ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრებაზე თბილისში ვერ ჩამოვლენ ლვოვის "კარპატის" ქართველი ლეგიონერები - ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.
მათი ჩამოუსვლელობის მიზეზი კი უკრაინული კლუბის თხოვნა გახდა. "კარპატის" ხელმძღვანელები უშუალოდ ესაუბრნენ ნაკრების მწვრთნელებს და ვინაიდან ლვოველებს უკრაინის ჩემპიონატში წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელით, დაუშვილისა და ყენიას გუნდში დარჩენა სთხოვეს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კი მათ ნაცვლად ირაკლი ძარიას ("დინამო", თბილისი) და ზურაბ არზიანს ("დილა", გორი) უხმო.
ნაკრებში გამოძახებულები არიან ვლადიმერ დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი) და თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი").
სავიზო პრობლემების გამო "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება "ორჰუსის" შემტევი - მათე ვაწაძეც. თემურ ქეცბაიამ უკვე გამოიძახა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი - ჯაბა დვალი ("დინამო", თბილისი).
საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრება 12 ნოემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყება.
gbf.ge