შანსები ეროვნულ გუნდში

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები 17 ოქტომბერს სლოვენიას ამხანაგური შეხვედრის გასამართად ესტუმრება. ეროვნულის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თბილისში ერთკვირიან შეკრებას გეგმავს, მანამდე კი 40-კაციანი სია შეადგინა და უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, მათგან რომელ 30 ფეხბურთელს გამოიძახებს. საბოლოოდ კი სლოვენიაში მხოლოდ 22 მოთამაშე გაემგზავრება.

შესაძლოა, ქეცბაიამ "ზესტაფონიდან" შვიდი ფეხბურთელი გამოიძახოს - ეს კლუბი პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გვითხრა. როგორც დავაზუსტეთ, ესენი არიან მეკარე როინ კვასხვაძე, მცველები - გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი და ზაალ ელიავა, ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და თავდამსხმელები, ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი.

მათ გარდა, ჩვენთვის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გვარი გახდა ცნობილი: თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია და მცველი ლევან კაკუბავა, რუსთავის "ოლიმპის" მცველი გიორგი რეხვიაშვილი, "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, ზუგდიდის "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი და ქუთაისის "ტორპედოს" მარცხენა მცველი თენგიზ ჩიკვილაძე.

არაა გამორიცხული, დნეპროპეტროვსკის "დნეპრიდან" ჯაბა კანკავა გამოიძახონ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და დნეპრის" დუბლშემადგენლობაში გოლის გატანაც მოახერხა. ჯაბამ ეროვნულ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი 19 წლის ასაკში დაიმკვიდრა და ცხადია, ნაკრების მწვრთნელებს მისი მდგომარეობა აინტერესებთ. თუმცა, კანკავას მიწვევა მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად მოახერხებს რეაბილიტაციასსა და ფორმის აღდგენას.

სიაშია რუმინულ კლუბ "გაზ-მეტან მედიაშის" მცველი აკაკი ხუბუტია. ახალგაზრდული ნაკრებსი ყოფილი წევრი რუმინეთის ჩემპიონატში საკმაოდ სტაბილურად გამოდის და გუნდის შემადგენლობაში 11-ვე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ქეცბაიას აინტერესებს, მისი კლასი სანაკრებო დონეს შეეფერება თუ არა.

სიაში არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშიაც მოხვდა. მან დაგვიდასტურა, რომ გამოძახების შესახებ აცნობეს, თუმცა, ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ჰოლანდიურ კლუბში ოფიციალური მიწვევა არ გამოუგზავნიათო.

დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცი ექვსი გამოცდილი ლეგიონერის მიწვევას აპირებს, სლოვენიასთან გუნდმა უფრო თავდაჯერებულად რომ ითამაშოს - ლაპარაკია მალხაზ ასათიანზე, ლევან კობიაშვილზე, ალექსანდრე იაშვილზე და ასე შემდეგ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული