"პრესბოლის" კორესპონდენტს "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ შეცვლის მიზეზად ტრავმა დაუსახელა. მაგრამ მატჩის შემდეგ ბელარუსულ მედიასთან ოქრიაშვილმა თქვა, ტრავმა არ მაწუხებდა და შეცვლამ გული დამწყვიტაო.
ცხადია, ეს ამბავი გაგვიკვირდა - რა პრობლემა უნდა ყოფილიყო, რომ მწვრთნელს მოთამაშისგან შეეტყო, ტრავმა ჰქონდა თუ არა. მერე თორნიკეს ოჯახში გვითხრეს, რომ მარიუპოლის "ილიჩივეცის" შემტევ ნახევარმცველს ფეხი მართლაც ასტკივდა და კიდევ უფრო გაუგებარი გახდა "პრესბოლში" თორნიკეს კომენტარი.
ორი დღის
"კარგია, რომ დამიკავშირდით და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების საშუალება მომეცით. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინსკში არც ერთი ჟურნალისტი არ დამლაპარაკებია და აქედან გამომდინარე, ვერც შეცვლის მიზეზებზე ვილაპარაკებდი და ვერც იმაზე, ნაწყენი ვიყავი თუ გახარებული.
რეალურად, ფეხი მართლა ამტკივდა და ეს შესვენებაზე ქეცბაიას მართლაც ვუთხარი. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანეს კომენტარი, ასე ხომ არ შეიძლება? კინაღან მწვრთნელთან დამაპირისპირეს.
შეცვლა კი ნაკრების თავკაცის საქმეა და ბავშვები აღარ ვართ, რომ გავიბუტოთ, მით უფრო, როდესაც ტრავმა გაწუხებს. სხვათა შორის, არც ფინეთისა და ბელარუსის ნაკრები შემიდარებია ერთმანეთისთვის" - ამბობს ოქრიაშვილი.
იგივეს ამბობს "გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე, რომელიც მინსკში იმყოფებოდა და მატჩის დასრულების შემდეგ ოქრიაშვილს გვერდიდან არ მოსცილებია.
აქამდე ოქრიაშვილს კარგად ახსენდებოდა ბელარუსი და მინსკი, სადაც 2010 წელს ამ სლავური ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა:
"ის დღე კარგად კი მახსენდება, მაგრამ 16 ოქტომბერი წარმატებული ვერ გამოდგა. ჩვენდა სამწუხაროდ, წავაგეთ. ეს არ იყო მხოლოდ მცველთა შეცდომების ბრალი და ჩემი თხოვნა იქნება, ჩვენს ცუდ თამაშს მხოლოდ ორიოდე კაცს ნუ დავაბრალებთ.
წაგებაში ყველა მოთამაშე დამნაშავე ვართ. ჩვენი ფეხბურთის ჩვენება ვერ შევძელით, მასპინძლებმა კი თავი კარგად გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს".
თუმცა, ოქრიაშვილი არ ეთანხმება ბელარუსული მედიის შეფასებას, რომ საქართველოს ნაკრების წევრები მატჩისადმი მასპინძლების მსგავსად ვერ განეწყვნენ:
"სისულელეა! შეუძლებელია, ნაკრებში გამოგიძახონ, გათამაშონ და განწყობა არ გქონდეს. სხვა ამბავია, რომ ელემენტარულად, მასპინძლებს ვერ ვაჯობეთ. ეტყობა, ცოტა სხვაგვარად უნდა გვეთამაშა, უფრო აგრესიულად შეგვეტია და ნაკლები შეცდომა დაგევშვა.
ვიმეორებ, წაგება მთელი გუნდის ბრალი იყო, მაგრამ განწყობა არაფერ შუაშია. დანარჩენი კი მთავარი მწვრთნელის კომპეტენცია არის და ის გაარკვევს, რა არის ჩვენს თამაშში შესაცვლელი თუ დასახვეწი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე