სწრაფი, მოქნილი, ღონიერი, ალღოიანი მცველი... კაშიას ყველანაირი მონაცემი ხელს უწყობს მაღალ დონეზე სათამაშოდ. ნაკრებში, მის გარდა, კიდევ არიან კლასიანი ფეხბურთელები, თუმცა ჩვენს ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვანი წარმატებები მაინც ვერ აქვს...
კაშია და "ვიტესი" კი წინ მიიწევენ. წლეულს გუნდმა ევროპალიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშა, ერედივიზიონში კი ამ სეზონში თამაში არ წაუგია და მესამე ადგილზეა.
თუ რა ხდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ამაზე ბოლომდე საუბარს ალბათ ყველა ერიდება და შესაძლოა, ეს სწორიც იყოს - გუნდს შიდა
კაშია ურიგო რესპონდენტი ნამდვილად არ არის და ამიტომაც დავუკავშირდით მას ჰოლანდიაში. მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს "ვიტესის" კაპიტანი და ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე პასუხობს...
- საქართველოს ნაკრები თითქოს მობილიზებულ, შეკრულ გუნდს ემსგავსება, მაგრამ, ამავე დროს, რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდმა, ასე ვთქვათ, თავის თამაშს ვერ მიაგნო - იზიარებ ასეთ შეხედულებას?
- ნაკრების თამაშის ხარისხს და სტილს რაც შეეხება, ამაზე საუბარი ფეხბურთელისთვის რთულია. რასაც მწვრთნელი მავალებს, ის უნდა შევასრულო. თუ შეტევაში წასვლას მივიჩნევ აუცილებლად, ამას ვაკეთებ კიდეც.
ის კი არის, რომ რასაც ვაკეთებ "ვიტესში" და რისი გაკეთებაც მიწევს ნაკრებში - ამაში არსებობს განსხვავება.
- რას გულისხმობ?
- "ვიტესში" უფრო ღია ფეხბურთს ვთამაშობთ, ნაკრებში კი გუნდი დაცვაზეა ორიენტირებული - თავდამსხმელიდან მეკარემდე.
- ზოგი ამბობს, რომ საქართველოს ამ ნაკრებში დიდი ყურადღება არ ეთმობა თეორიულ მეცადინეობას, რომ მწვრთნელს ასე აქვს საკითხი დაყენებული - ეროვნულ გუნდში ფეხბურთელი რომ მოდის, ის უკვე ტაქტიკურად განსწავლული უნდა იყოს...
- ვეთანხმები ასეთ პოზიციას - ნაკრები უმაღლესი დონეა, სადაც საუკეთესოები თამაშობენ და თუ ფეხბურთელმა არ იცის, მოედანზე როგორ გადაადგილდეს, ეს უკვე სირცხვილია.
ფეხბურთელობა ხომ პროფესიაა, რომელსაც თავისი განათლება მოეთხოვება. წეღან ვთქვი, რომ ნაკრები ჩემი კლუბისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და შესაბამისი გადაწყობა ფეხბურთელის მოვალეობაა.
მწვრთნელი წყვეტს, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა და ნაკრებში იმის დრო აღარ რჩება, რომ ფეხბურთელმა ისწავლოს, ეს როგორ გააკეთოს. ნაკრებში რომ მიდიხარ, მგზავრობის შემდეგ ძალები უნდა აღიდგინო, ამისთვის უნდა იზრუნო და მწვრთნელი ერთხელ რომ მოგცემს დავალებას, შენი საქმე უნდა გააკეთო.
- ამ შესარჩევში რაც ვუყურეთ საქართველოს ნაკრების მატჩებს, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა - მცველმა ბურთი ან უმისამართოდ უნდა მოიგერიოს, ან გრძელი პასი უნდა გააკეთოს თავდამსხმელის მისამართით, რომელიც რამდენიმე მცველის გარემოცვაში თითქმის მარტოა...
- სათამაშო სისტემა არის ასეთი: გრძელი გადაცემა თავდამსხმელის მისამართით და ბრძოლა "მეორე ბურთისთვის", ანუ, როცა გადაცემის შემდეგ ბურთი გადმოვარდება ჩვენი თავდამსხმელისგან თუ მეტოქე მცველისგან, ამ ბურთისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
"მეორე ბურთის" აღება ადვილი არ არის. ეს დაკავშირებულია მოედნის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებასთან.
თბილისში ბელორუსთან ბევრჯერ მოვიგეთ "მეორე ბურთი", გაგვიმართლა. სტუმრად ბელორუსთან კი მეტოქემ ჩვენივე ნახევარზე მოგვიწყო პრესინგი და "მეორე ბურთი" ხშირად ვერ მოვიგეთ. თან ცუდად დავიწყეთ მატჩი, გოლი მალე გავუშვით...
- საქართველოს ნაკრების დაცვაში დაზღვევა როგორ კეთდება? ფინეთთან მატჩი გავიხსენოთ, როცა ზურაბ ხიზანიშვილს მეტოქე გასცდა და გოლი გაიტანა - იმ ეპიზოდში შეუძლებელი იყო ხიზანიშვილის დაზღვევა?
- იმ ეპიზოდში მეტოქეს გრძელი გადაცემის საშუალება მივეცით და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ყველაფერი, სწრაფად განვითარდა ფინელების შეტევა და დაზღვევაც ამიტომ ვერ მოხერხდა.
საერთოდ კი, ვცდილობთ, რომ დაცვაში ყოველთვის რიცხობრივი უპირატესობა გვქონდეს და შესაბამისად იყოს ურთიერთდაზღვევის საშუალება. დაცვაში ოთხი ორზე ან სამი ორზე მაინც უნდა დავრჩეთ თავდამსხმელებთან - ასეთი სისტემით ვთამაშობთ.
- მცველების მოვალეობაში შედის ბურთის ამოტანაც, ბურთის გაგორება, მოკლე პასი, კაცის მოტყუება - ამ ელემენტებს რატომ ვერ ვხედავთ საქართველოს ნაკრებში?
- უბრალოდ, რისკის გარეშე თამაში, თავდამსხმელისთვის ბურთის მიწოდება - ასე ვთამაშობთ. თუ რისკის საკუთარ თავზე აღებაც შეგიძლია, კი ბატონო, მაგრამ სანაკრებო დონეზე ამის შესრულება ძნელია.
მე მიყვარს ფეხბურთის თამაში, პასი, მაგრამ ამ სისტემაში ეს რთულია. ჩვენ სულ "ცხრა ნომერს" ვეძებთ და 90 წუთის განმავლობაში მისი მისამართით 20-25 გადაცემას ვაკეთებთ.
- ამ შესარჩევი ციკლის დაწყების წინ საქართველოს ნაკრებში კაპიტანი შეიცვალა - სამკლავური ზურაბ ხიზანიშვილიდან ჯაბა კანკავას გადაეცა. ეს მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო თუ ფეხბურთელების აზრიც გაითვალისწინეს? ამას იმიტომ გეკითხები, რომ გაუგებარი დარჩა კაპიტნის არჩევის პრინციპი, თორემ კანკავას საწინააღმდეგო, ალბათ, არავის არაფერი აქვს...
- ცოტა გასაკვირი კი იყო, რომ ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ ასე უცბად მოხდა კაპიტნობის ერთი ფეხბურთელიდან მეორისთვის გადაცემა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თითქოს შეგუებულები ხართ იმ აზრს, რომ გუნდი ფინალურ ეტაპზე ვერ გავა. რატომ ჩამოყალიბდა ასეთი დამოკიდებულება, რა არის ამის მიზეზი?
- მართლაც გულდასაწყვეტია... წინა შესარჩევში ისეთი ჯგუფი გვერგო, რომ შეიძლებოდა ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლა. საქართველოს ნაკრების პრობლემა არის ის, რომ ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ, ფინეთთან კი... რატომ მოხდა ასე? ვერ გეტყვით. ეს ალბათ მთელმა ნაკრებმა უნდა თქვას. ფინეთთან უნდა მოგვეგო...
- საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს მაღალი დონის ცენტრფორვარდი - ზოგი ამაში ხედავს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას. შეტევაში მართლაც ძნელად მოიძებნება ისეთი ლიდერი, ვინც თამაშს საკუთარ თავზე აიღებს, გუნდს გაუძღვება, შეტევის ორგანიზებას მოახერხებს...
- რაც არ უნდა მაგარი თავდამსხმელი ჩამოიყვანო საქართველოს ნაკრებში, იმისთვისაც რთული იქნება აქ თამაში. ნაკრებში თამაში ძნელი იყო დვალიშვილისთვის. ის იმდენს იბრძოდა და ჭიდაობდა... თუ ნახევარმცველმა, მცველმა ან ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელმა არ შეუქმნა მომენტი თავდამსხმელს, ის გოლს ვერ გაიტანს.
როცა თავდამსხმელი სულ იბრძვის და ჭიდაობს, მას ძალა აღარ რჩება, რომ ორი მცველი მოატყუოს და ისე გაიტანოს გოლი. თუ ლუქსემბურგთან მჭედლიძის გოლს არ ჩავთვლით, რამდენი ხანია, რაც "მეცხრე ნომერს" გოლი არ გაუტანია საქართველოს ნაკრებში? თავდამსხმელმა შავი სამუშაოც შეასრულოს და გოლიც გაიტანოს - ეს ძალიან ძნელია.
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წლობით გითამაშია. როგორ ფიქრობ, ჩვენს ჩემპიონატში არ არიან სანაკრებო დონის თავდამსხმელები?
- როგორ არ არიან, თუნდაც ვაწაძე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ სწორედ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა; თუნდაც დვალი, ვინც, ასე ვთქვათ, ერთი მომენტის თავდამსხმელია...
- ეროვნულ ნაკრებში თამაში - ეს არის პატრიოტიზმი და ამავე დროს, სამუშაოს შესრულება. ასე უდგებიან საკითხს თითქმის ყველა ქვეყანაში, უკვე აფრიკულ ქვეყნებშიც კი, საქართველოს გარდა, სადაც მხოლოდ მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ ხელფასი, ფეხბურთელებს კი არც ხელფასი და არც პრემია. საინტერესოა გურამ კაშიას აზრი ამ საკითხზეც...
- "ვიტესში" კოტდივუარელი თავდამსხმელი ვიტფრიდ ბონი თამაშობს, რომელმაც ერთხელ მითხრა, ნაკრებში რომ გიძახებენ, ალბათ, შენც ფულის გასაკეთებლად მიდიხარო.
მე კი ვუთხარი, ნაკრებში რომ ვთამაშობ, ეს მეც მეამაყება და მთლიანად ჩემს ოჯახსაც-მეთქი. ჩვენთან სხვა მენტალიტეტია. ნაკრებში თამაშის გულისთვის მე არც კონტრაქტს ვითხოვ და არც პრემიას, მხოლოდ ელემენტარულ პირობებს - ნორმალურად მგზავრობას.
- საქართველოს ნაკრები ფინეთიდან ვილნიუსში გადაფრინდა, იქიდან კი ავტობუსით იმგზავრა ბელორუსამდე. საზღვარზე რამდენიმე საათით მოგიწიათ შეყოვნება...
- მგზავრობისთვის მოკლე გზა უნდა მოინახოს. ხუთი საათი რომ დგახარ საზღვარზე, ფეხბურთელისთვის ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ბელორუსში დავმარცხდით და წაგებული თამაშის შემდეგ სათქმელი აღარაფერი გვაქვს. ამ თემაზე ლაპარაკი უკვე უხერხულია.
- "ვიტესზე" გადავერთოთ. ყველას იმის იმედი გვქონდა, რომ გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ამ სეზონიდან უკვე დაიმკვიდრებდნენ ადგილს ძირითადში, თუმცა ჯერ ასე არ ხდება...
- გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა. ჭანტურიას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა... ვერ აეწყო საქმე კარგად, მაგრამ ეს ალბათ დროებითია. რაც შეეხება ყაზაიშვილს, გარემარბის პოზიციაზე "ვიტესში" ყველაფერი რიგიანად მიდის. გუნდს თამაში არ წაუგია და ასეთ დროს ძნელია ძირითადიდან ვინმეს ამოგდება. ყაზაიშვილით მწვრთნელი კმაყოფილია და ალბათ, მალე მიეცემა შანსი.
- "ვიტესი" ახლა მე-3 ადგილზეა - ამ სეზონში ეს პოზიცია თქვენი გუნდისთვის მაქსიმუმი იქნება?
- მესამე ადგილი ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია, იღბალიც ჩვენს მხარეს არის, ყველაფერი კარგად წაგვივიდა.
ახლა ისეთი თამაშები გველის, ყველაფერი ნათლად გამოჩნდება - "აიაქსი", "ტვენტე", პსვ, "ალკმაარი" და დერბი "ნეიმეგენთან".
- ევროპალიგაზე "ანჟისთან" მარცხი კანონზომიერად მიგაჩნია?
- ცუდად არ გვითამაშია, გვქონდა შანსი და ვერ გამოვიყენეთ. "ანჟიმ" გამოცდილებით, დიდი ფეხბურთელების წყალობით მოგვიგო. "ანჟის" უფრო ეკუთვნოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა.
- ჰოლანდიის ჩემპიონატი კარგი სკოლაა, მაგრამ ალბათ უკეთეს გუნდში გადასვლაზე ფიქრობ...
- "ვიტესი" ისე ვითარდება, რომ ალბათ სხვა ჰოლანდიურ გუნდში გადასვლა არ მომიწევს. სეზონის დასრულების შემდეგ ჰოლანდიიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი მიდის სხვა ქვეყნებში.
- ყველაზე უფრო სად მიგიწევს გული?
- დიდი სურვილი მაქვს, რომ ბუნდესლიგაში ვითამაშო. გერმანიის ჩემპიონატი უმაღლესი დონისაა, ყველა თამაშზე ტრიბუნები სავსეა...
გურამ კაშიას თამამი აზრები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხო ხიზანიშვილი დაბარდა და მაგის შემცვლელი არ გვყავს ნეტა ვინმე?