აშკარა... დასაჯერებელი: ბრძოლა გრძელდება!

AutoSharing Option
...სულ ასე იყო: ნებისმიერი შესარჩევი ციკლის დაწყებას არნახული აჟიოტაჟითა და, რაც მთავარია, დიდი იმედით ველოდით; რატომღაც, გვეგონა, რომ "დღეს" თუ არა "ხვალ" მაინც საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირში წარმატებით ისპარეზებდა და ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მიიღებდა. მაგრამ, დრო გადიოდა და... მითი ქართული ფეხბურთის უძლეველობის შესახებ მეტისმეტად სწრაფად "იმსხვრეოდა". თუმცა, ჩვენსას ჯიუტად მაინც არ ვიშლიდით: შესარჩევ ციკლს რომ ჩავაგდებდით, მომდევნოს მაინც იმედით შევცქეროდით. ასე იყო სადებიუტო ციკლის (1994) დროსაც, როცა წარუმატებელი სტარტის (ზედიზედ 2 წაგება) მერე ალექსანდრე ჩივაძის მართლაც ჩინებულმა
გუნდმა შესარჩევი ეტაპი III ადგილზე დაასრულა. ჰოდა, მომდევნო ციკლისთვის, ჩვენ ნაკრებს, არც მეტი, არც ნაკლები... ჯგუფიდან გასვლა "მოვთხოვეთ"! ჰო, მერე რა, რომ ჯგუფში მეტოქეებად ინგლისი და იტალია გვყავდა, ამის მიუხედავადაც "გვჯეროდა", რომ ქართული ფეხბურთი უკვე აღმავლობის ფაზაში იმყოფებოდა და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც, აბა, უჩვენოდ როგორ ჩაივლიდა...

სამწუხაროდ, საფრანგეთის მუნდიალზე და იმის შემდგომ დღემდე ჩატარებული ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე საქართველოს ნაკრებს არ უასპარეზია; მიზეზი მარტივია: ჩვენი უპირველესი გუნდი შესარჩევ ტურნირში, ფაქტობრივად, მხოლოდ მონაწილეობდა! აბა, სხვა რა სახელი უნდა მოეძებნოს იმ ფაქტს, როცა სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ჩვენთვის ნებისმიერი შესარჩევი ციკლი, ფაქტობრივად, 2-3 თამაშის მერე მთავრდებოდა...

სამაგიეროდ, აი, ამის შემდეგ იწყებოდა, თუ იწყებოდა: ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი, მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა და აქედან გამომდინარე, ძირითადი შემადგენლობის მკვეთრი გადახალისება, ბევრისთვის გაურკვეველი სელექცია და ასე შემდეგ. ეგ კი არა, თქვენ წარმოიდგინეთ, "ზემოდან" წამოსული სლოგანიც კი არ გვშველოდა; უფრო ზუსტად, ერთ-ერთმა სლოგანმა ("ჩვენ ერთი გუნდი ვართ") ხომ... ფარერებთან მატჩიც მოგვაგებინა! ამას გარდა, არაფერი მოიტანა უცხოელი მწვრთნელების მოწვევამაც: სხვადასხვა დროს მომუშავე იოჰან ბოსკამპის, ივო შუშაკის, ალენ ჟირესის, კლაუს ტომპიოლერისა და ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებს ერთეული გამონათებები თუ ჰქონდათ-ხოლმე. ბოლოს კი, რეალობასაც თვალი გავუსწორეთ; უფრო ზუსტად, მივხვდით, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლდა. საერთაშორისო დონეს რომ შეესაბამება, ისეთი ფეხბურთელების კატასტროფულ დეფიციტს თავი რომ დავანებოთ, "უცბად" აღმოვაჩინეთ ერთდროულად რამდენიმე პრობლემა! "რამდენიმე", კიდევ რბილად ნათქვამია, თორემ როცა ეროვნულ ნაკრებს საკუთარი საწვრთნელი ბაზა არ გააჩნია, როცა ქვეყანაში ერთი (!) ხეირიანი მოედანი არ არსებობს (მშრალი ამინდია - გაზონს ბუღი ასდის, წვიმაა და - იქაურობა ატალახებულია და ბურთის გაგორება შეუძლებელია), როცა ადგილობრივი ჩემპიონატის დონე წლიდან-წლამდე ქვემოთ და ქვემოთ მიდის და ასე შემდეგ. და აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, სასიამოვნოზე სასიამოვნო მოულოდნელობაც მოხდა: საქართველოს ნაკრები... ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს!


არწაგებაც ვისწავლეთ

სამი დღის წინ იყო, საქართველოს ნაკრების მართლაც "უჩვეულო სახეცვლილებაზე" რომ ვსაუბრობდით; საბედნიეროდ, ლატვიასთან ჩატარებულმა შეხვედრამ ეს განწყობა კვლავაც ვერ გააქრო: პირველად თავის არსებობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრებმა წელიწადი წაუგებლად დაასრულა! არადა, შესაძლოა, სხვა გუნდებისათვის იყოს ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ამდენი ქრონიკული წარუმატებლობის ფონზე, მიღწევაზე მეტად გვეჩვენება, ერთი შეხედვით, მოკრძალებული შედეგი: 7 მატჩიდან 2 გამარჯვება და 5 ფრე! არა უშავს, მალე, ალბათ, ამ "საყაიმო სინდრომიდანაც" გავთავისუფლდებით; თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ შესარჩევ ტურნირს ჩვენთვის აზრი 3-4 მატჩის მერე კი არ დაეკარგა, პირიქით - გადამწყვეტი მნიშვნელობა შეეძინა. ბოლოს და ბოლოს, 7 შეხვედრა რომ ვახსენეთ, აქედან 4 ხომ ოფიციალური იყო? აბა, გაიხსენეთ: 4 ოფიციალური მატჩი წაუგებლად როდის ჩავატარეთ?

ეგ კი არა, ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ გვქონდა, ისიც ყველაზე წარმატებულ, სადებიუტო ციკლში (1994-96); იმ ციკლში ჩვენმა ნაკრებმა საუკეთესო შედეგი უჩვენა (III ადგილი) და ყოველივე ეს, სხვებთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, თემურ ქეცბაიას უდიდესი დამსახურებაც იყო. არ გვინდა წარსულის დეტალებს ჩავუღრმავდეთ, მაგრამ, რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ ოპტიმალური შემადგენლობით იმავე სადებიუტო ციკლის სადებიუტო შეხვედრაში მოლდოვასთან არ წავაგებდით. ჰო, ძალიან ძველი ამბავია, მაგრამ დღესაც გული გვწყდება, ის შეხვედრა თემურ ქეცბაიამ რომ გამოტოვა - მაშინდელი ოფიციალური ვერსიით, კვიპროსული "ანორთოსისიდან" ბერძნულ აეკ-ში გადასულ ქართველ ნახევარმცველს ტრავმა ჰქონია...

ქეცბაიას საფეხბურთო კარიერაზე ახალი რა უნდა ვთქვათ: თბილისის "დინამოშიც", კვიპროსშიც, საბერძნეთშიც, ინგლისშიც, შოტლანდიაშიც და ისევ კვიპროსში, თავის მაღალ კლასს ლამის ორი ათეული წლის განმავლობაში ამტკიცებდა; აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ნაკრებზე - ასევე წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და სულაც, ჩვენი უპირველესი გუნდის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ! მერე, მწვრთნელობა რომ დაიწყო, აქედან, შორიდან ვქომაგობდით მის "ანორთოსისს": კვიპროსში რაც მოსაგები იყო, ყველაფერი მოიგო!

მერე, ეს მოკრძალებული გუნდი ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და იქაც ღირსეულზე მეტი რომ ჰქვია, ისე იასპარეზა! "ანორთოსისს" ბევრად უფრო მაღალი დონე მოყვა; თუმცა დღესაც უცნაურად და, უფრო მეტიც, სასაცილოდ მოჩანს "ოლიმპიაკოსის" ოდიოზური პრეზიდენტის გადაწყვეტილება: თემურ ქეცბაია ამ ბერძნული გრანდიდან ისე წამოვიდა, არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ წაუგია! მაგრამ, სამაგიეროდ, ქართველ მწვრთნელს მალე სხვა გამოწვევა ელოდა: თავისი ქვეყნის ნაკრების გაძღოლა! ჰოდა, ფაქტიც სახეზეა: თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შვიდი წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა, მსგავსი შედეგი კი ჩვენი უპირველესი გუნდის 20-წლიან ისტორიაში არავის ჰქონია!..


ბოლო წუთების ფაქტორი

ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში და წინა კვირას მალტასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების მომტანი გოლები მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაიტანა. სამწუხაროდ, მოვლენების მსგავსი განვითარებით ჩვენი ნაკრების ისტორიაში განებივრებულნი ნამდვილად არ ვყოფილვართ; სამაგიეროდ, არაერთხელ მომხდარა, როცა სწორედ შეხვედრის ბოლო წუთებზე გაგვიშვია დასანანი გოლი და ამით ან გამარჯვება გაგვიშვია ხელიდან, ან კიდევ უფრო უარესი - მატჩიც წაგვიგია.

ახლაც, ლატვიასთან შეხვედრაში, ფაქტობრივად, წამები გვაშორებდა სამ ქულას, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების კონცენტრაციის დაკარგვამ და ერთდროულად სამი-ოთხი (!) მოთამაშის მიერ პოზიციის არასწორად შერჩევამ ის გამოიწვია, რომ მასპინძელთა ენერგიული შემტევი ალექსანდრს ცაუნია, ფაქტობრივად, მარტოდმარტო დარჩა ჩვენ საჯარიმოში და ანგარიშის გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა! სხვათა შორის, ამ ეპიზოდში ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგიც ჩავარდა, ცენტრალურ მცველებსაც არასწორი პოზიცია ეკავათ და დაზღვევითაც ვეღარავინ დააზღვია; თუმცა, ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენი ნაკრების უკანახაზელთა თამაშში პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე - ნეგატივი; ყოველ შემთხვევაში, ამ რგოლში იმდენი პრობლემები არა გვაქვს, რამდენიც - წინა ხაზში. ოღონდ, ეს ბევრად გლობალური პრობლემაა და, ალბათ, ცალკე საუბრის თემაც არის, მაგრამ იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ჩვენ ნაკრებს აშკარად აკლია "ბოლო პასის" მიმცემი და მეტოქის ნახევარზე თამაშის გამამწვავებელი ფეხბურთელი...

...ცაუნიას მიერ ბოლო წუთზე გატანილ გოლს კიდევ დიდხანს გავიხსენებთ ხოლმე; თუმცა, როგორც უკვე ავნიშნეთ, ადრეც არაერთხელ გაგვიშვია ესოდენ დასანანი გოლი სწორედ ბოლო წუთებსა თუ წამებზე. სწორედ ასეთი მატჩები გვინდა გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების ისტორიაში მართლაც არაერთი რომ იყო...

პირველი იმედგაცრუება შორეულ 1992 წელს გვქონდა, როცა სტუმრად ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში მასპინძელმა არუნას მიკამ ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე გაგვიტანა; 4 წლის შემდეგ, საბერძენთან ამხანაგურ მატჩში თამაშს ჩვენ ვიგებდით, მაგრამ აეკ-ში თემურ ქეცბაიას თანაგუნდელმა დენის ნიკოლაიდისმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წუთებზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური... თემურ ქეცბაიას ეკეთა! იმავე, 1996 წლის შემოდგომაზე, ნორვეგიასთან გასვლით შეხვედრაში მატჩის მიწურულს მასპინძელმა სტალე სოლბაკენმა პენალტით ერთადერთი გოლი გაგვიტანა - იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილმა...

...1999 წლის 5 მაისი იყო, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბერძნებს რომ მასპინძლობდა; მეორე ტაიმში ანგარიში თემურ ქეცბაიამ გახსნა, მაგრამ შეხვედრის ბოლო 4 წუთში... 2 გოლი გავუშვით და მეტად დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. უიღბლობა იმავე წლის სხვა შეხვედრაშიც გველოდა: ლატვიელებმა მაშინაც ბოლო წამებზე შეძლეს თამაშის გადარჩენა, არადა შოთა არველაძისა და მიხეილ ყაველაშვილის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ იმანტას ბლეიდელისმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ბოლო წამებზე კი იგორს სტეპანოვსმა მეორე გოლიც გაიტანა.

2001 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე იაშვილის გოლით სტუმრად რუმინეთს ვამარცხებდით, მაგრამ მასპინძელთა ცნობილმა ვეტერანმა ჯიკა პოპესკუმ ასევე ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ერთი წლის შემდეგ ასევე მატჩის მიწურულს დავმარცხდით უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში: პირველ ტაიმში ანგარიში სერგეი რებროვმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ლადო ბურდულმა მართლაც იშვიათი სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ანატოლი ტიმოშჩუკის ზუსტ დარტყმას ვერაფერი მოვუხერხეთ. დაახლოებით, ანალოგიური სიტუაცია იყო 2003 წლის 29 მარტსაც, როცა თბილისში ირლანდიას ვმასპინძლობდით: დემიენ დაფის გოლს მეორე ტაიმში ლევან კობიაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმა მოყვა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს გარი დოჰერტიმ ჩვენი იმედები დაასამარა. იგივე დაგვემართა მეორე ბრიტანულ გუნდთანაც: 2007 წლის 24 მარტს შოტლანდიელებთან მატჩის ფრედ დამთავრებას არაფერი უკლდა, მაგრამ საყაიმო შედეგი მაინც ვერ შევინარჩუნეთ და ასევე ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დავმარცხდით.

აქვე, ისეთი მატჩებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ერთბურთიანი სხვაობით რომ ვმარცხდებოდით და შეხვედრის ბოლომდე შეხვედრის გადარჩენის შანსს ვინარჩუნებდით, მაგრამ სწორედ უკანასკნელ წუთებზე ვუშვებდით-ხოლმე მეტად დასანან გოლებს; რაღა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, "უემბლიზე" ჩატარებული მატჩი გვახსენდება; 1997 წლის 30 აპრილს, ინგლისთან მინიმალური სხვაობით ვაგებდით და დევიდ სიმენის კართან არაერთი სახიფათო მომენტიც შევქმენით: გოჩა გოგრიჭიანმა თითქმის ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა, კახა ცხადაძის დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა და ასე შემდეგ; სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს, ალან შირერმა "თავისუფალი დარტყმით" მეორე გოლიც გაგვიტანა და იმ, მართლაც არწასაგებ შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობით დავმარცხდით...

2000 წლის 11 ოქტომბრის მატჩიც არ დაგვავიწყდეს - ანკონაში, შვედი მსაჯის ნილსონის ტენდენციურობის "ნიმუშად" რომ იქცა: იტალიელთა ლიდერმა ფრანჩესკო ტოტიმ ჯერ მეორე ტაიმის დასაწყისში, შემდეგ კი მატჩის მიწურულს ორჯერ "გააფორმა" და ორივეჯერ პენალტით დაგვასაჩუქრეს. იტალიელებთან მსგავსი სცენარით კიდევ ერთი მატჩი გვაქვს ჩატარებული: 2008 წლის 10 სექტემბერს უდინეში, მატჩის ბოლომდე "საპატიო", ერთბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით, ვიდრე დე როსიმ იმ შეხვედრაში თავისი მეორე გოლი არ გაგვიტანა.

...ასეა - იღბალი დღეს რომ შენ მხარეს არის, ხვალ მეტოქეს გაუღიმებს; ფაქტი ის არის, რომ თამაში მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება და სწორედ ბოლო წუთებზე მოეთხოვებათ მწვრთნელ-ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციის გამოვლენა. ფეხბურთელების, რაღა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ არანაკლები მობილიზება-კონცენტრაცია... მწვრთნელებსაც მოეთხოვებათ; ბოლოს და ბოლოს, მატჩის გადასარჩენად თუ პირიქით, სასურველი ანგარიშის შესანარჩუნებლად, ყველანაირად გამართლებული შეცვლები რომ უნდა განახორციელონ...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული