სოსო ფრუიძე: ბელორუსის ნაკრები საქართველოზე მაღალი დონის გუნდია

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებმა ფინეთში გამარჯვების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, ბელორუსში განცდილი მარცხი კი მას კანონზომიერად მიაჩნია.

"ფეხბურთში ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი გუნდი აღწევს წარმატებას, მაგრამ მაინც ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოს ნაკრებმა, რომელიც კაცნაკლულ მეტოქეს ეთამაშებოდა, სასურველი ანგარიში ვერ შეინარჩუნა და ჰელსინკიში ფრეს დასჯერდა.

იმ მატჩში ფრე ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი ეროვნული გუნდის მაქსიმუმი და ძალიან ცუდია, ასეთი კარგი შანსი რომ გაუშვა ხელიდან. 1:0-ზე საქართველოს ნაკრებს შეტევაში აგრესიული თამაშის გაგრძელება
მართებდა, მით უფრო იმიტომ, რომ დაწინაურებამდე ეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. თუმცა ასე არ მოხდა და ფინელებმა ქართველების მიერ დათმობილი სივრცეებით კარგად ისარგებლეს.

რაც შეეხება ბელორუსთან გამართულ შეხვედრას, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა.

რომ არა სწრაფად მიღებული გოლი, წარმატების მიღწევის გარკვეული შანსი მაინც გვექნებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი თამაშით, მაქსიმუმ ქულა აგვეღო, ისიც გამართლების შემთხვევაში.

სწრაფმა გოლმა ჩვენი სამწვრთნელო შტაბის გეგმები თავდაყირა დააყენა და ქართველი ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ, აქტიურად შეეტიათ. ამან კი ბელორუს შემტევებს სივრცეები გაუხსნა და საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მომენტების შექმნის საშუალება მისცა.

ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ ბელორუსებმა არა მხოლოდ გუნდური თამაშით, არამედ მაღალი დონის შემსრულებლების რაოდენობითაც გვაჯობეს.

სამწუხაროდ, ისეთი დრო დაგვიდგა, რომ ბელორუსებს ქართველებზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ამასთანავე, ისიც ფაქტია, რომ ბელორუსის ნაკრები საქართველოზე მაღალი დონის გუნდია, რაც ამ მატჩში თვალნათლივ დამტკიცდა.

მასპინძელთა მეორე გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ბელორუსებს შეეძლოთ, ანგარიში გამანადგურებელი გაეხადათ; მეორე ტაიმში კი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა თამაშის გადასარჩენად საერთოდ ვერაფერი იღონა.

ამ ორი გასვლითი მატჩის ჯამში სამი ქულა რომ მოგვეპოვებინა, დადებით შედეგად ჩავთვლიდი; ახლა კი, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ოქტომბრის თვე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფინეთში გამარჯვების ჩინებული შანსი გავუშვით ხელიდან.

მომავალს მაინც ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ. თაობათა ცვლა ყოველთვის მტკივნეული პროცესია და შემადგენლობის ხელაღებით გადახალისება არ შეიძლება, მაგრამ უდავოა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი უნდა გაგრძელდეს და სამწვრთნელო შტაბმა ახალი საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენა სცადოს.

რაც შეეხება მიმდინარე შესარჩევ ციკლს, ჯგუფში მესამე ადგილს კარგ შედეგად ჩავთვლიდი, მაგრამ ძალიან რთული იქნება, ბელორუსებს მესამე საფეხურში შევეცილოთ.

სოსო ფრუიძე: ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი უნდა გაგრძელდეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გურული: რეალობაა ის, რომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს
ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭკვიანი კაცი ჩანს. აწონ დაწონილი!
0
წინ ჩიხურა ევროპლიგაზე უნდა გიხილოთ.......
sareki
21:33 18-10-2012
0

სიახლეები პოპულარული