დავიწყოთ ბელორუსით, რომელთანაც, მართალია, ორივე ოფიციალური შეხვედრა უკვე მოვილიეთ, მაგრამ ეს გუნდი ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენს უმთავრეს კონკურენტად რჩება და მისი ასპარეზობისთვის თვალის დევნება ყოველთვის საინტერესოა.
ბელორუსები უნგრელებს ამხანაგურად ნეიტრალურ მოედანზე, თურქეთის საკურორტო დაბა ბელექში შეხვდნენ.
უნგრეთის ნაკრებმა 32-ე წუთზე ანგარიში მას შემდეგ გახსნა, რაც დრაგუნმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და ჯუჯაკმა საბიჩი დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა.
ბელორუსის ნაკრების თავკაცმა გეორგი კონდრატიევმა მოედანზე 53-ე წუთზე ალექსანდრ ვოლოდკო შეუშვა, რომელსაც ხუთიოდე წუთში თანაგუნდელები გოლს ულოცავდნენ - ბატე-ს ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და ბურთი უნგრეთის ნაკრების კარში გაგზავნა.
დარჩენილ დროში უფრო აქტიურები უნგრელები იყვნენ და ვერემკოს რამდენიმეჯერ მოუწია ბელორუსთა კარის გადარჩენა. მატჩის სცენარიდან გამომდინარე, ფრე კონდრატიევის გუნდისთვის უფრო იყო მიღწევა.
"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. სასურველი ტემპის შენარჩუნება მთელი მატჩის განმავლობაში შევძელით. ტრავმების გამო ტიგორევი და ჟავრეჩიკი დაგვაკლდნენ, რამაც ჩვენს გეგმებში იძულებითი კორექტივები შეიტანა.
რამდენიმე ფეხბურთელს მათთვის უჩვეულო პოზიციაზე დავაკვირდი და ეს შეხვედრა ამითაც იყო სასარგებლო.
ჩამოვყალიბდით იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში. განსაკუთრებით, დაცვაში დაშვებული შეცდომები მაღელვებს და მათ გამოსწორებაზე ვიზრუნებთ", - განაცხადა ნამატჩევს კონდრატიევმა.
06.02. ამხანაგური მატჩი
ბელორუსი-უნგრეთი 1:1
0:1 საბიჩი (32), 1:1 ვოლოდკო (58)
ბელორუსი: ვერემკო, მარტინოვიჩი, ვერხოვცოვი, ფილიპენკო, ბორდაჩოვი, კისლიაკი (77. ხაჩატურიანი), დრაგუნი (53. ვოლოდკო), პუტილო, ბრესანი, ტრუბილო (46. ბალანოვიჩი), როდიონოვი (78. ხვაშჩინსკი)
* * *
ისრაელის ნაკრებმა ნეთანიაში ფინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.
ედენ ბენ ბასატმა სუომელებს სწრაფი გოლი გაუტანა და ამის შემდეგ სტუმრებს ანგარიშის გასათანაბრებლად ცდა არ დაუკლიათ.
ფინელთა დამრიგებელმა მიქსუ პაატელაინენმა შეხვედრის 73-ე წუთზე თავისი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი ფეხბურთელი, მიკაელ ფორსელი ნაკლებად ცნობილი მოგვარით, პეტერით შეცვალა და სწორედ ამ უკანასკნელმა შეძლო 87-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა.
ფინელებს სასურველ ფრემდე ბევრი აღარაფერი აშორებდათ, მაგრამ დამატებული დროის მესამე წუთზე ებრაელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ლიორ რაფაელოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"საყაიმო შედეგთან ძალიან ახლოს ვიყავით, რაც გასვლითი მატჩის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენთვის სრულიად მისაღები იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 1:1-ის შენარჩუნება ვერ შევძელით.
ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო მაინც არ ვარ, ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. თამაშის ხარისხი კი ოფიციალურ მატჩებში აშკარად უკეთესი გვჭირდება", - თქვა მიქსუ პაატელაინენმა.
06.02. ამხანაგური მატჩი
ისრაელი-ფინეთი 2:1
გოლები: 1:0 ბენ ბასატი (2), 1:1 პ. ფორსელი (87), 2:1 რაფაელოვი (90)
ფინეთი: მაენპაა, ოიალა, რაიტალა (90. ჰურმე), არკივოუ, მოისანდერი, ოიალა (46. ა. ერიომენკო), რ. ერიომენკო, კოლემაინენი, სპარვი, მ. ფორსელი (73. პ. ფორსელი), პუკი
* * *
2012 წლის მუნდიალის უახლოესი საკვალიფიკაციო შეხვედრები მარტში გაიმართება. 22 მარტს საფრანგეთი საქართველოს უმასპინძლებს, ესპანეთი კი ფინეთს მიიღებს.
26 მარტს ჯგუფის ცენტრალური მატჩია: საფრანგეთი-ესპანეთი, სადაც პირველადგილოსანი გამოვლინდება, ბელორუსები კი უახლოეს ოფიციალურ მატჩს 7 ივნისს ჩაატარებენ, როცა ფინეთს ეწვევიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-გერმანია. გამოხმაურება: ისტორიული გამარჯვება [VIDEO]
ესპანეთი-ურუგვაი. გამოხმაურება: პუიოლის ასიანი და სამი დებიუტანტი [VIDEO]