დროა, საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობის ნაცვლად ფეხბურთი ითამაშოს...

AutoSharing Option
ბოლო კვირაა, ქართველი ლეგიონერების თავს დამაიმედებელი ამბები ხდება: გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" "ამსტერდამ არენაზე" "აიაქსი" 2:0 დაამარცხა, თუმცა ქართველთაგან მხოლოდ არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ითამაშა.

პოლონური "იაგელონიას" შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძე თავის ყოფილ კლუბს "ვიძევს" ორი გოლი გაუტანა.

ბოლო დროს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მეტად ენდობა და ისიც იმედებს ამართლებს: ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონის "ბენფიკასთან" მშვენივრად ითამაშა, რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, მე-14 ტურის მატჩში კი სტუმრად "კრილია სოვეტოვთან" მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა ულამაზესი
გოლი შეუგდო ბელორუსის ნაკრების მეკარე სერგეი ვერემკოს.

პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტ-გვერდმა "ჩემპიონატ.კომ"-მა ჯანოს გოლი ტურის საუკეთესოებში მეორეზე დაასახელა - პირველზე კი "კრასნოდარის" სენეგალელი ლეგიონერის, მუსა კონატეს მიერ მოსკოვის "დინამოს" კარში გატანილი გასაოცარი გოლი გავიდა.

მერე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, რომელიც ასევე "ჩემპიონატ.კომ"-მა ჩაატარა, ქართველმა პირველობა არავის დაუთმო.

ჯანოს
"წყალი გადაესხა" ლევან ყენიასაც, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი: უკრაინის თასის 1/8-ში ლვოვის "კარპატმა" ხარკოვის "მეტალისტთან" დამატებით დროში სწორედ ქართველი პლეიმეიკერის გოლით გაიმარჯვა (2:1). პრემიერლიგის მე-14 ტურში ლევანმა კრივოი როგის "კრივბასს" პირველი გოლი გაუტანა, მე-40 წუთზე სემირ შტილიჩს საგოლედ უპასა და მეტოქის განადგურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა (6:0).

ქართველს გარჯა უკრაინულმა გამოცემა football.ua-მ დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ზედიზედ მეორე შეხვედრაა, გამაქვს და ეს ძალიან მახარებს. ჯერ ოპტიმალური ფორმა არ აღმიდგენია, მაგრამ მიმაჩნია, რომ 70 პროცენტით მზად ვარ და უკეთ თამაშიც შემიძლია.

ჩემპიონატში შემდეგი შეხვედრა ხარკოვის "მეტალისტთან" გვაქვს და მოდუნება არ შეიძლება. მასაც აქტიურად უნდა შევეწინააღმდეგოთ.

რა განსხვავებაა გერმანიისა და უკრაინის ჩემპიონატებს შორის? ბუნდესლიგაში ოდნავ უფრო სწრაფად თამაშობენ, მაგრამ თამაში აქაც ძნელი და საინტერესოა, უკრაინელი გულშემატკივა
რიც ემოციურია და კარგად გვამხნევებს", - თქვა ყენიამ.

ახლა მთავარზე: სასიხარულოა, ეს ორი ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე და ლევან ყენია, ტურიდან ტურამდე უკეთ გამოიყურება, კარგი თამაშით გამოირჩევა და თავიანთ გუნდებში საკვანძო ფიგურა ხდება.

მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ სანდრო კობახიძეს, თორნიკე ოქრიაშვილს, დავით თარგამაძეს, ნიკა ძალამიძეს.

თითოეული მათგანი შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელია, შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და გამწვავება. ანუ ნახევარდაცვაში შემტევების ნაკლებობა არ არის.

ამავე დროს, არიან ჩამშლელებიც - ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ანუ მეტ-ნაკლებად მაინც არის საშუალება, რომ გუნდის თამაში, შეტევა და დაცვა დაბალანსდეს.

უპირველესად, ეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს გვახარებს. გუნდის მწვრთნელი ტაქტიკას მოთამაშეების მიხედვით არჩევს და არა წინასწარ აკვიატებული იდეებით.

ჯერ ჩვენს ეროვნულ გუნდს მესი და მარადონა არ ჰყავს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებს ნაკრების ტაქტიკის გარდაქმნა და უფრო შემტევი ფეხბურთის ჩვენება შეუძლიათ.

დროც არის, გუნდი ჭიდაობიდან ფეხბურთის თამაშზე გადაეწყოს.

დროც არის, გუნდმა ფეხბურთი ითამაშოს... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ჯაბა დვალი გამოიძახა
ჯაბა კანკავა: რატომ არ გამომიძახეს? ჯერ თემურ ქეცბაიას ჰკითხეთ!
ხიზანიშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გარეშე - ქეცბაიამ ნაკრები გაცხრილა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან იმედისმომცემი სტატიაა. გმადლობთ ავტორო!
Tornike
16:31 08-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული