ჩვენ და ლატვიელები

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს წლის ბოლო ოფიციალური შეხვედრის წინ ისეთი განწყობა აქვს, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს: საქართველოს ნაკრები კვლავაც წაუგებლად ასპარეზობს და ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია! მართალია, შესარჩევ ციკლში ჯერჯერობით მხოლოდ 3 მატჩი ჩავატარეთ და გადამწყვეტი შეხვედრებიც წინ გველოდება, ჩვენი უპირველესი გუნდის პროგრესს ვერავინ უარყოფს; რაც მთავარია, ბოლოდროინდელი ქრონიკული წარუმატებლობებიდან გამომდინარე შექმნილი პესიმისტური ფონი, ფაქტობრივად, წარსულს ჩაბარდა და ახლა უკვე, მართლაც მივიწყებული ამბიციები ისევ გაგვიჩნდა; ოღონდ, გუშინაც ვთქვით და კვლავაც გავიმეორებთ: იმ ექვსმატჩიანმა წაუგებელმა სერიამ ეიფორიაში არავინ უნდა ჩააგდოს; პირიქით, - ნაკრების
მწვრთნელებსა თუ თითოეული ფეხბურთელს სწორედ ახლა მართებთ მაქსიმალური მონდომებისა და მოტივაციის გამოჩენა. მით უფრო, ისეთ "უხერხულ" მეტოქესთან, როგორიც ლატვიის ნაკრებია...


დაუგავადან... ევროაღიარებამდე

ევროპულ გრანდებს თავი რომ დავანებოთ, თანამედროვე ფეხბურთში არაერთი ისეთი მეტოქეა, რომელთანაც ურთიერთდაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს. საბედნიეროდ, დღევანდელ მეტოქესთან... აბსოლუტურად თანაბარი ბალანსი გაგვაჩნია: აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 2 მატჩი ჩვენ მოვიგეთ, ორი - ლატვიელებმა და ერთიც ფრედ დასრულდა. ეგ კი არა, ბურთების სხვაობაც აბსოლუტურად იდენტური გვაქვს: 8-8! ოღონდ, დღევანდელ მოწინააღმდეგეს ჩვენთან შედარებით სხვა უპირატესობაც აქვს: დღემდე ჩატარებული 2 ოფიციალური მატჩიდან ერთში დაგვამარცხა და მეორედ ფრედ გვეთამაშა, ეს ყველაფერი 11-12 წლის წინათ მოხდა და იმ დროს თუ ვერაფრით ვგუობდით ლატვიელთა ვერდამარცხებას, მერე და მერე ბევრი რამ შეიცვალა; უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დამოკიდებულება... ლატვიური ფეხბურთის მიმართა, - XXI საუკუნის დააწყისიდან აღმავლობის ხანა რომ დაეწყო.

ამ აღმავლობის ლოგიკური ფინალი იყო ის ფაქტიც, რომ სწორედ ლატვიის ნაკრები იყო ის გუნდი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პირველმა ვინც იასპარეზა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე (რაღა თქმა უნდა, რუსეთის გარდა). არადა, საბჭოთა კავშირის დროს ლატვიურ ფეხბურთს და იქაურ გუნდებს ლოკალური მასშტაბის წარმატებები არასდროს ჰქონიათ; ეგ კი არა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ლამის 60-წლიან ისტორიაში მხოლოდ შვიდი თუ რვა შემთხვევა იყო, ლატვიის უძლიერესი გუნდი "დაუგავა" უმაღლეს ლიგაში რომ ასპარეზობდა; ისიც, XX საუკუნის 50-იან წლების ბოლოსა და 60-იანის დასაწყისში, თანაც ყოველგვარი წარმატების გარეშე.

რიგის "დაუგავა" ყურადღების ცენტრში 80-იან წლებშიც მოექცა: ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში პირველი ლიგის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი რომ იყო და მერე, ჩემპიონატის ფინიშზე, კონკურენებთან მოპოვებული უპირატესობას უმოწყალოდ ფლანგავდა-ხოლმე; როგორც კულუარებში ამბობდნენ, ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში, თითქოსდა, შეგნებულად არ გადადიოდა...

იმდროინდელი რიგის "დაუგავას" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კი ალექსანდრ სტარკოვსი გახლდათ, - ლატვიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისი ქვეყნის ფეხბურთის აღმავლობაში.


სტარკოვსის ეპოქა

სტარკოვმა თხუთმეტ წელიწადზე მეტი დაჰყო "დაუგავაში" და ამ ხნის განმავლობაში 300-ზე მეტი მატჩიც ჩაატარა; აღარაფერს ვამბობთ შედეგიანობაზე - "დაუგავას" მაისურით მეტოქეთა კარში 110 გოლი აქვს გატანილი! 1980 წელს საკავშირო პირველი ლიგის საუკეთესო ბომბადირიც გახდა, თუმცა უფრო მაღალ დონეზე (საკავშირო უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ) არ უასპარეზია - მოსკოვის "დინამოში" გარკვეული პერიოდი ირიცხებოდა, მაგრამ ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. სხვათა შორის, 2003 წლის ნოემბერში სტარკოვსმა უეფასაგან სპეციალური პრიზიც მიიღო - როგორც ბოლო 50 წლის განმავლობაში ლატვიის საუკეთესო ფეხბურთელმა!

სტარკოვსმა საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა და მწვრთნელობა ჯერ მშობლიურ "დაუგავაში" დაიწყო (მთავარი მწვრთნელის ასისტენტად), შემდეგ კი თავის ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების გაძღოლა მიანდეს. თუმცა, ამ სპეციალისტმა სახელი მაინც "სკონტოში" მუშაობით გაითქვა. 11 სეზონის განმავლობაში ეს გუნდი თავის ქვეყანაშიც დომინირებდა და ევროპის საკლუბო ტურნირებზეც წლიდან-წლამდე აუმჯობესებდა შედეგებს. პარალელურად, სტარკოვსი ლატვიის ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდა და იმ პერიოდში მოღვაწე უცხოული მწვრთნელების (ინგლისელი - გარი ჯონსონისა და ქართველი - რევაზ ძოძუაშვილის) ასისტენტიც გახლდათ.

2001 წლიდან კი ერთდროულად ორი თანამდებობა შეითავსა: "სკონტოს" გარდა, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო და სწორედ მაშინ მოახდინა ამ პატარა ქვეყანამ ნამდვილი საფეხბურთო სასწაული! ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირდა, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლატვიის ნაკრებმა ქვეჯგუფში II ადგილი რომ დაიკავა და პლე-ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა; ეს უკვე დიდი წარმატება იყო, მაგრამ მთავარი სიურპრიზი წინ იყო: პლეი-ოფის ორრაუნდიან დაპირისპირებაში ლატვიამ... თურქეთს აჯობა! "იმ" თურქეთის ნაკრებს, 2 წლით ადრე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი რომ დაიკავა და ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელებით თავს რომ მოიწონებდა (ჰაქან შუქური, ნიჰათი, ემრე, თუგაი); პირველი მატჩი რიგაში ჩატარდა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით (1:0) დამთავრდა.

ამის მიუხედავად, განმეორებით შეხვედრაში უპირობო ფავორიტებად თურქები მიიჩნეოდნენ და თავდაპირველად, ყველაფერი "ლოგიკური სცენარით" წარიმართა: მატჩის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე ილხან მანშიზისა და ჰაქან შუქურის გოლებით მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა ჯერ ერთი გოლი გაიტანეს (იურის ლაიზანსი), შემდეგ კი ლატვიის ნაკრების იმდროინდელმა საუკეთესო ფეხბურთელმა მარის ვერპაკოვსკისმა ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ევრო-2004-ის ფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.

პორტუგალიის სტადიონებზე ჩატარებულ "ევრო-2004"-ზე ლატვიის ნაკრებს თავი არ შეურცხვენია: ჩეხეთთან მხოლოდ მატჩის მიწურულს გაუშვა გადამწყვეტი გოლი, გერმანიას ფრედ ეთამაშა და მხოლოდ ბოლო შეხვედრაში წააგო დიდი ანგარიშით (0:3) ჰოლანდიასთან. მარიან პახარსი, ანდრეის შტოლცერსი, იგორს სტეპანოვსი, ანდრეის პროხორენკოვსი, მარის ვერპაკოვსკისი, იურის ლაიზანსი, - ყველა ეს ფეხბურთელი სხვადახვა უცხოურ კლუბებში ასპარეზობდნენ; ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი სხვა ლატვიელ ფეხბურთელებზეც გაიზარდა "მოთხოვნა", ისე როგორც... მთავარ მწვრთნელზე - ალექსანდრს სტარკოვსი მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა ლატვიელ სპეციალისტს ამის გამო საკუთარი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე უარის თქმა მოუხდა; სტარკოვსისგან მოსკოვში ბევრს ელოდნენ, კონკრეტულად კი, რუსეთის ჩემპიონატის მოგებას.

სამწუხაროდ, სტარკოვსის მოსკოვური კარიერა წარმატებული ამჯერადაც ვერ გამოდგა: "სპარტაკმა" 2005 წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა; მომავალი სეზონის დასაწყისში კი ლატვიელ სპეციალისტს გუნდიდან წამოსვლა მოუწია: "სპარტაკის" ფანებთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა და, რაც მთავარია, კონფლიქტი მოუვიდა რუსების "სახალხო გუნდის" უპირველეს ვარსკვლავთან დიმიტრი ალენიჩევთან...

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტარკოვსი უმუშევარი გახლდათ, ვიდრე "სკონტოში" არ დაბრუნდებოდა, ოღონდ, ორი სეზონის განმავლობაში სპორტულ დირექტორად მუშაობდა. 2007 წლიდან კი კვლავაც ლატვიის ნაკრები ჩააბარეს, რასაც ამა წლის დასაწყისიდან კიდევ ერთი "შეთავსება" მოჰყვა - პარალელურად "სკონტოს" მთავარი მწვრთნელიც არის.


ძველები და ახლები

ლატვიის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, 6 წლის წინ ევრო 2004-ზე რომ ასპარეზობდნენ: იურის ლაიზანსი, მარის ვერპაკოვსკისი, იგორს სტეპანოვსი, ალექსანდრს კოლინკო, ძინტარს ზირნისი, ანდეის რუბინსი, ვიტალის ასტაფიევსი. ეს უკანასკნელი მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა არა მხოლოდ ლატვიურ, არამედ, საერთოდ თანამედროვე ფეხბურთში: 39 წლის ნახევარმცველს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში 164 შეხვედრა აქვს ჩატარებული! გამოცდილება არც მის სხვა თანაგუნდელებს დაეწუნებათ და საერთოდაც, ევროპაში ბოლო დრომდე ყველაზე ხანდაზმული ნაკრები სწორედ ლატვიელებს ჰყავდათ.
ამის გამოც იყო, რომ სტარკოვმა ნელ-ნელა დაიწყო ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი, თუმცა ყოველივე ეს... შედეგზე აისახა: უკანასკნელი 10 მატჩიდან ლატვიამ მხოლოდ ერთი მოიგო (მალტასთან), 3 ფრედ ითამაშა და 6 წააგო (იმედი დავტოვოთ, რომ ჩვენი მეტოქის წარუმატებელი სერია... დღესაც გაგრძელდება). ახალი თაობის ფეხბურთელთაგან, ალექსანდრს ცაუნია და არტიომ რუდნევსი უნდა აღვნიშნოთ; განსაკუთრებით კი ჩვენი მცველები რუდნევს უნდა უფრთხოდნენ: პოლონურ "ლეხში" მოასპარეზე 22 წლის ფორვარდმა ამ ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ტურინის "იუვენტუსის" კარში 3 გოლი გაიტანა!

არანაკლებ სახიფათო თავდამსხმელია გირტ კარლსონსიც, ამჟამად ბაქოს "ინტერის" ღირსებას რომ იცავს. კარლსონსის შესაძლებლობებში 2 წლის წინ დავრწმუნდით, როცა ლიეპაიას "მეტალურგსის" შემადგენლობაში ასპარეზობდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" შეძლო ლატვის ჩემპიონის დამარცხება. "დინამოს" დღევანდელი თავკაცი შემთხვევით არ გვიხსენებია: სწორედ კახა კაჭარავას, გოჩა ჯამარაულისა და დავით ჯანაშიას გოლებით შევძელით ლატვიელთა დამარცხება დღევანდელ მეტოქეთა სულ პირველ დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ 16-წლის წინ ჩატარებული ამ მატჩის ერთი მონაწილე, დიდი შანსია... დღესაც მოედანზე ვიხილოთ, - ისევ და ისევ, ლატვიური და, საერთოდ, ევროპული ფეხბურთის ვეტერანზე, ვიტალის ასტაფიევზეა საუბარი...

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების მომდევნო დაპირისპირება 1998 წელს შედგა; წლის დასაწყისში, მალტის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით და გოჩა ჯამარაულის "დუბლით" მოვიგეთ (2:1); სამაგიეროდ, იმავე წლის შემოდგომაზე, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რიგაში მინიმალური ანგარიშით (0:1) წავაგეთ. თან, წაგებასაც ხომ გააჩნია: რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე მასპინძლებმა მატჩის დასაწყისშივე შემოგვიტიეს და პირდაპირ კუთხურიდან... კურიოზული გოლიც გაგვიტანეს! იმავე ციკლში თბილისური მატჩი ფრედ დამთავრდა, არადა, შოთა არველაძისა და მიხეილ ყაველაშვილის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ.

დღევანდელი მეტოქეების უკანასკნელი დაპირისპირება კი იმით იყო "ღირშესანიშნავი", რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუს ტომპმიოლერმა ბოლო თბილისური, საერთოდ კი, ბოლოსწინა შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ, ის მატჩი, ფაქტობრივად, უშანსოდ წავაგეთ: შეხვედრის დაწყებიდან ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დრო იყო გასული, სტუმრები 3:0-ს რომ გვიგებდნენ! მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ მეტოქის კარში ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მეტი ვეღარ მოვახერხეთ. არადა, მატჩის გადარჩენის თეორიული შანსი მოგვეცა, მაგრამ 87-ე წუთზე დავით სირაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. სხვათა შორის, 2008 წლის 6 თებერვალს ჩატარებულ ამ შეხვედრაში კლაუს ტოპმიოლერმა გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში კვლავ დააბრუნა გოგიტა გოგუა და ნუკრი რევიშვილი, ხოლო გიორგი ხიდეშელმა და სანდრო კობახიძემ სულაც სადებიუტო მატჩები ჩაატარეს...


ყველა დაპირისპირება

ამხანაგური მატჩი

ლატვია-საქართველო 1:3
26.06.94. რიგა. სკა. 2500 მაყურებელი
0:1 დ. ჯანაშია (10), 1:1 ელისეევსი (60), 1:2 კაჭარავა (69), 1:3 ჯამარაული (76)
ლატვია: რ. ლაიზანსი - ტროიცკი (57. ელისეევსი), ასტაფიევსი, ზემლინსკი, შევლიაკოვსი - სპროგისი, ემელიანოვსი, ივანოვსი, ბლაგონადეჟდინსი - ბაბიჩევსი (70. ფედოტოვსი), დრუპასი.
საქართველო: ზოიძე - ბერაძე, კაციტაძე, ნემსაძე, გ. ჯიშკარიანი - დ. ჯანაშია (85. სეფაშვილი), ინალიშვილი, ჯამარაული, ტუღუში (78. ტყებუჩავა), - ქინქლაძე - კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: გოჩა ჯამარაული
გაფრთხილება: ემელიანოვი - დ. ჯანაშია
არბიტრი: ა. დუბინსკი (ლიტვა)

საერთაშორისო ტურნირი
საქართველო-ლატვია 2:1
06.02.98. ლა-ვალეტა. ტა ქალი. 2000 მაყურებელი
1:0 ჯამარაული (50), 2:0 ჯამარაული (71), 2:1 ბლეიდელისი (85-პენ)
საქართველო: ტოგონიძე - შეყილაძე, კალაძე, შელია, ჩიხრაძე - ქეცბაია (81. ცქიტიშვილი), ნემსაძე (80. კიკნაძე), ჯამარაული (70. სილაგაძე), გახოკიძე - ა. არველაძე (46. ყაველაშვილი), შ. არველაძე (46. ა. იაშვილი).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
ლატვია: რ. ლაიზანსი - ზაკრეშევსკისი, ბლაგონადეჟდინსი, ისაკოვსი (80. პოლიაკოვსი), ლობანოვსი - ბლეიდელისი, ი. ლაიზანსი. რინკუსი (46. ლუკაშევიჩსი), ასტაფიევსი (64. სლესარჩუკი) - პახარსი, ზეიბერლინში.
გაფრთხილება: ცქიტიშვილი, იაშვილი
არბიტრი: ა. მიკალევი (მალტა)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ლატვია-საქართველო 1:0
10.10.98. რიგა. დაუგავა. 4 000 მაყურებელი
1:0 შტოლცერსი (2)
ლატვია: კარავაევსი - ლუკაშევიჩსი, ლობანოვსი, ივანოვსი, ზემლინსკი - ასტაფიევსი (71. ისაკოვსი), შარანდო, ბლეიდელისი (50. ი. ლაიზანსი), ბაბიჩევსი - პახარსი (87. ბულდერსი), შტოლცერსი.
საქართველო: გვარამაძე - კალაძე, შეყილაძე, ნემსაძე, კობიაშვილი - ქეცბაია, ჯამარაული, ქინქლაძე, გახოკიძე (60. დემეტრაძე) - ყაველაშვილი, შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: ყაველაშვილი, ნემსაძე
არბიტრი: კ. კოტა (რუმინეთი)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო-ლატვია 2:2
08.09.99. თბილისი. ეროვნული. 15 000 მაყურებელი
1:0 შ. არველაძე (30), 2:0 ყაველაშვილი (52), 2:1 ბლეიდელისი (62), 2:2 სტეპანოვისი (90)
საქართველო: გვარამაძე - დიდავა, წერეთელი, შეყილაძე, კალაძე - ცქიტიშვილი (70. სიჭინავა), ჯამარაული, ნემსაძე, კობიაშვილი - ყაველაშვილი (75. ა. არველაძე), შ. არველაძე (72. დემეტრაძე).
მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
ლატვია: კოლინკო - ლობანოვსი, ივანოვსი, სტეპანოვსი, ზემლინსკი - ბლეიდელისი, ი. ლაიზანსი (83. ბულდერსი), ისაკოვსი (60. ბაბიჩევსი), რუბინსი - პახარსი, შტოლცერსი (74. შარანდო).
გაფრთხილება: წერეთელი, ნემსაძე, ჯამარაული - პახარსი
გაძევება: წერეთელი
არბიტრი: მ. რადომანი (იუგოსლავია)

ამხანაგური მატჩი
საქართველო-ლატვია 1:3
06.02.08. თბილისი. ეროვნული. 6 000 მაყურებელი
0:1 კარლსონსი (6), 0:2 სტეპანოვსი (16), 0:3 ასტაფიევსი (34), 1:3 კალაძე (47).
87-ე წუთზე სირაძემ ვერ გამოიყენა პენალტი
საქართველო: რევიშვილი - სალუქვაძე, ასათიანი, კალაძე, ელიავა - კანკავა, ხიდეშელი (83. ბ. გოცირიძე) - გოგუა (74. გრიგალაშვილი), ყენია, მჭედლიძე (41. კობახიძე) - სირაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: კახა კალაძე
ლატვია: ვანინსი (46. კოლინკო) - სტეპანოვსი, ასტაფიევსი, გორკშსი, კლავა (90. ზირნისი) - ივანოვსი, ვიშნიაკოვსი (46. ჟიგაევსი), სოლონიცინსი (90. კაჩანოვსი), ცაუნია (46. რუბინსი) - ვერპაკოვსკისი (83. პერეპლიოტკინსი), კარლსონსი (77. რიმკუსი).
გაფრთხილება: ყენია, სალუქვაძე - ვიშნიაკოვსი, გორკშსი.
არბიტრი: ს. შმოლიკი (მოლდოვა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული