ძველი ახალი იდეა: რა სარგებლობა მოაქვს მეორე ნაკრებს?

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის იმედიანი დასაწყისისა და ცუდი გაგრძელების შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ახალგაზრდა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ მეორე ნაკრების ჩამოყალიბების იდეა კვლავ წამოაყენა.

"ჩემი აზრით, მეორე ნაკრების ჩამოყალიბება აუცილებელია. ამაში ვხედავ ეროვნული გუნდის გაძლიერების რესურსს და დროა, ამ თემაზე სერიოზულად დავფიქრდეთ.

ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვლაპარაკობდით მე, ზაზა ზამთარაძე და დათო მუჯირი, რომ მეორე ნაკრებში უნდა მიიწვიონ ყველა ის მოთამაშე, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის ხვალ-ზეგ საინტერესოები გახდებიან.

Sportall.Geრისთვის არის სასურველი მეორე ნაკრები? ფეხბურთელები კონკურენციას იგრძნობენ,
ეროვნულის ხელმძღვანელობა კი საინტერესო მოთამაშეებს დააკვირდება და დიდი ალბათობით, სასურველ მოთამაშეს შეარჩევს.

ჩვენი მოგონილი ხომ არ არის, ასეთი რამ გააკეთეს გერმანიაში, თურქეთში, დანიაში, შვედეთში და შედეგიც აქვთ.

იქნებ კონკურენციაც გაიზარდოს? ჩვენ თუ ვიძახეთ, მეტი ფეხბურთელი არ გვყავსო, არაფერი გამოვა. ერთწლიანი პროექტი გააკეთონ და ვნახოთ, იქნებ ძალიანაც სასარგებლო პროექტი აღმოჩნდეს? საქართველოს ჩემპიონატში კი საინტერესო ფეხბურთელები ნამდვილად არიან: ჯაბა დვალი, რეზო გეწაძე და მათ ერთხელ რატომ არ უნდა მივცეთ შანსი?

შეკრიბონ ეს მეორე ნაკრები და ერთხელ "ბასაზე" ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურად ათამაშონ. იქ თვალნათლივ გამოჩნდება, ვის რა შეუძლია. და თუ იმ მეორე ნაკრებიდან ვინმე ეროვნულში გამოძახებულს აჯობებს, რატომ არ უნდა ათამაშონ?"
- ამბობს კიკნაძე.

ცხადია, საინტერესოა, რას წარმოადგენს მეორე ნაკრები, რომლის ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც წლების წინ რევაზ ძოძუაშვილი ლაპარაკობდა. შემდეგ ეს პროექტი ჯერ იოჰან ბოსკამპმა განახორციელა, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე კანდიდატების ორი გუნდი შეახვედრა და იქიდან რამდენიმე მოთამაშე ეროვნულში დააწინაურა.

მერე იგივე განახორციელა ალენ ჟირესმა, რომელმაც კანდიდატების საჩვენებელი თამაში ავლაბარში, "ოლიმპის" აწ უკვე დანგრეულ სტადიონზე მოაწყო და საინტერესო მოთამაშეები მაშინაც გამოჩნდნენ.

ბოლო მცდელობა ვაჟა ჟვანიას ეკუთვნის, რომელმაც "მიხეილ მესხის" სტადიონზე საქართველო-B ლეგიონერებს დააპირისპირა, მაგრამ ფინანსებისა და ფედერაციის მხრიდან სერიოზული სურვილის არქონის გამო იდეა ვეღარ განვითარდა.

გერმანული პრეცედენტი
მსგავსი პრეცედენტები მართლაც არსებობს და საკმაოდ ქმედითუნარიანი გამოდგა. მაგალითად, გერმანიის მეორე ნაკრები (სხვაგვარად, B-ნაკრები, A2-ნაკრები) 1951 წელს ჩამოყალიბდა და მიზანს (ახალგაზრდა, საინტერესო მოთამაშეების დაწინაურება) მიაღწია.

გუნდმა სულ 69 შეხვედრა ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს 5 მოთამაშე, რომლებიც 1954 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ეს პროექტი 1980 წლამდე გაგრძელდა.

მეორედ B-ნაკრები 1999-2001 წლებში არსებობდა, რადგან გერმანელებმა მტკივნეულად აღიქვეს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხორვატიასთან გამოვარდნა და სელექცია გააძლიერეს. მერე იყო 2002-06 წლის პროექტი. თოთოეულ ამ ნაკრებში თამაშობდნენ შემდგომში ეროვნულ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელები.

ბრიტანული ვარიანტი
ინგლისში მეორე ნაკრების ჩამოყალიბების იდეა თავად ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სახელგანთქმულ უოლტერ უიტერბროტს ეკუთვნის. გუნდმა პირველი შეხვედრა 1947 წლის 21 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა.

მას შემდეგ მეორე ეროვნული შეკრება მთლიანად ინგლისელთა მთავარი მწვრთნელების სურვილზე იყო დამოკიდებული. ალფ რამსეი და დონ რივი იდეით არ დაინტერესდნენ, რონ გრინვუდი და ბობი რობსონი კი კანდიდატებს რეგულარულად ათამაშებდნენ.

რობსონის ამ კრებულიდან რამდენიმემ ეროვნულში ითამაშა, მათ შორის, გიჟმაჟმა ვარსკვლავმა პოლ გასკოინმაც.

რობსონის შემდეგ ინგლისელები გუნდს თითქმის აღარ იწვევდნენ, სვენ-გორან ერიქსონმა და სტივ მაკლარენმა მხოლოდ თითო-თითო შეხვედრა გამართეს, ფაბიო კაპელომ კი პროექტზე უარი განაცხადა.

ანალოგიური გუნდი შოტლანდიელებს 1952-2009 წლებში ჰყავდათ და მას მომავლის ნაკრებს უწოდებდნენ, 2002/03 და 2005/06 წლებში მეორე ნაკრებების ტურნირშიც მონაწილეობდნენ და ბევრი ცნობილი მოთამაშე დააწინაურეს.

სხვები...
არსებობს თურქეთის, შვედეთის, დანიის მეორე ნაკრებები. ეს არ არის მუდმივმოქმედი გუნდი, მაგრამ მაშინ ყალიბდება, თუ ეროვნულ ნაკრებს საკადრო პრობლემები ექმნება. ცნობილია, რომ დანიური "დინამიტი" სწორედ მეორე გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

რუსეთში მეორე ნაკრები პირველად 1994-2003 წლებში არსებობდა. გუნდი 2011 წლის 1 ივლისს აღადგინეს და სწორედ ეს ვარიანტია ჩვენთვის საინტერესო: მისი მიზანი ნაკრებში იმ პერსპექტიული მოთამაშეების გასინჯვა არის, რომლებიც 2018 წელს რუსეთში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულის კანდიდატებად განიხილებიან.

თითოეული ამ პროექტის ამოცანა ამა თუ იმ კონკრეტულ პერიოდში სელექციაში ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ხელშეწყობა იყო და მიზანმა თითქმის ყველგან გაამართლა. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებას კიდევ უფრო აცოცხლებდა.

ცხადია, ჩევნთან მეორე ნაკრების ჩამოყალიბება გაცილებით ძნელია, ვიდრე ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ისეთი საინტერესო და ძლიერი არ არის, როგორც ბუნდესლიგა, ინგლისური, შოტლანდიური და რუსული პრემიერლიგები, თურქული და დანიური სუპერლიგები და მოთამაშეთა არჩევანიც გაცილებით მწირია.

უცხოეთში მოთამაშე ქართველების ჩამოყვანაც ძალიან რთული იქნება, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოძახების გარეშე კლუბები მათ არ გამოუშვებენ.

თუმცა წელიწადში ორჯერ ამ გუნდის შეკრება და საჩვენებელი შეხვედრის ჩატარება ურიგო და შეუძლებელი არ ჩანს. მით უფრო, რომ თემურ ქეცბაია აცხადებს, მიმდინარე შესარჩევი ეტაპი შემდეგი ციკლისთვის გუნდის ჩამოსაყალიბებლად უნდა გამოვიყენოთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიკნაძე რო ფეხბურთის სწავლებას დაგიწყებს კარგით რა, კარგი მწვრთნელი უმუშევარი არ უნდა იჯდეს და აქედან დასკვნა.... იქნებ ნაკრების მწვრთნელობის ამბიცია აქვს?
paata
13:33 02-11-2012
0
ბატონო მერაბ რუსეტმა უკვე დაშალა მეორე ნაკრები
dato
15:43 31-10-2012
0

სიახლეები პოპულარული