რა მიზანი აქვს ნაკრებს: გაახალგაზრდავება თუ შედეგის მიღწევა?

AutoSharing Option
შესაძლოა, სათაურში დასმული კითხვა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ კითხვა უსაფუძვლოდ არ დასმულა.

ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა sportall.ge-ს ინტერნეტპრესკონფერენციაში მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მოღვაწეობის შეფასებისას გუნდის გაახალგაზრდავებაზე ძალიან საყურადღებო ფრაზა თქვა.

"მგონი, სწორი არ იქნება, თუ იმაზე დავიწყებთ საუბარს, რომ ქეცბაიას 4-5-წლიანი პროგრამა აქვს, ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მას ყველანაირი შედეგი ეპატიება.

ეროვნული ნაკრები
არის გუნდი, რომელშიც ძლიერებმა უნდა ითამაშონ.

ერთი მხრივ, ამ გაახალგაზრდავების პროცესის არ მესმის. ეს შეიძლება კლუბში მოხდეს, ეროვნულში კი საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ, არ აქვს მნიშვნელობა, 30 წლის არის, 35-ის, 18-ის თუ 20-ის.

თემურ ქეცბაია იქნება თუ სხვა მწვრთნელი, ყველა შედეგით ფასდება"
, - განაცხადა კობიაშვილმა (იხილეთ ვრცლად).

* * *
... როდესაც ნოდარ ახალკაცს გაუჭირდა, 1985 წელს თბილისის "დინამოში" 30 წლის რევაზ ჩელებაძე დააბრუნა და მაშინდელ "დინამოს" "ჩელემ" იმდენი სარგებლობა მოუტანა, ნეტავ ახლა გვყავდეს მსგავსი ვეტერანი ფორვარდი.

"მილანში" ასაკოვან მალდინის, ბარეზის, კოსტაკურტასა და ინძაგის ათამაშებდნენ, გერმანიის ნაკრებში 39 წლის ლოთარ მათეუსს და კიდევ არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება.

როდესაც გუნდში სათანადო დონის ახალგაზრდა არ არის, გამოცდილის ყოფნა აუცილებელიც არის. კამერუნელმა თავდამსხმელმა როჟე მილამ მსოფლიო აღიარება 38 წლის ასაკში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლით მოიპოვა, ხოლო 42 წლისამ მუნდიალზე ორი გოლი გაიტანა.

* * *
ჩვენთან რა ხდება? ნუთუ ეს უნდა ეთქვა ცნობილ ფეხბურთელს, რომ გაგვეგო, რა არის სხვადასხვა დროში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი?

ჩვენი ეროვნული გუნდი 1990 წელს ჩამოყალიბდა და ლიტვასთან პირველ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, სულ ექსპერიმენტებით აწვალებდნენ.

გაახალგაზრდავება პირველივე შესარჩევი ციკლიდან დაიწყო, რის გამოც ბევრი ცნობილი მოთამაშე "თამაშგარეში" ან მცირედ დასაქმებული აღმოჩნდა: საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის "ლე ჰავრის" 29 წლის თავდამსხმელი გია გურული, 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი როსტომ თორღაშვილი, "მრეტებისა" და ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველები - ბუბა ტყავაძე და გიორგი დარასელია, რომლებიც ამ დროისთვის თავიანთ პოზიციაზე საუკეთესოთა შორის არიან.

ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდა და თაობათა დამანგრეველი წყვეტა მივიღეთ.

თავად ქეცბაიასაც კარგად ემახსოვრება, როგორ განიცდიდა ქართველი გულშემატკივარი ეროვნული გუნდიდან მის გაშვებას, როდესაც 34 წლის ასაკში სარგებლობის მოტანა კიდევ შეეძლო. ეს ყველაფერი ფამაგუსტის "ანორთოსისში" კარგი თამაშით დაამტკიცა.

"გაახალგაზრდავების პროცესით" იმხელა აბსურდამდე მივედით, რომ ასაკობრივი ნაკრებების გაახალგაზრდავება (?!) დავიწყეთ - ფრაზას დაუკვირდით და მიხვდებით, რომ ასეთი კურიოზი შეუძლებელია ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდეს. ტენდენცია ქართულ კლუბებსაც გადაედოთ და 28-29 წლის მოთამაშეების განდევნის პროცესს ლამის ყველგან წმინდათა წმინდა საქმედ თვლიან.

მიზეზი ძალიან მარტივია: გამოუცდელს გვერდს თუ გამოცდილი არ უმაგრებს, ნაკლები "მადა" აქვს და შედარებით ადვილი სამართავია ისიც და მთლიანად გუნდიც.

მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ ნაკრების გაახალგაზრდავება და გუნდის იოლად მართვაა, თუ წარმატების მიღწევა ნებისმიერი ასაკის მოთამაშეებით? მგონია, რომ სწორედ გუნდის იოლად მართვის ქვეცნობიერი სურვილია ამ გაუაზრებელი პროცესის თავი და თავი, რაც ბოლო 20 წელია, ქართულ ფეხბურთში ხდება - მხოლოდ ქეცბაიას ნამდვილად არ ვგულისხმობთ.

ფეხბურთი რთული სახეობაა, ერთეული მწვრთნელების ხვედრია. რთულია გუნდის მართვაც, მაგრამ სხვაგვარ მუშაობას აზრი არ აქვს - მწვრთნელის საქმის გაიოლებით ქვეყნის საქმე არ კეთდება.

ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრებში ვეტერანები თავს არ იკლავდნენ და ფეხებს უფრთხილდებოდნენ. ეროვნულში ყველაზე დიდი არაპროფესიონალები არა ფეხბურთელები, არამედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ნიჭიერი თაობები ვერ გამოიყენეს და მათ "ფეხების გაფრთხილება" დააბრალეს; ვინც გუნდში ავტორიტეტებს ვერ იტანდა და ათასი ბნელი აზრი აწუხებდა.

გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება გიორგი ქინქლაძის სიტყვები, რომელიც 28 წლის კახა ცხადაძის ნაკრებიდან გაშვებას გამოეხმაურა: "გუნდს ყოჩი დააკლდა და უმისოდ საქართველოს ნაკრები დასუსტდება!"

ასეც მოხდა.

* * *
დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს გუნდში თაობების უწყვეტობას. არ შეიძლება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები ან მხოლოდ ვეტერანები თამაშობდნენ - ეროვნული გუნდი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელების კრებული უნდა იყოს და არა "საბავშვო ბაღი", მოთამაშეების გასაზრდელად რომ ვიყენებდეთ.

ნებისმიერ საქმეშიც ასეა - დასაწინაურებელ თუ გასაყიდ ახალგაზრდებს უფროსი და გამოცდილი მოთამაშის დარიგება და გვერდში დგომა ესაჭიროებათ და ასე მგონია, ნაკრებში თაობების უწყვეტობის დარღვევამ გუნდებიც აზარალა და ქართული ფეხბურთიც.

ნაკრები კაცების უნდა იყოს და არა ბავშვების. სწორედ მათ შეუძლიათ გადამწყვეტ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება, რისი დეფიციტიც დღევანდელ ნაკრებს აშკარად ეტყობა. საბოლოოდ, თაობები ვერ იღებენ წინათა გამოცდილებას, ცოდნას, ნიუანსებისა და საფეხბურთო ეშმაკობების წვდომას, თამაშის გაშიფვრის უნარს და ათას რამეს.

აბა, ახლა მოგვცა 28-29 წლის კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, გია გურული, როსტომ თორღაშვილი, ბუბა ტყავაძე, გიორგი დარასელია და თუნდაც 34 წლის თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე (რომელიც ასევე ასაკის გამო დავიწუნეთ) - ვინმეს სჯერა, რომ ისინი ნაკრებს არ წაადგებოდნენ?!

საერთოდ, ფეხბურთელი ღვინოსავით არის: მაჭრობიდან რაც უფრო გამოსულია, მით უკეთ დაღვინებულიცაა. ჩვენ კი მაჭარისგან ღვინის გემოს ვითხოვთ - ასე სად არის?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მწვრთნელი უნდა იყოს მაღალი დონის პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანი,რომელმაც უნდა შექმნას გუნდი,სადაც გვერდი-გვერდ ითამაშებენ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები,მის ფუნქციებში კი არავინ არ უნდა ერეოდეს,ნორმალურ ქვეყნებში ასეა და შედეგიც აქვთ
vaxvax
14:07 13-02-2013
0
რაღაცაში მართალი სტატიის ავტორი, თუმცა, ჩემი აზრით, ნაკრებში უნდა იყოს ის ვინც ღირსია იყოს ძირითადში და ვინც საუკეთესო ფორმაშია, ადრე ხშრიად ხდებოდა, როცა მოიწვევდნენ ვეტერანს, რომელიც არ იყო ფორმაში, თამაშობდა ძირითადში, როცა ახალგაზრდა, ან სხვა რომელიმე იყო მასზე უკეთეს ფორმაში იჯდა სკამზე, ხშირად იყო ისეთი ტენდეცია რომ, არ კადრულოდბენ სკამზე ჯდომა, რადგან თუ მიწვევ, აუცილებლად უნდა მათამაშო, ასეც ხდებოა ხშირად, არადა ხშირად ზუსტად გამოცდილი ფეხბურთელი გჭირდება შეცვლაზე...... ბევრი შემთვევა ყოფილა უცხოეთშიც, როცა დამსახურებულ ვეტერანს სკამზე დაუწყია თამაში და შეცვლაზე ბევრად მეტი გაუკეთებია.... ჩვენთან სამწუხაროდ, ვეტერანების უმეტესობა სკამზე ჯდომა არ კადრულობდნენ......
0

სიახლეები პოპულარული