ქეცბაიას გუნდის უიღბლობა თუ კანონზომიერება

AutoSharing Option
ევროპული საფეხბურთო სეზონის გრძელმა მატარებელმა მორიგი სანაკრებო ბაქანი დატოვა და შემდეგი, საკლუბო გაჩერებისკენ გაემართა. დაგვიტოვა იმედი და ლატვია-საქართველოს მატჩის ფონზე გააჩინა კითხვა: მართლა ძლიერებს უმართლებთ? ფიფას რეიტინგით ასეა: ლატვია - 68, საქართველო - 89, მალტა - 150.

უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს მიერ შედგენილი იერარქიის მიხედვით, ზემოთ დასმულ კითხვას შეიძლება დადებითი პასუხი გაეცეს. ჩვენმა გუნდმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატეხა კუნძულელთა წინააღმდეგობა, ასევე ბალტიისპირელებმაც - მატჩის 92-ე წუთზე შეძლეს ქართველთა კარში გატანა და ქულის მოპოვება. მართალია, მატჩის მიწურულს ბურთის გაშვება კონცენტრაციის დაკარგვაზეც
მიუთითებს, მაგრამ... ხომ არ შეიძლება, ყველა თაობის ქართველ ფეხბურთელებს კონცენტრაცია ბოლო წუთზე ეკარგებოდეთ... კარგი, იქნებ ჩვენ ვართ ასეთი გონებაგაფანტულები და თამაშის ხანგრძლივობა 90 წუთამდე გვგონია.

გადავხედოთ საფეხბურთო ისტორიას: ვინ მოთვლის რამდენჯერ გაუტანია გერმანიის ნაკრებს ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი. ალემანთა უმაღლეს ოსტატობას და შეუპოვრობას ვერავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ იღბალი რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ასეთ წარმატებაში, ფაქტია. საქართველოს ნაკრები დიდი იღბლიანობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ, შეიძლება თუ არა, ლატვიასთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლი მხოლოდ იღბალს დავაბრალოთ? და იქნებ ლატვიას მართლა ჩვენზე უკეთესი ნაკრები ჰყავს და ერგო ძლიერს დამსახურებული ლუკმა.

ზემოთ ფიფას საფეხბურთო რეიტინგი ვახსენეთ, რომელშიც გუნდების თანმიმდევრობა ისეთივე საეჭვოა, როგორც არაბული გარეგნობის ადამიანი აშშ-ის რომელიმე დიდი ქალაქის მეტროში. არავინ დავობს - ესპანეთი, ჰოლანდია, ბრაზილია, ხორვატია ჩვენზე ძლიერი ნაკრებები არიან, მაგრამ რიგით ქართველ გულშემატკივარს რეიტინგში უგანდის ნაკრების საქართველოზე წინ ყოფნას ვერც ერთი ფიფას ჩინოსანი ვერ დაუსაბუთებს.

ისტორიით და მოთამაშეთა პოტენციალით საქართველო ლატვიას რომ უსწრებს, ამაზე ძნელად თუ ვინმე იდავებს. თბილისის "დინამოს" ლეგენდებთან ლატვიური "დაუგავას" ფეხბურთელების ხსენებაც კი სასაცილოა. მოდი, თუნდაც ბალტიელთა და იბერიელთა მთავარი ტალანტები შევადაროთ: ჯანო ანანიძე და მარიო ცაუნია. ქართველი 17 წლისა "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და ახლაც გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ხოლო 22 წლის ლატვიელი ადგილობრივი "სკონტოს" ღირსებას იცავს. თუმცაღა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაკრებისგან განსხვავებით, ჩრდილოელებმა უკვე მოასწრეს დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაში (2004 წლის ევროპის ჩემპიონატი). ამ ორ გუნდს შორის ამჟამინდელი ძალთა შორის ბალანსის მეტ-ნაკლებ მაჩვენებელად 12 ოქტომბერს ჩატარებული მატჩი შეიძლება ჩავთვალოთ.

"გულშემატკივართა სამრეკლოს" მთავარი დანიშნულება "ლელოში" ქართველ ქომაგთა აზრის წარმოჩენაა.

მიუხედავათ იმისა, რომ საქართველო-ლატვიის მატჩიდან რამდენიმე დღე გავიდა, ინტერნეტ-ფორუმსა თუ სოციალურ ქსელებზე კვლავ აქტიურად განიხილება ეს მატჩი და მისი პერიპეტიები. გულშემატკივართა უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს კარგ პერსპექტივებს არ უსახავენ. გაგაცნობთ ჩვენი აზრით საგულისხმო მოსაზრებებს.

ნებელ777: დასანანია ესეთ თამაშში ქულის დაკარგვა, ვიბრძოლეთ, მაგრამ წავაგეთ. ქულა კი არ მოვიპოვეთ, სამი დავკარგეთ. ცენტრში გვიჭირს მაგრად, ასათიანის ამოწევა კარგი ვარიანტი იქნებოდა!

გოგა87: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რო გოლის გატანის შემდეგ ჩვენები მოეშვნენ... არ იყო წასაგები თამაში.

ხვიჩა61: თამაშის დროს ფრეზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ მსვლელობისას უპირატესობას დავეუფლეთ... უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. ლატვია უფრო ძლიერი გუნდი მეგონა.

თოდა92: ნამდვილი "სვარკა" იყო! ამათ თამაშის ყურება არ ღირს! ვერც ქეცბაია გვიშველის და ვერც ვერავინ!

თაკუნა111: კარგათ ვითამაშეთ, მაგრამ რას იზამ? ჯანო ძაან საყვარელია და მაგრად თამაშობს.

გიო91: არ შეიძლება ასე რა... სულ ბოლო წუთებზე... ასეთი სტარტი ჯერ არ გვქონია და იმედია, ასევე გავაგრძელებთ! გაუმარჯოს საქართველოს!..

ნესტა13: თამაში ნორმალური იყო, უნდა მოგვეგო და არ გაგვიმართლა... თემურს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მარცვალაძეს რატო არ იძახებს, ვერ ვხვდები. კლუბში სულ გააქვს...

ალექსანდრ და სილვა: დაბერდნენ კალაძე და კობიაშვილი, მაგრამ რა ვქნათ, შემცვლელები არ ჰყავთ... ნორმალურად ვითამაშეთ, ბოლოს კი ქართულმა სენმა იჩინა თავი.

მატჩმა გამოხმაურება ჰპოვა აგრეთვე რუსულ და სხვადასხვა ევროპულ საფეხბურთო საიტებზეც.

მირო123: კალაძემ (?!) დაცვითი გუნდი გააკეთა, თვითონ მცველი იყო და რა გასაკვირია.

სიემპრეკრიტიკამენტო: საქართველო უკეთესად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ ვერპაკოვსკისი არ გვყავდა.

როდიკ2: გაგვიმართლა, ბოლო წუთზე მოვიგეთ, ვერპაკოვსკისი არ გვყავდა და მაგის ბრალიცაა შეტევაში ჩვენი უსური თამაში...

იმედია, ჯგუფიდან ლატვია და საქართველო გავლენ. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ წარმატებას გისურვებთ!

რონალდო17: არ იყო ხარისხიანი თამაში, ფრე ლოგიკურია!

ნიკიტა-ნიკიტა: ქართველები კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ლატვიას ვერპაკოვსკისი არ ყავდა... ქართველებს უნდა მოეგოთ, ბოლოს არ გაუმართლათ...

ოთარ ჭულუხაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული