ერთი კვირის ათასი წვრილმანი: სასტარტო მოცემულობები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2012 წელი ეგვიპტესთან ამხანაგური შეხვედრით დახურა, ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ გვითხრა, კმაყოფილი ვარო.

საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტესთან დიდი მონდომებით ითამაშა. ჩვენი უპირველესი გუნდი ქეცბაიას ხელში თანდათან იძენს საკუთარ სახეს. ქართველები შლეგად იბრძვიან და ეს უკვე საქმეა.

ბრძოლა, მაქსიმალური კონცენტრაცია, სრული მობილიზება - ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა ამავე დროს ის საძირკველია, რაზეც გუნდი უნდა დაშენდეს.

სწორი თამაში - თუ წინა კომპონენტს ესეც დაემატება, უკვე დიდი ნაბიჯი იქნება გადაგმული.

შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტესთან ჩვენმა გუნდმა სწორად ითამაშა, რაც მთავ
არია, გოლი არ გაუშვა ისეთი მეტოქისგან, რომელიც ბურთის ფლობასა და ტექნიკაში მნიშვნელოვნად გვჯობნიდა.

იყო ეპიზოდები, როც ქართველები ეგვიპტელებს მისივე ნახევარზე "ახრჩობდნენ", პრესინგს ეთამაშებოდნენ. ქეცბაიამ ეს ხერხიც მოსინჯა, თუ ასეთ დროს მეტოქეს ბურთს აართმევ, ფაქტობრივად უკვე სახიფათო მომენტი გაქვს შექმნილი მის კართან.

ეგვიპტესთან არ უთამაშიათ ლევან ყენიას, ჯანო ანანიძესა და თორნიკე ოქრიაშვილს - ამ სამეულს ბურთის მოთვინიერება ჩინებულად ეხერხება და შესაბამისად ნაკრებსაც უფრო ტექნიკური ფეხბურთის თამაშს შეაძლებინებს.

გასაგებია, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბრძოლა არ არის, მაგრამ აბა გაიხსენეთ ჩვენი ნაკრების ადრეული პერიოდი, როცა გუნდში არაერთი კარგი შემსრულებელი იყო, მაგრამ ნაკრებს ხშირად არ ჰყოფნიდა კონცენტრაცია.

გასახდელში მუხტის შექმნა ყველა მწვრთნელს ერთნაირად არ შეუძლია და რადგან ეგვიპტესთან და ზოგ წინა შეხვედერაში საქართველოს ნაკრებმა მაღალი კონცენტრაციით ითამაშა, ეს ქეცბაიას აქტივში უნდა ჩაეთვალოს.

ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ისიც გვითხრა, მეც მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა უკეთესი ფეხბურთის ითამაშოსო, მაგრამ...

ფეხბურთელის აღზრდის საკითხი უკვე სხვა თემაა. ცხადია, ეს პირდაპირ კავშირშია ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებთან, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთს ნაკრების ხელმძღვანელობა უკვე ვეღარ გააკონტროლებს. აქ, ალბათ, ფეხბურთის ფედერაციას აქვს სამუშაო მეთოდურად.

საქართველოში უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე მეთოდური ცენტრი, ის ადგილი, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელობით ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებს ჩაუტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თუ როგორ, რა მიმართულებით წაიყვანონ მუშაობა მოზარდებთან.

ქართველებმა თუ, მაგალითად, შოტლანდიელებივით დაიწყეს თამაში და ის კარგი თვისებები დაკარგეს, რითაც ჯერ კიდევ აფასებენ ჩვენს ფეხბურთს და ფეხბურთელებს, მერე კარგათ მეყოლეთ.

ყოველივე ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტური აზრი, ამაზე არაერთ სპეციალისტს ულაპარაკია, ასეთ მოდელს ევროპის არაერთ ქვეყანაში იყენებენ, მაგრამ ამას სჭირდება ბევრი ფული: ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე მეთოდური ცენტრი ქვეყნის ყველა რეგიონში, შესაბამისად, არცთუ ცოტა კარგი მეთოდისტი მწვრთნელი, კიდევ ბავშვთა ფეხბურთში მომუშავე ლიცენზირებული და ნიჭიერი მწვრთნელი, კარგი მოედნები...

ყველაფერი ეს თანხებთან არის დაკავშირებული.

* * *
ამასობაში გაჩნდა იმის ნება და სიტუაცია, რომ საქართველოში ხელახლა შეიქმნას პროფესიული ფეხბურთის ლიგა. ასეთია უმაღლესი ლიგის კლუბების სურვილი.

პროფლიგას არაერთი კარგი რამე აქვს, თუნდაც ის, რომ კლუბებს უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ ჩემპოიონატის და თასის გათმაშების ჩატარება. ოღონდაც საკითხავია, ეს პროექტი რამდენად იქნება კომერციული.

უკვე არის ლაპარაკი სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე და თუ საპრიზო ფონდი მსუყე და გარანტირებული იქნება, პროფლიგა ჩინებულ სასტარტო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სახელმწიფოსთან თანამშრომლობა კი ალბათ საგადასახადო შეღავათებსაც უნდა მოიცავდეს. ჯერჯერობით ფეხბურთში მოსაქმე ბიზნესმენს მოედნის მორწყვაზეც კი არ აქვს არანარი შეღავათი.

ერთი სიტყვით, კარგი იმპულსები მოდის. საქართველოში ფეხბურთის განვითარება ყბადაღებული თემა აღარ უნდა იყოს, საკლუბო ფეხბურთი თუ მოღონიერდა, ნაკრებიც კარგ სასტარტო მოცემულობაში აღმოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული