ლობჟანიძე წლობით გამოდიოდა თბილისის "დინამოში", ევროტურნირებზეც გამოუჩენია თავი საიმედო თამაშით. ლობჟანიძეს ერთი სეზონი მოსკოვის ცსკა-შიც უთამაშია. მოკლედ, ფეხბურთში არცთუ ცოტა უნახავს.
ლობჟანიძე ახლა რუსთავში სპორტის სამსახურს ხელმძვანელობს. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, ზოგადად ქართულ ფეხდბურთზე ვესაუბრეთ...
- საქართველოს ამ ნაკრებზე საკუთარი პოზიცია არაერთმა სპეციალისტმა, ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. თქვენ რას გვეტყოდით ყოველივე ამაზე?
- ადრეც ამ აზრზე ვიყავი და
ყოველთვის იქნება თაობათა ცვლა, ჩავარდნები, მაგრამ სწორი და მიზანმიმართული მუშაობა აუცილებლად მოიტანს კარგ შედეგს. არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის ეროვნული ჩემპიონატი ისეთ დღეშია, როგორც ჩვენი და მიუხედავად ამისა, მის ნაკრებს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს.
ასე რომ, ნაკრების წინსვლას ყველანაირმა ფაქტორმა უნდა შეუწყოს ხელი.
რამდენიმე წლის წინათ დავიწყეთ მილიონების ხარჯვა ეროვნული ნაკრებისთვის და ამან შედეგი არ მოგვიტანა, ასეთ გზას გრძელვადიანი პროგრამა ჯობია. დღეს დაახლოებით ამგვარი ვითარებაა: 10 ნიჭიერი ბავშვიდან 14 წლამდე ერთი ნიჭიერი მიდის და ისიც ან ითამაშებს მაღალ დონეზე და ან - არა.
საქმე ისე უნდა წავიყვანოთ, რომ 10 ნიჭიერიდან რვა ნიჭიერი მივიდეს 14 წლის ასაკამდე. ახლა კი, რატომ უნდა მოვთხოვოთ ნაკრებს მაღალი შედეგი, როცა საფეხბურთო მეურნეობა ფაქტობრივად მოშლილია?
უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამა და უნდა მოიძებნოს ისეთი კვალიფიციური კადრი, ვინც ამ პროგრამას უხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, ამ პროგრამის მუშაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც უნდა იყოს ჩართული.
90-იან წლებში საბერძნეთში მომიწია წასვლა, მაშინ იქ თითქმის ყველა გუნდი 3-5-2 სისტემით თამაშობდა, რადგან ასეთი იყო ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა, საბერძნეთის ეროვნული ნაკრებიც იმ დროს ასეთი სქემით თამაშობდა.
- კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ - როგორ ფიქრობთ, ზურაბ ხიზანიშვილმა ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში?
- ყველა თამაშს სტაბილურად ვერავინ ვერ თამაშობს და ყველა ფეხბურთელს ემართება ასეთი რამ - ჯანზე ხარ, არაფერი არ გაწუხებს, მაგრამ ფსიქოლოგიური გადაღლა გემართება, რაც თამაშზეც აისახება.
ვფიქრობ, ხიზანიშვილი უნდა იყოს ნაკრებში. 2-3 გამოცდილი ფეხბურთელი ყოველთვის საჭიროა გუნდში, თუნდაც იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუწიოს კარგი სამსახური.
- გურამ კაშიაზეც გკითხავთ. ეგვიპტესთან მან საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა, მარჯვენა მცველედაც უთამაშია - რა პოზიცია მიგაჩნიათ მისთვის ყველაზე ოპტიმალურად?
- როცა კაშია "ვიტესში" გადავიდა, ჯერ მარჯვენა მცველად გაამწესეს, მაგრამ მერე შეამჩნიეს, რომ ის უფრო ცენტრალური მცველია.
- საქართველოს ნაკრების განაპირა მცველებზე რას იტყოდით, რამდენად პრობლემატურად მიგაჩნიათ ეს პოზიცია?
- საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში ახლა ექსტრა კლასის ფეხბურთელები არ გვყავს და არც გვეყოლება, თუ სწორად არ ვიმუშავებთ. მხოლოდ დღევანდელი დღით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, გლობალურად უნდა მივუდგეთ საკითხს.
ბავშვთა ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, ეროვნული ჩემპიონატი - ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, არაფერი არ გამოვა, 4-5 წელი თუ სწორად განვვითარდებით, მერეღა შეიძლება ფიქრი სერიოზულ წარმატებებზე.
- 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ლატვიამ ითამაშა და მგონი, ლატვიის იმ ნაკრებს ექსტრა კლასის ფეხბურთელები არ ჰყოლია...
- ლატვიამ ამ წარმატებას წლობით გაწეული მუშაობის შედეგად მიაღწია.
- ყველაზე უფრო პრობლემატური მაინც რა მიგაჩნიათ ქართულ ფეხბურთში?
- საქმე თავიდან ბოლომდეა გამოსასწორებელი. თუ ეს არ გავაკეთეთ, შესაძლოა, ამ დონეზე უფრო დაბლა აღმოვჩნდეთ.
დააკვირდით, რა ტემპით მიეწოდებიან ახალაგაზრდა ფეხბურთელები უმაღლესი ლიგის გუნდებს, ისიც სათქმელია, ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს ჯერ საქართველოში რომ არ მიუღწევია არაფრისთვის და უკვე აქეთ-იქეთ დაატარებენ უცხოურ კლუბებში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"