ძველი ეგვიპტელები აღარ არსებობენ, თუმცა ეგვიპტეს ძალუმად მოსდგამს ოდინდელი იერი და მისი საფეხბურთო ნაკრებიც თავის სტაფით გამართულად მომუშავე დაწესებულებას უნდა წარმოადგენდეს.
ეგვიპტის ნაკრებს დახურული ვარჯიში ჰქონდა, თხუთმეტი წუთი და მერე მარტო დაგვტოვეთო - ასეთი იყო მათი თხოვნა.
ვარჯიშის დაწყების წინ გუნდის ამერიკელი თავკაცი ბობ ბრედლი ჟურნალისტებს გაგვესაუბრა.
- როგორ თამაშს ელით? მეტოქეს, ალბათ, ასე თუ ისე, იცნობთ...
-
- ქართულ ფეხბურთზე, ქართველ ფეხბურთელებზე რა წარმოდგენა, რა ინფორმაცია გაქვთ?
- ვიცი, რომ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გყავდათ, მაგალითად, არველაძე და კალაძე. დღეს ქართველი ფეხბურთელები ევროპის სხვადასხვა ნაწილში არიან მიმოფანტულები. ისეთ დიდ გუნდებში აღარ არიან, როგორებიც "მილანი" და "აიაქსია", თუმცა სადაც არიან, საკმაოდ კარგადაც თამაშობენ. ამას წინათ კანკავას თამაშს ვუყურე ევროპალიგის მატჩში "ნაპოლისთან".
- რა ტაქტიკით აპირებთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს?
- პოზიციები უნდა შევაჯეროთ; გვინდა, რომ ყველა რგოლში დაბალანსებულად გამოვიდეთ. ვიცი, რომ დიდი ჯაფა დაგვაწვება ბურთზე კონტროლის მოსაპოვებლად.
- ეგვიპტის ნაკრები რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა საქართველოში...
- ალი აბუთრიკას აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში ელის მატჩი და ამიტომ არ ჩამოვიყვანეთ; რაც შეეხება მოჰამედ ზიდანს, საემიროებში წავიდა სათამაშოდ, თან ტრავმაც აწუხებს...
- ეგვიპტის ნაკრები სტუმრად გაცილებით უარესად თამაშობს, ვიდრე შინ...
- ახალგაზრდული გუნდი გვყავს და შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილება ჯერ არ ყოფნით ფეხბურთელებს. მოვიწვიეთ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებიც და ვნახოთ, რა როგორ იქნება.
- საქართველოსთან მატჩში თქვენთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაკვირვება?
- ჩვენთვის ეს ტესტია, თუ რამდენად არიან ფეხბურთელები მზად სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქესთან სათამაშოდ, როგორიც საქართველოა, რომელიც ყველა შეხვედრაში ორგანიზებულ გუნდად გამოიყურება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო VS ეგვიპტე - წელი მოგებით უნდა დავხუროთ!
თემურ ქეცბაია: ეგვიპტეს ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს
საქართველოს ნაკრების მეტოქე "ფარაონები" - ყველაზე ტიტულოვანები აფრიკაში