელთა კარგი თამაში სირაძის გოლმა დაანგრია. ამ მატჩში ბევრი პოზიტივი დავინახეთ, მაგრამ მარცხი ძალიან მწარე იყო". ("მალტასტარ")
"მალტას ფანტასტიკური მატჩი გამოუვიდა, ფრე ამ შეხვედრის ყველაზე სამართლიანი შედეგი იქნებოდა". ("მალტათუდეი")
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"