საქართველოს ნაკრები - თავდამსხმელის არჩევანი არსებობს

AutoSharing Option
მარადიული კითხვა: რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა? 24 ოქტომბერს "ლელოში" ამაზე ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ისაუბრა (იხილეთ ვრცლად).

საუბარი გასწვდა თავდამსხმელის საკითხსაც.

ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენი რესურსი სანაკრებოდ ბოლომდე დახარჯული არ არის. იმათ გარდა, ვინც ამ დროისთვის ფეხმოკიდებულია ნაკრების წინა ხაზში, კიდევ არიან ისეთები, სანაკრებო პოტენციალი რომ გააჩნიათ.

თემურ ქეცბაიამ არაერთხელ დაადგა თვალი მათე ვაწაძეს, თუმცა ამ ცენტრფორვარდს სანაკრებო დონე ჯერაც დასამტკიცებელი აქვს.

Sportall.Ge საამისოდ მას ნაკრებში თამაში სჭირდება და ალბათ ამის დროც მოვა, რადგან არჩევანი
მცირეა და რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ.

ვაწაძე, ასე ვთქვათ, საჯარიმოს ფორვარდია. მეტოქის საჯარიმომდე ჩვენს ნაკრებს ბურთის მიტანა უჭირს და ასეთ სტრატეგიაში ვაწაძე დიდად ეფექტური ვერ იქნება.

ტაქტიკა-სტრატეგია კი შეცვლას რომ საჭიროებს, ალბათ ნაკრების ბოლო მატჩებმაც დაგვანახა. შესაძლოა, ქეცბაია სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მის დაცვით ტენდენციებს ადრე თუ გვიან გაუვა ექსპლუატაციის ვადა - ნაკრები ასე მუდმივად ვერ ითამაშებს, ტანჯვა-წვალებას სილაღე თუ არ მოჰყვა, მას ვერავინ გაუძლებს.

ვაწაძესაც შესაფერისი დრო და ვითარება სჭირდება, რათა ნაკრებისთვის ძალიან აქტუალური გახდეს.

მათემ წლეულს ევროსარბიელზე თამაშითაც დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონეზეც ძალიან საინტერესო თავდამსხმელია. ასეთი კაცი თუ არ დაწინაურდა ნაკრებში, აბა, მაშინ რა მიმართულებას ვირჩევთ?

სჭირდება თუ არა ვაწაძეს მეწყვილე შეტევაში? ეფექტური იქნება თუ არა მისი გამოყენება 4-3-3 სქემაში? ეს უკვე მწვრთნელის შემოქმედებაში შედის. თუ მწვრთნელი შემოქმედია და არა ოცეულის მეთაური, ვაწაძე მისთვის დასაკარგი ფეხბურთელი ვერ იქნება.

Sportall.Geჯაბა დვალის სანაკრებო პერსპექტივაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ის უფრო სპეციფიკური შემტევია, ანუ ისეთი მწვრთნელის გემოვნებაში ჯდება, ვისაც ბურთის გაგორება, კომბინაციური თამაში უყვარს.

აქედან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა, ქეცბაია რამდენად გამოუცხადებს მას ნდობას.

დვალი ეფექტური რომ იყოს, თავისებური პარტნიორებიც სჭირდება. ის შესანიშნავი მეწყვილეა კლასიკური ცხრა ნომრისთვის, დვალი-გელაშვილის დუეტი ხომ მართლაც საუკეთესო იყო საქართველოში.

დვალი "დინამოშიც" ჩაუქია, სეზონის მთავარი ბრძოლები ჯერაც წინაა, მაგრამ იგი რომ "დინამოს" უკვე გამოადგა, ამას წყალი არ გაუვა.

დვალი არ არის მხოლოდ მეორე ფორვარდი, გოლის გატანაშიც მარჯვეა. სანაკრებო დონე სულ სხვა სიმაღლეა, მაგრამ თუ მწვრთნელი არ ენდობა ფეხბურთელს, ინდიკატორი კარგად ვერ იმუშავებს.

დვალმა მიჯრით ერთი-ორი მატჩი თუ არ ითამაშა ნაკრებში, სხვანაირად სანაკრებო ამბიციები როგორ დაამტკიცოს?!

Sportall.Ge19 წლის გიორგი ჭანტურიამ ჯერ "ვიტესის" ძირითადში ვერ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა თავდამსხმელი სხვა ჯერ არ გვყავს.

ჭანტურია შავი სამუშაოს შემსრულებელი არ არის, მაგრამ თუ კონტრშეტევაზე აწყობ თამაშს, ასეთი თავდამსხმელი პირდაპირ მისწრებაა.

ამას წინათ 21-წლამდელთა შორის ამხანაგურ შეხვედრაში საქართველო დანიასთან 0:2 დამარცხდა.

დანიელებმა ჩვენები კი დაჯაბნეს, მაგრამ ისეთი ინდივიდუალისტი, როგორიც ჭანტურიაა, მათ არ ჰყოლიათ.

ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის არგამოყენება ეროვნულ ნაკრებში რას უნდა ნიშნავდეს, ვერ გეტყვით.

ჭანტურიას გარემარბადაც შეუძლია თამაში. კლასიკური ცხრა ნომერი არ არის, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ თავდასხმის ცენტრში ითამაშოს, შუიდანაც დაარბიოს მეტოქის დაცვა.

მოკლედ, აქაც ყველაფერი მწვრთნელის შემოქმედებაზეა დამოკიდებული.

Sportall.Geოთხი წლის წინათ დიღმის მასივში, "ავაზაზე" ვუყურე რაღაც თამაშს, თუ არ ვცდები, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგა იყო.

"ავაზას" ისეთი თავდამსხმელი ჰყავდა, მოედანზე ვინც იყო, ყველას ერთი თავით აღემატებოდა.

გამიკვირდა, რომ ის არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰყავდათ მიწვეული.

ნიკა საბანაძეს გაუჭიანურდა "ავაზაში" ყოფნა. რომ არა ეს, საბანაძე ახლა ალბათ ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდა.

21 წლის საბანაძე მრავალმხრივი თავდამსხმელია.

ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობს და გოლებიც გააქვს, თუმცა მხოლოდ გოლის გატანა არ არის მისი ხელობა - თამაშის გამწვავება, ბურთის შემაგრება და გუნდის ამოყვანაც შეუძლია.

ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში შანსს თუ მისცემენ საბანაძეს, ალბათ, ენა არავის მოუბრუნდება, რომ თქვას, ამას არ იმსახურებსო.

საბანაძემ რამდენჯერმე ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში, ევროტურნირზე "აქტობეს" გაუტანა გოლი, ეროვნულ ჩემპიონატში ეფექტური გოლებით გვაწონებს თავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე ნიკოლოზ გემაშცვილი რატომ არავის ახსოვს?????
geo-otari
19:49 25-10-2012
0
უაზროა ეს საუბრები. რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებ, მასინ როცა მწვრთნელს და ფეღბურთელებს საკუთარი ნაკრების წაგებაზე აქვთ გამაზული.
საქართველოს ნაკრების უპირველესი პრობლემა არის, მწვრთნელი და რამდენიმე ფაღბურთელი, რომლებიც სისტემატიურად ყიდიან თამაშებს
lashamax
21:59 25-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული