...სამწუხაროდ, ქართველ ქომაგებში მაშინათვე სერიოზული ეჭვი გაჩნდა: რამდენად სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდებოდა საქართველოს ნაკრებში შოთა არველაძის ღირსეულად შეცვლა; და აი, იმ გლაზგოური მატჩიდან სამწელიწადნახევარზე მეტი გავიდა და ქართველ გულშემატკივართა ის სამართლიანი ეჭვი, ფაქტობრივად, 70-80 პროცენტით გამართლდა. არადა, ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში არაერთი თავდამსხმელი ასპარეზობდა, მაგრამ შოთას სრულფასოვნად შეცვლა ვერავინ შეძლო: გიორგი დემეტრაძემ, რატი ალექსიძემ, ოთარ მარცვალაძემ, ლევან მჭედლიძემ, ბექა გოცირიძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა, ნიკოლოზ გელაშვილმა, მათე ვაწაძემ, რევაზ ბარაბაძემ. თუმცა, ამათგან უმეტესობას ობიექტური მიზეზიც ჰქონდა: მჭედლიძესა და ვაწაძეს ქრონიკული ტრავმები აწუხებდათ და ახლაც აწუხებთ, დემეტრაძემ სანაკრებო კარიერა მალევე დაასრულა. ალექსიძე... "უცნაური" ბრალდებით ჩამოაცილეს ჩვენ უპირველეს გუნდს, გოცირიძე უმძიმესი ავტოავარიის შემდეგ ფორმაში ვერ ჩადგა, ბარაბაძე კვლავაც უგუნდოდ არის და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, შოთა არველაძის ღირსეულ შემცვლელთა შორის უპირველეს კანდიდატად ვისაც მოვიაზრებდით, სხვადასხვა მიზეზის (ობიექტურიც და სუბიექტურიც) გამო კარიერა ვერ ააწყო; სანდრო იაშვილს ვგულისხმობთ, არაორდინალური ფიზიკური მონაცემებითა და საფეხბურთო ნიჭით საქართველოს ნაკრებში გოლის გამტანი ფორვარდის პრობლემა რომ უნდა გადაეჭრა, მაგრამ...
...პირველი იმედი შარშან გაჩნდა: ლატვიიდან ისრაელში გადასულმა ლადო დვალიშვილმა საკლუბო დონეზეც გამოავლინა გოლიადორული თვისებები და, რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებშიც. ეგ კი არა, 10 ივნისს, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში თავი რომ გამოიჩინა, წლის ბოლომდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები, ფაქტობრივად, მხოლოდ ლადო დვალიშვილს გაჰქონდა. მაგრამ, 2010 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დვალიშვილის საგოლე ალღო, თითქოსდა, სადღაც "გაქრა"; არადა, იმას ვერავინ იტყვის, რომ ახალგაზრდა ფორვარდი საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისგან უნდობლობას გრძნობდაო. უფრო, პირიქით იყო: თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ლატვიამდე ჩატარებულ ექვსივე შეხვედრაში ლადო დვალიშვილი საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. თანაც, მსგავსი ნდობით მხოლოდ და მხოლოდ ნაკრების სტაჟიანი წევრები (კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი) სარგებლობდნენ.
თუმცა ჩვენ ნაკრებს თავდასხმაში საქმე არც ისე კატასტროფულად აქვს: წელს ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 5 გოლი გავიტანეთ და აქედან 3 დავით სირაძის ანგარიშზეა! თან, დავაზუსტოთ: 29 წლის ფორვარდმა ამ შვიდიდან მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხოლოდ ერთადერთი შეხვედრა (ლატვიასთან) ჩაატარა თავიდან ბოლომდე, მოლდოვასთან მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო ესტონეთთან, ისრაელთან და მალტასთან შეცვლებზე შემოდიოდა-ხოლმე. ვერაფერს ვიტყვით, - მართლაც ჩინებული შედეგია ისეთი ფეხბურთელისათვის, რომლის შესაძლებლობებსაც ქეცბაიას წინამორბედი მწვრთნელები არასაკმარისად, ან, საერთოდ არ აფასებდნენ...
გამთამაშებელი თუ ცენტრფორვარდი?
ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელის, სოსო სირაძის ვაჟი რომ საფეხბურთო კარიერას აირჩევდა, რა გასაკვირვი იყო; საქართველოს ნაკრების ახლანდელი ბომბარდირის პირველი "სერიოზული" გუნდი თბილისის სტუ იყო - საქართველოს ჩემპიონატის II ჯგუფში (ანუ, რანგით მესამე ლიგაში) რომ ასპარეზობდა. სხვათა შორის, იმ სადებიუტო სეზონში (1996-97) 16 წლის დათო სირაძის თანაგუნდელები იყვნენ: რევაზ ქემოკლიძე, ლევან ხმალაძე, ილია კანდელაკი, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით ოდიკაძე, მიხეილ ბობოხიძე, დავით დათვაძე. ჭაბუკმა ფეხბურთელმა მომდევნო სეზონიც მეორე ჯგუფში გაატარა, ოღონდ, უფრო დიდი პერსპექტივით: სტუ-დან რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად "დინამო-2"-ში ჩაირიცხა და სხვა თანატოლების (გიორგი ლომაია, გიორგი შაშიაშვილი, ოლეგ გველესიანი, ბორის გონჩაროვი, მიხეილ ხუციშვილი, ვალერი აბრამიძე) მსგავსად ჩვენ ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ძირითად გუნდში მოხვედრაზე ოცნებობდა. თუმცა, ამის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: 17 წლის დათო სირაძე თანატოლ მიხეილ ბობოხიძესთან ერთად, თურქულ "ერზრუმში" აღმოჩნდა.
...სირაძე სამშობლოში 2002 წლის დასაწყისში დაბრუნდა, თუმცა თბილისის "დინამოში" ვერ ჩაირიცხა: ეტყობა, თურქული კლუბისათვის გადასახდელი მართლაც სასაცილო საკომპენსაციო თანხა... ეძვირათ, ან კიდევ, ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობები ჯეროვნად ვერ შეაფასეს. სამაგიეროდ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ 21 წლის ფეხბურთელს სრული ნდობა გამოუცხადა იმ დროისათვის ახალგაზრდა სპეციალისტმა კახა ცხადაძემ, რომელიც თბილისის "ლოკომოტივში" სამწვრთნელო ასპარეზზე სადებიუტო სეზონს ატარებდა. მაშინდელ "ლოკომოტივში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა: კახა გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, როინ ონიანი, გიორგი ბალაშვილი, გელა ქორიძე...
თუმცა ასეთ კამპანიაში მოხვედრის მიუხედავად, დათო სირაძე სულ მალე "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა! არადა, მოვლენების ასეთ განვითარებას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა - უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა სირაძემ გამთამაშებლის პოზიციაზე მართლაც ღირსეულად შეცვალა "ლოკომოტივის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გიორგი ანჩაბაძე. ჰო, შესაძლოა, ბევრს არც ახსოვდეს: თავდაპირველად, სირაძე კლასიკური ფლეი-მეიქერი გახლდათ და "ლოკომოტივის" ყველა შეტევასაც უნარიანად ხელმძღვანელობდა. თუმცა, უკვე მომდევნო სეზონში "ნელ-ნელა" წინ აიწია და ხან, ეგრეთწოდებულ, მეორე თავდასმხმელად ასპარეზობდა, ხან კი - "ლოკომოტივის" გამოკვეთილი ცენტრფორვარდი იყო.
ამასობაში, მაშინდელ რკინიგზელთა გუნდში მწვრთნელების გაუთავებელი მოხსნა-დანიშვნა უკვე "ჩვეული" საქმე იყო; პარტნიორებიც ხშირად იცვლებოდნენ, მაგრამ ეშუანების, გალიარდოების, სალასარებისა თუ სხვა გაურკვეველი კვალიფიკაციის ფორვარდთა მოზღვავების მიუხედავად, "ლოკომოტივის" საუკეთესო ბომბარდირად მაინც სირაძე რჩებოდა. ამასობაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი და 2004 წლის იანვრიდან... მეორე ბუნდესლიგაშიც გაემგზავრა. "უნიონი", "აუე", ტრირის "აინტრახტი", "პადერბორნი", - გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ამ კლუბებში სირაძე თითქმის 5 წელიწადი ასპარეზობდა. ერთგან, უფრო ენდობოდნენ, მეორეგან - ნაკლებად, თუმცა მეორე ბუნდესლიგიდან საქართველოს ნაკრებში რომ იწვევდნენ, ჩვენთან ეს ამბავი არავის უკვირდა. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ უპირველეს გუნდში მის შესაძლებლობებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ აფასებდნენ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ 29 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 23 თუ 24 მატჩი აქვს ჩატარებული...
...სადებიუტო შეხვედრა 2004 წლის 18 თებერვალს ჩაატარა; ჩვენ ნაკრებს კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე, ფაქტობრივად, იმ დროს იქ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" წარმოადგენდა, პლუს ერთი-ორი დებიუტანტი და სირაძეც მათ შორის გახლდათ; ამ ტურნირიდან ძალიან მალე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ალენ ჟირესი დაინიშნა და ფრანგმა სპეციალისტმა თავის სადებიუტო შეხვედრაში (ისრაელთან) რამდენიმე ახალბედასთან ერთად, "უნიონში" მოასპარეზე სირაძესაც უხმო. თუმცა, ამის შემდეგ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ისე დაიწყო და დამთავრდა, რომ სირაძეს ჩვენ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია...
...ანალოგიური სიტუაცია იყო თავდაპირველად კლაუს ტოპმიოლერის მოსვლის შემდეგაც. ყოველ შემთხვევაში, ნაკრებში თავის მესამე მატჩს სირაძე, ფაქტობრივად, ორწელიწადნახევრის განმავლობაში ელოდა. არადა, 2006-07 წლების სეზონში "აუეს" შემადგენლობაში იმდენად წარმატებულად ასპარეზობდა, რომ მისი იგნორირება, უბრალოდ, წარმოუდგენელიც იყო. ასეც მოხდა: "ტოპიმ" ჯერ ურუგვაისთან საშინაო შეხვედრაში ანდო ძირითადში ადგილი, მერე კი - თურქეთთან ასევე საშინაო მატჩში.
2007 წლის 7 თებერვალს, საქართველოს და თურქეთის ნაკრებების ამხანაგურმა მატჩმა ქართველ გულშემატკივართა უდიდესი ინტერესი გამოიწვია: ეროვნული სტადიონი თითქმის სავსე იყო და ჩვენმა გუნდმაც იმედი არ გაუწბილა ერთგულ ქომაგებს; სტუმრები, ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობით (არდა თურანი, თუგაი, თუნჯაი ჩანლი, ჰამით და ჰალილ ალთინთოფები, ფათიხ თექე) ასპარეზობდნენ და წარმატების მისაღწევად არაფერი დაიშურეს, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე დავით სირაძის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. აი, ამის მერე იყო სწორედ ჩვენ მიერ ზემოთნახსენები შეხვედრა გლაზგოში, სირაძისთვის პირველი ოფიციალური მატჩი რომ გახლდათ; მომდევნოში კი უკვე მეორე სანაკრებო გოლს ზეიმობდა: თბილისში ფარერებს რომ 3:1 მოვუგეთ, ანგარიში სწორედ სირაძემ გახსნა.
აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: საქართველოს ნაკრებში სირაძეს დღემდე 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან მხოლოდ ერთხელ - პირველ ტაიმში. დანარჩენი 6 გოლი კი მეორე ტაიმში (თან, უფრო ხშირად, შეხვედრის მიწურულს) გაჰქონდა და თითქმის ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. აი, ისე როგორც იმავე 2007 წლის სექტემბერს - უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე ანგარიში რომ გაათანაბრა; ან ოქტომბერში, შოტლანდიასთან მეორე ტაიმში ანგარიში 2:0 რომ გახადა და, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით სირაძემ კიდევ ორი შეხვედრა ჩაატარა (ლიტვასთან და ლატვიასთან); ამის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი სამშობლოში გაემგზავრა და მის ნაცვლად დროებით დანიშნულ პეტარ შეგრტს სირაძის ნაკრებში მოწვევაზე არც უფიქრია, არადა ქართველი ფორვარდი იმ დროისათვის საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა რუსულ პრემიერლიგაში და დროის მოკლე მონაკვეთში ნალჩიკის "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. შეგრტის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ექტორ კუპერის "ეპოქა" დაიწყო; სამწუხაროდ, სირაძეს არც არგენტინელი მწვრთნელი წყალობდა, - ყოველ მეორე თუ მესამე შეხვედრისთვის თუ გამოიძახებდა და ისიც, მხოლოდ შეცვლაზე შემოჰყავდა ხოლმე. 2009 წლის 6 ივნისს შინ მოლდოვასთან სამარცხვინოდ რომ წავაგეთ, იქიდან მოყოლებული წლევანდელ 3 მარტამდე სირაძეს საქართველოს ნაკრებში აღარ უთამაშია. არადა, უცნაურია: კუპერი რომ ნაკრებში იძახებდა, ქართველი ფორვარდი უგუნდოდ იყო, ხოლო როცა ისევ ნალჩიკის "სპარტაკის" ძირითადში დაიწყო თამაში, მაშინ სრულ იგნორირებას უკეთებდა...
და აი, ამა წლის გაზაფხულიდან დავით სირაძის სანაკრებო კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო! თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა წაუგებლად 7 შეხვედრა რომ ჩაატარა, რაღა თქმა უნდა, ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელის, დავით სირაძის უდიდესი დამსახურებაც არის; თავად განსაჯეთ: ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში, როცა ანგარიში საყაიმო იყო, შეცვლაზე შემოსულმა სირაძემ ეფექტური თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა! თანაც, ეს ყველაფერი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე მოხდა...
8 ოქტომბერს, მალტის ნაკრების კარში გოლი რომ ვერ გაგვქონდა, მხსნელად ისევ სირაძე მოგვევლინა! თანაც, ისევ შეცვლაზე შესული, ისევ ზუსტი და მოხდენილი თავური დარტყმით და ისევ... მსაჯის მიერ დამატებულ დროში...
აი, 12 ოქტომბერს რიგაში კი ოდნავ "განსხვავებული" სიტუაცია ვიხილეთ: სირაძე ძირითადში იყო და მეორე ტაიმში, თავის, ფაქტობრივად ერთადერთი შანსიც გამოიყენა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ გოლით სირაძემ ხომ გარკვეული "რეაბილიტაცია" მოახდინა: 2 წლის წინ, თბილისში ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში 1:3-ს რომ ვაგებდით, შეხვედრის მიწურულს პენალტი ვერ გამოიყენა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"