რას ფიქრობენ ვეტერანები? მკვდარი ნაკრები ნამდვილ გუნდს ემსგავსება...

AutoSharing Option
რას ფიქრობენ თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ვეტერანები საქართველოს ნაკრების თამაშზე, რა შეიცვალა თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ და რა პოზიციებზე სჭირდებათ "ჯვაროსნებს" გაძლიერება? ამის შესახებ რამდენიმე ვეტერანს გავესაუბრეთ...


მურთაზ ხურცილავა: ხომ ვამბობდი, ქართველი გვჭირდება-მეთქი?!

- დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი სჭირდებოდა. ეს თემურ ქეცბაიამ დაამტკიცა - ჩვენს გუნდს გასაღებს ქართველი უფრო მოუძებნიდა, რადგან თავისებური ხალხი ვართ და ჩემოდანზე შემჯდარი მწვრთნელი, რომლისთვისაც საქართველო და მისი ფეხბურთი არაფერს ნიშნავს, ვერაფერს მიაღწევს. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ქეცბაიათი, რადგან
კარგად მუშაობს. ოთხი წლის წინ ტოპმიოლერის ნაცვლად ქართველი რომ დაენიშნათ, ამ დროს არ დავკარგავდით და თემურს მუშაობის ნულიდან დაწყება არ მოუხდებოდა. ნაკრებმა ციკლი საკმაოდ კარგად დაიწყო და ეს მწვრთნელთა შტაბისა და ფედერაციის დამსახურებაა, რადგან ეროვნულ გუნდს ასეთი პრიობები არასროს არ ჰქონია.

- თქვენი აზრით, უცხოელმა სპეციალისტებმა რატომ ვერ გაამართლეს? ვერავინ იტყვის, რომ კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ კუპერი დაბალი დონის მწვრთნელები არიან...
- ამას სულელი თუ იტყვის, მაგრამ თუ არ იცნობ იქაურ ფეხბურთში არსებულ ნიუანსებს, ხალხის მენტალიტეტს, ქვეყანას და მასზე გული არ შეგტკივა, შედეგს ვერ მიაღწევ. წავიდა ორივე და რა დაგვრჩა? გაპარტახებული ნაკრები, რომლის თავიდან აწყობაც ისევ ქართველს უწევს და საბედნიეროდ, ამის უნარი თემურს აღმოაჩნდა. ამიტომაა, ქეცბაიას ხელმძღვანელობით გამართულ ყოველ შეხვედრაში პროგრესი იგრძნობა.

მეორე ის ფაქტორია, რომ კუპერი და ტოპმიოლერი მილიონებად შეფასებული ფეხბურთელების დამატებას იყვნენ შეჩვეულები, საქართველოს ნაკრებში კი სერიოზული სამუშაო იყო ჩასატარებელი, ჩვენი რესურსით ფონს რომ გავსულიყავით. მათთვის ეს უცხო სპეციფიკა იყო.

- თქვენი აზრით, რომელ პოზიციებზე სჭირდება ნაკრებს გაძლიერება?
- ეს ყველაზე უკეთ თემურმა იცის, მაგრამ კარგი შემსრულებლები ყველა პოზიციაზე გვჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ პასის გაკეთება ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს. ეროვნული ჩემპიონატის დონე არც ისე სასურველია. შესაძლოა, კლუბში კარგად ითამაშო, მაგრამ ეს ნაკრებისთვის საკმარისი არ იყოს, აქ სხვა აზროვნება, ტექნიკა და სისწრაფეა საჭირო. ქეცბაია და მისი გუნდი ფეხბურთელებს ეძებენ, კარგად მუშაობენ და ხელი უნდა შევუწყოთ.


თენგიზ სულაქველიძე: შეტევის წამოწყება და იერიშის დაგვირგვინება გვიჭირს...

- ჩემი აზრით, რომ შესარჩევ ციკლში ჩატარებული შეხვედრებიდან, საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო ფეხბურთი სწორედ ლატვიაში აჩვენა. გულს ის მიხარებს, რომ ბოლოს და ბოლოს ბრძოლისუნარიანი, შეუპოვარი ქართველი ბიჭები ვიხილე. რაც შეუძლიათ, ინდომებენ და მეტოქეს თავს აკლავენ. ასეთი გულიანი ნაკრები რომ დამარცხდეს, ენა მაინც არ შემომიტრიალდება. რომ არ იბრძვის და აგებს, ასეთი გუნდი გულს მიკლავდა და ყველას კარგად გვახსოვს, რა საშინელი სანახავი იყო. მართალია, მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ გული დამწყდა, მხოლოდ ქულა რომ წამოვიღეთ, რადგან მოსაგები თამაში გვქონდა. ესეც მახარებს, ბოლო წლებში ხომ გასვლაზე ლატვიასთან კი არა, ყველაზე სუსტ გუნდებთანაც ვშიშობდით, ოღონდ არ წაგვევეგო და სირცხვილი არ გვეჭამა. საერთოდ, მსგავსი დასაწყისი საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰქონია - პირველი ოთხი ტურის შემდეგ ერთი-ორი წაგება და უშანსოდ დარჩენა ლამის ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არ შეიძლება, თემურს ეს არ დავუფასოთ. ქეცბაია როგორი ჯიგრიანი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე გუნდს აყალიბებს.

- თქვენი აზრით, ნაკრებს გაძლიერება რომელ პოზიციებზე სჭირდება?
- შეტევის წამოწყება და იერიშის დაგვირგვინება გვიჭირს, დროული და მწვავე გადაცემაც პრობლემურია და ამიტომაც ვამბობ, რომ თემურმა ამ ნაკრებიდან შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოწურა. თემურმა რისკით გამაოცა. ცნობილია, რომ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან. მან კი მალტის შემდეგ ძირითადში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დააყენა. გუნდს საკუთარი ხელწერა გააჩნია და თუ ასე გააგრძელებს, კიდევ ბევრ ქულას მოვიპოვებთ. გაძლიერება არც ერთ პოზიციაზე არ გვაწყენდა, მაგრამ ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის და მათი მეიმედება. სხვათა შორის, ძალიან მომეწონა დაუშვილი. არც ერთ გამოცდილ ფეხბურთელზე ნაკლებად არ გამოიყურებოდა, ლატვიელებს შეტევებში ხელს კარგად უშლიდა, სწრაფად ამოჰქონდა ბურთი და იერიშებსაც სწრაფად იწყებდა, თამაშს ფლანგებზე მშვენივრად შლიდა, მეორე ტაიმში კარში ორჯერ სახიფათოდაც დაარტყა და ლამის ყველა სახიფათო მომენტში მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, წელიწადნახევარში კიდევ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდება და ბევრად უკეთესი ნაკრებიც გვეყოლება.


მურთაზ შელია: პირველად ვნახე, ფრე რომ ეწყინათ

- დასანანი ორი ქულა დავკარგეთ. ბოლო მომენტში კონცენტრაცია ვერ შევინარჩუნეთ და ძალზე საწყენი გოლი გავუშვით. თუმცა საერთო შთაბეჭდილება საკმაოდ კარგია. მიხარია, რომ მკვდარი ნაკრები ნამდვილ გუნდს ემსგავსება. ლატვია ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და ეს ყველამ იცის, ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით ვერავინ გავა. მე ვიყავი რიგაში, მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავედი და ყველაზე მეტად გამიკვირდა და გამიხარდა ის, რომ ბიჭებმა ფრეც ლამის ტრაგედიად გადააქციეს. არადა, მშვენივრად გვახსოვს არც ისე დიდი ხნის წინანდელი ამბები - რეაქცია წაგებაზეც არ ჰქონდათ. ყოჩაღ თემურს, ფეხბურთელები ასე რომ შემოატრიალა და განაწყო! ნაკრებში თავადაც მითამაშია და ვიცი, ეს თითქმის შეუძლებელია. პროგრესი უკვე იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ქეცბაიას ხელში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. წინა ციკლის ფონზე, ნაკრები ისედაც უკეთ გამოიყურება. მაშინ ჯგუფში სულ 3 ქულა დავაგროვეთ, ახლა კი ოთხ შეხვედრაში ორჯერ მეტი, 6 ქულა გვაქვს და ლიდერებშიც გავერიეთ! ბოლოს და ბოლოს, იგივე მალტა და ლატვია არ იყვნენ, ბოლო წელიწადნახევარში რომ გაგვათახსირეს? ლუქსემბურგისა და ფარერების დონზე ვიყავით და ფაქტობრივად, ნაკრები არც გვყავდა. ხალხს ფეხბურთი შეზიზღდა და სტადიონისკენ გახედვა არ სურდა. ახლა კი მალტასთან 40 ათასი კაცი მოვიდა, ეს პატარა ამბავი არაა. ქეცბაიას საქმიანობის საუკეთესო შემფასებელი გულშემატკივარია, მას ვერავინ მოატყუებს და აშკარაა, რომ ფეხბურთისკენ შემოტრიალდა. ამ ყველაფერს თემურისთან მეგობრობა არ მალაპარაკებს. უბრალოდ, მისი მუშაობის დაუნახაობა უმადურობა იქნება. ბოლოს და ბოლოს, ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით 7 თამაში არ წაუგია, მაშინ, როცა ეს უკეთესი შემადგენლობითაც ვერ ხერხდებოდა. მე პირადად, ნაკრებში პერსპექტივა დავინახე. მთავარია, ქეცბაიას არარეალური შედეგი არ მოვთხოვოთ, მუშაობა ვაცალოთ და დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა პროგრესი გამოჩნდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კარგი ბავშვები მოდიან - ყენია გამოჯანმრთელდება, მჭედლიძე ჩამოვა... რაღა შორს წავიდე - დაუშვილის მაგალითი ავიღოთ. მე ეს ბიჭი ძალიან მომეწონა, "ბულდოგივით" დაგეშილი იყო და ბოლო წუთებამდე გულიანად იბრძოდა. ცოტა ძნელი წარმოსადგენი კი იყო, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრები ასეთ შევსებას მიიღებდა, მაგრამ თურმე, შეუძლებელი არაფერია.


ვახტანგ კოპალეიშვილი: შედეგს მწვრთნელის წესიერება განაპირობებს

- ჩემთვის ყველაზე მთავარი - ფეხბურთელთა შემართება და დიდი მონდომება აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ წამიერად მოვდუნდით და ამ შეცდომამ დამსახურებული გამარჯვება ხელიდან გამოგვგლიჯა. თუმცა, საერთო ჯამში, სათამაშო უპირატესობას ვფლობდით და ლატვიელებს ვჯობდით. არავინ თქვას, რომ ბალტიისპირელებმა ტერიტორია შეგნებულად დათმეს, ისინი შინ აგრესიულობით გამოირჩევიან, მაგრამ ახლა ასეთი თამაში ჩვენების დამაჯერებლობის გამო ვერ მოახერხეს. როცა ტექნიკური მოწინააღმდეგე თავდაჯერებულიცაა, ათლეტური სტილის ნაკრებების შემართება უცებ ქრება. ვუყურებდი ნაკრებს და პარალელს ადრე ჩატარებულ შეხვედრებთან ვავლებდი. იმავე კამერუნთან, მოლდოვასთან, საბერძნეთთან, ისრაელთან, მალტასთან და პროგრესი თვალსაჩინოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ ნაკრებში, სადაც ფეხბურთელთა უმრავლესობა ლეგიონერია, ერთ-ერთი საუკეთესო - ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ბუბა დაუშვილი იყო. გამოდის, ფეხბურთელების გაზრდა აქაც ყოფილა შესაძლებელი. დაუშვილი ჩვენს ნახევარდაცვას მობილურობას ანიჭებდა, კარგად ახერხებდა ბურთის დროულ ამოტანას, შეტევის მიმართულების სწრაფად შეცვლას და ასე შემდეგ... სწორი ორგანიზაცია და ტაქტიკა ბევრს იგებს და თემური ამას ახერხებს. ის გუნდს სწორად ათამაშებს. ვგულისხმობ თუნდაც ფეხბურთელთა იმ პოზიციებზე გამწესებას, საიდანაც მათ მეტი სარგებელი მოაქვთ. ეს მწვრთნელის სწორ აზროვნებასა და გემოვნებაზე მეტყველებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისიც, მწვრთნელი ქართველია. ეს არ არის ნიუანსი, ეს სერიოზული პლუსია - გუნდს, ქვეყანასა და ხალხს რომ იცნობ, ბევრად წინ ხარ და უკეთეს სასტარტო პოზიციაში იმყოფები, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი სპეციალისტიც კი, რომელსაც ვითარებაში გასარკევად გარკვეული დრო სჭირდება. თორემ ვერავინ იტყვის, რომ ტოპმიოლერი და კუპერი ცუდი მწვრთნელები არიან. ქეცბაიამ უცხოელებზე უკეთ იცის, რა სჭირს ნაკრებს, სადაც ჯერ კიდევ თამაშობენ მისი ყოფილი თანაგუნდელები. ვერ გამოაპარებ იმ მნიშვნელოვან ნიუანსებს, რასაც უცხოელი ყურადღებას არ და ვერ მიაქცევს, მაგრამ გუნდის მშენებლობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სხვათა შორის, დიდ ნოდარ ახალკაცს აქვს ნათქვამი - ჩვენ უფრო გავუგებთ ერთმანეთს, ვიდრე ჩემოდნებზე შემჯდარი რუსიო და მართალიც იყო - ცხადია, რუსში ზოგადად უცხოელს გულისხმობდა. გავრილ კაჩალინი და მიხეილ იაკუშინი ჩინებული სპეციალისტები იყვენ, საკმაო წარმატებითაც იმუშავეს, მაგრამ მაინც ჩემოდნებზე იჯდნენ და ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელი დღე ნაკლებად ადარდებდათ. ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის პიროვნული თვისებებიც - თემური ობიექტური, წესიერი კაცია და სამწვრთნელო საქმეში ეს ძალიან ფასობს. მისი მიდგომა გუნდს შემადგენლობის შერჩევის მხრივაც დაეტყო, ფეხბურთელებს ობიექტურად არჩევს...

- თქვენი აზრით, რომელი პოზიცია საჭიროებს გაძლიერებას?
- ნახევარდაცვა, სადაც შეტევის ფაზაში მოვიკოჭლებთ და ფლანგები, სადაც მეტი გამწვავებაა საჭირო. ასათიანი დაცვაში დიდი ძალაა და თუკი მისი შემცვლელი ცენტრალური მცველი გამოჩნდება, მალხაზის შეტევაში გამოყენება შეიძლება. თუმცა გუნდის შენება დაცვიდან იწყება და ის ფაქტი, რომ შვიდ შეხვედრაში 3 გოლი გავუშვით, სწორედ დაცვის საიმედოობაზე მეტყველებს. ასე რომ, ქეცბაიასი მესმის, როცა ასათიანს წინ არ აყენებს. არჩევანიც არის - ლატვიაში ძირითადში სალუქვაძე და გოგუა არ გვყავდა, რუსეთის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი სკამზე რომ გყავს, ეს პატარა რესურსი არ არის. დისკვალიფიცირებული იყო ხიზანიშვილიც. ლატვიელებმა კი გუნდი უმთავრესად დაბალი დივიზიონის კლუბებიდან და საკუთარი პირველობიდან დააკომპლექტეს - განსხვავება თვალშისაცემია. ასე რომ, ნაკრების პერსპექტივას ვხედავ და მგონია, ქართველები ფეხბურთში უნიჭოები არ ვართ. რაც მთავარია, მალე 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებებიდან ნიჭიერი ფეხბურთელები წამოგვეწევიან. კარგი ბიჭები მოდიან. შემთხვევითი არაა, შვეიცარია-თურქეთ-ირლანდიას ასე კარგად რომ ვეთამაშეთ. ამას გარდა, მომჯობინდებიან ყენია, კანკავა, ღვინიანიძე... გვაზავაც ჩამოვა, ალბათ... ვფიქრობ, დასაკარგები არც ხოჯავა და მარცვალაძე არიან და დარწმუნებული ვარ, თემურის ხელში ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული