ქეცბაიას შენიშვნა მართებულია, მან ფაქტით დაასაბუთა საკუთარი პოზიცია. არგუმენტი მართლაც რკინისებრია - საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ჟურნალისტები კი სად არიან ამ დროს?!
ბოლო ორი თამაში საქართველოს ნაკრებს ფინეთსა და ბელორუსში ჰქონდა. ტელევიზიით ორივე თამაშის რეპორტაჟი ვიხილეთ, მაგრამ სანაკრებო პერიპეტიების მიმოხილვისთვის ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მეტიც, ძალიან უხერხულია, როცა ტელევიზორში ნანახი თამაშის მიხედვით წერ სამატჩო რეცენზიას.
ქეცბაიას ესეც შეუძლია თქვას: ამდენს რომ მაკრიტიკებთ და საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებთ, იმის შესაძლებლობა აღარ გაქვთ, რომ ნაკრების საგარეო თამაშებზე იაროთ? თუ ეს არ შეგიძლიათ, აბა, რა ჟურნალისტები ხართ?
ქეცბაიას მხრიდან ეს ჩამჭრელი კითხვები იქნებოდა, ოღონდაც კითხვებს უფრო ჟურნალისტი სვამს, ვიდრე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ქეცბაიამ პრესკონფერენციის ბოლოს აქეთ მკითხა, ფილოსოფიურ სტატიებს რომ წერ, პრესკონფერენციაზე კითხვას რატომ არ სვამო.
აბა, რა გითხრათ. ამდენი წელია, ამ საქმეში ვარ და აქამდე საქართველოს ნაკრების არც ერთი მწვრთნელისგან არ გამეგო, რომ ასეთი კითხვა დაესვას რომელიმე ჟურნალისტისთვის. ქეცბაია მართლაც ყველასგან განსხვავებული მწვრთნელია.
როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ჟურნალისტების ურთიერთობაზე ჩამოვარდება სიტყვა, ძალაუნებურად 1996 წელი მახსენდება, როცა საქართველოს ნაკრებმა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ინგლისი ისტუმრა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, ქართველი და ინგლისელი ჟურნალისტების კითხვებს ალექსანდრე ჩივაძემ და გლენ ჰოდლმა უპასუხეს.
პრესკონფერენცია დასრულდა, მაგრამ ჰოდლს არ დაუსრულებია მუშაობა ჟურნალისტებთან. ინგლისის ნაკრების თავკაცმა თანამემამულე ჟურნალისტები მეორე ოთახში იხმო, მაგიდასთან მოისვა ისინი და დაიწყეს დაბალ ხმაზე საუბარი. ანუ ეს აღარ იყო პრესკონფერენცია, აღარავის ჰქონდა მომარჯვებული არც ბლოკნოტი და არც დიქტოფონი; ეს უკვე არაფორმალური საუბარი იყო ნაკრების მწვრთნელსა და ჟურნალისტებს შორის.
ყველა გონიერმა მწვრთნელმა იცის, რომ რაღაც დონეზე ჟურნალისტებთან არაფორმალური ურთიერთობა საჭიროა, რადგან მასმედია ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ქართულ ჟურნალისტიკაში დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის პარტნიორობას ასე თუ ისე, მაინც ახერხებს. შესაბამისად, ის კარგ საქმეს აკეთებს. ნაკრების მწვრთნელსაც თუ ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან, რა თქმა უნდა, ეს მას აქტივში ეთვლება. ამ ურთიერთობასაც ცოდნა უნდა.
შეცდომა ჟურნალისტებსაც მოგვდის, ამისგან დაზღვეული არავინაა. რაც შეეხება ჟურნალისტურ ეთიკას, ამის დარღვევა უკვე შეცდომა აღარ არის. ამიტომაც ერთხელაც ვიტყვი, რომ "ლელო" ყოველთვის მზადაა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან პარტნიორობისთვის, მასთან ინტერვიუსთვის თუ მისი რედაქციაში მოწვევისთვის.
დაძაბული ფონი კი სასურველი არავისთვის უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ქეცბაიას ფეხბურთი ინგლისშიც უთამაშია და წარმოუდგენელია, რომ მასმედიასთან ურთიერთობას თავი ვერ მოაბას.
რაც შეეხება ფილოსოფიას, ამ მეცნიერებაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ხოლო თუ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო ფილოსოფიაზე ვრცლად ისაუბრებს, დიდი ყურადღებით მოვუსმენთ. ქართველი მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო ფილოსოფიაზე საინტერესო, კომპეტენტურ საუბრებს ნამდვილად მოკლებულნი ვართ.
ჟურნალისტიკა და მისტიკა მხოლოდ რითმაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში ჟურნალისტობა გვარიანად რთული პროფესიაა. უკეთესობა ალბათ აქაც იქნება, მანამდე კი სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]