შესაძლოა, ქეცბაიამ "ზესტაფონიდან" შვიდი ფეხბურთელი გამოიძახოს - ეს კლუბი პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გვითხრა. როგორც დავაზუსტეთ, ესენი არიან მეკარე როინ კვასხვაძე, მცველები - გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი და ზაალ ელიავა, ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და თავდამსხმელები, ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი.
არაა გამორიცხული, დნეპროპეტროვსკის "დნეპრიდან" ჯაბა კანკავა გამოიძახონ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და დნეპრის" დუბლშემადგენლობაში გოლის გატანაც მოახერხა. ჯაბამ ეროვნულ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი 19 წლის ასაკში დაიმკვიდრა და ცხადია, ნაკრების მწვრთნელებს მისი მდგომარეობა აინტერესებთ. თუმცა, კანკავას მიწვევა მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად მოახერხებს რეაბილიტაციასსა და ფორმის აღდგენას.
სიაშია რუმინულ კლუბ "გაზ-მეტან მედიაშის" მცველი აკაკი ხუბუტია. ახალგაზრდული ნაკრებსი ყოფილი წევრი რუმინეთის ჩემპიონატში საკმაოდ სტაბილურად გამოდის და გუნდის შემადგენლობაში 11-ვე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ქეცბაიას აინტერესებს, მისი კლასი სანაკრებო დონეს შეეფერება თუ არა.
სიაში არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშიაც მოხვდა. მან დაგვიდასტურა, რომ გამოძახების შესახებ აცნობეს, თუმცა, ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ჰოლანდიურ კლუბში ოფიციალური მიწვევა არ გამოუგზავნიათო.
დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცი ექვსი გამოცდილი ლეგიონერის მიწვევას აპირებს, სლოვენიასთან გუნდმა უფრო თავდაჯერებულად რომ ითამაშოს - ლაპარაკია მალხაზ ასათიანზე, ლევან კობიაშვილზე, ალექსანდრე იაშვილზე და ასე შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"