ზაზა ზამთარაძე: გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში ლევან ყენია ძალიან დიდი ძალაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2013 წელი მოგებით დაიწყო, 6 თებერვალს ალბანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაზე აზრის გამოთქმა სპეციალისტებს ვთხოვეთ.

ზაზა ზამთარაძე დავით მუჯირთან ერთად "ზესტაფონის" მწვრთნელი გახლდათ. მანამდეც უმუშავია უმაღლესი ლიგის არაერთ მოწინავე გუნდში.

- ერთობ პოზიტიურია, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა წელი გამარჯვებით დაიწყო. ფეხბურთელების ფსიქოლოგიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოგება თავისთავად უკვე პოზიტივია.

- ლევან ყენიაზე უნდა გკითხოთ - როგორ შეაფასებდით მის თამაშსა და როლს გუნდის ამ წარმატებაში?
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების
სასტარტო შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში ყენია ძალიან დიდი ძალაა, ისეთი ფეხბურთელია, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია.

- ისიც ფაქტია, რომ ყენია ჯერ ვერ არის საუკეთესო ფორმაში...
- ამ ეტაპზე ყენია უფრო ნიჭის ხარჯზე თამაშობს. ერთ-ორ სეზონს გადაბმულად, სტაბილურად რომ ითამაშებს, მერე სულ სხვა ფეხბურთელი იქნება.

- საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ეპიზოდს როგორ შეაფასებდით?
- დავით თარგამაძემ კარგად წამოიღო ბურთი. ამის შემდეგ მას ორი არჩევანი ჰქონდა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი ყენიას მისამართით გაგზავნა, თუმცა პასი არცთუ გამოზომილი გამოდგა, რის გამოც კონტრშეტევის ფაზა თითქოს დამთავრდა, მაგრამ ყენიამ ნიჭის, ინტელექტის ხარჯზე ბურთი და მომენტი შემოატრიალა, ზუსტი გადაცემა შეასრულა. მათე ვაწაძეც კარგად წამოვიდა ბურთზე - თანამედროვე ფეხბურთში გოლი სხვანაირად არ გადის.

- ვაწაძეზე უკეთესი ცენტრფორვარდი ამ ეტაპზე გეგულებათ საქართველოს ნაკრებისთვის?
- ვაწაძეს ჯერ კიდევ იქიდან ვიცნობ, როცა თბილისის "დინამოს" ძირითადში იწყებდა თამაშს და ასაკის მიუხედავად, ის საქართველოში საუკეთესო ცენტრფორვარდი იყო.

ის არის თავდამსხმელი, რომელსაც დასწრებაზე თამაში შეუძლია. შოთა არველაძის შემდეგ ასეთი ჩვენთან, ვაწაძის გარდა, ჯერ არ გამოჩენილა. ქართველ თავდამსხმელებს რატომღაც არ უყვართ დასწრებაზე თამაში.

ვაწაძე ტიპურად მეგოლე ფორვარდია, არაფრისგან შეუძლია გოლის შექმნა. ეს ყველაფერი კიდევ ერთი პოზიტივია საქართველოს ნაკრებისთვის. კიდევ - თარგამაძე, ოქრიაშვილი, ანანიძე... ჩვენს ნაკრებში არიან საინტერესო ფეხბურთელები.

- იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელის პრობლემა არცთუ ისე მწვავედ დგას?
- ვფიქრობ, საკადრო პრობლემა მაინც არსებობს. ვინც ჩამოვთვალე, მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ ზურგს უნდა უმაგრებდნენ გამოცდილი, მტკიცე ხასიათის მოთამაშეები. ასეთებიც უნდა გამოჩნდნენ. გუნდის შენება ხანგრძლივი პროცესია.

- თუ გეგულებათ ისეთი ფეხბურთელი, საქართველოს ამ ნაკრებში რომ არ იძახებენ, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ეროვნული გუნდისთვის საინტერესოა?
- ამ ეტაპზე ასეთ ფეხბურთელს ვერ ვხედავ, თუმცა გიორგი კახელიშვილი ნაკრებშიც რომ ვნახოთ, ვფიქრობ, ეს შეიძლება.

კახელიშვილი სწრაფი შემტევია, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. არაერთხელ უასპარეზია ევროტურნირებზე და მიმაჩნია, რომ ასეთ ფეხბურთელს ერთხელ მაინც უნდა მიეცეს სანაკრებო შანსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: საფრანგეთში წარმატებისთვის სხვა თამაში გვჭირდება
ოთარ გაბელია: ალბანეთთან მოგება კარგია, მაგრამ საფრანგეთი სულ სხვაა
ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასწრებაზე თამაშს სისხართე სჭირდება. თავდამსხმელი ყოველდღიურად უნდა ვარჯიშობდეს სისხარტეზე.
guja_kakhadze
11:43 08-02-2013
0

სიახლეები პოპულარული