მალხაზ ასათიანი: მოგება მალტასთანაც სასიხარულოა

AutoSharing Option
მალტასთან მატჩის ბოლო წუთზე მალხაზ ასათიანი ჯოტია ცაავასავით გამწარდა და სტუმრებს პატარა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა - გახსოვთ, ალბათ, ის ეპიზოდი, როგორ მოატყუა ოთხი მცველი, ახალგაზრდობის დროინდელი დრიბლინგი გაიხსენა და მეკარესთან ლამის პირისპირ გასულმა თანაგუნდელს გოლის გატანის საშუალება მისცა... თუმცა ეს იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ზოგადად კი ნაკრების ცენტრალური მცველი ამ ციკლში კარგად გამოიყურება.

- მალტასთან მატჩმა დაგვიტოვა შთაბეჭდილება, რომ ნერვიულობდით...
- უბრალოდ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ხალხის გახარება გვსურდა. სხვათა შორის, ძალიან ცუდ მინდორზე ვთამაშობდით და სწრაფი შეტევის წამოწყება
ძალიან ჭირდა, ამდენად, მოგება ძალიან რთული იყო. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ მალტაა და მასთან მოგება ასე არ უნდა გვიხაროდესო, მაგრამ სამი წელია არ მოგვიგია შესარჩევი მატჩი და რატომ არ უნდა გაგვხარებოდა?

- ფეხბურთში განწყობა ძალიან ბევრს ნიშნავს და იმედია, ეს ამაღლებული განწყობა რიგაშიც გაგყვებათ...
- რა თქმა უნდა, გაგვყვება და იმედია, იქაც მოვიგებთ. თუმცა ძალიან რთული მოწინააღმდეგე კი გვეყოლება...

- მოედნის მდგომარეობაზე გაამახვილეთ ყურადღება. უარესი არ გინახავთ?
- სანაკრებო დონეზე ნამდვილად არ მინახავს. ჭაობში ვთამაშობდით და დროა, საფარი შეცვალონ, თორემ ასეთ პირობებში საშინაო შეხვედრების მოგება ძალიან გაგვიჭირდება. მალტა დაცვაში იყო ჩამჯდარი, ჩვენ კი 90 წუთი დავრბოდით და ვცდილობდით, ბურთი ჯერ მეტოქის მოედანზე გადაგვეტანა, შემდეგ კი საჯარიმოში სწრაფად შეგვეღწია, მაგრამ თითქმის შეუძლებელი იყო, ბურთი ვერ მოძრაობდა და ტემპი იკარგებოდა. კიდევ კარგი, ბოლო მომენტში მაინც გავიტანეთ და 3 ქულა ავიღეთ.

- სხვათა შორის, ლატვია საქართველოსთვის ძალზე უხერხული მეტოქეა...
- მზადება უკვე დავიწყეთ და ვიმეორებ - კარგია, რიგაში მოგებულები, მშვენიერ ხასიათზე რომ მივემგზავრებით. ჯერ მათი თამაში არ გვინახავს, მაგრამ მოვასწრებთ და მატჩამდე კარგად შევისწავლით.

- შეგიძლიათ, თქვა, რომ ამ მოგებამ ფსიქოლოგიური სტრესი მოგიხსნათ?
- რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ მოგებას ყველა მოწყურებულები ვიყავით - ჩვენც, თქვენც, გულშემატკივრებიც... რას წარმოვიდგენდით, რომ მალტასთან ამდენი ხალხი მოვიდოდა?! ლამის შეივსო სტადიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ჩვენი სჯერა.

- გულშემატკივრობაზე რას იტყოდით?
- ძალიან მომეწონა, მადლობა ხალხს! ბოლოხანს წარუმატებლობები გვქონდა და მაინც რომ მოდის ხალხი სტადიონზე, ეს პატარა ამბავი არ არის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
მინუსს ვუწერ სტატიას, რადგან შესავალში უზუსტობებია, თან სერიოზული.
პირველი რომ ასათიანის სოლო რეიდი ბოლო წუთზე არ ყოფილა და მეორეც, თანაგუნდელს როგორ მისცა გოლის გატანის საშუალება?
roma
11:14 11-10-2010
0
იმედია პირად წყენად არ მიიღებს სტატიის ავტორი.
შეიძლება თვითონაც კარგად უწყის რაც მე დავწერე, მაგრამ ასე შელამაზებაც.. რა ვიცი
roma
11:16 11-10-2010
0

სიახლეები პოპულარული