მადლობა, მალხაზ! - დიდი კარიერის დასასრული

AutoSharing Option
2010 წლის დეკემბერში მალხაზ ასათიანს მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა.

მას შემდეგ მალხაზი ახალი კლუბის ძიებაში იყო და იმედოვნებდა, რომ 2011 წელს ნორმალურ გუნდში შეხვდებოდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მის მომავალ კარიერას არაერთ რუსულ თუ ქართულ კლუბს უკავშირებდნენ. იწვევდნენ "დინამოში", "ტორპედოში", "ზესტაფონში", რუსულ, უკრაინულ თუ ევროპულ კლუბებში.

მახაჭყალის "ანჟის" მეპატრონე სულეიმან ქერიმოვი ქართველს რობერტო კარლოსის პარტნიორად მოიაზრებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

VideoSportall.Ge
მალხაზ ასათიანის გოლები რუსეთთან და თურქეთთან


VideoSportall.Ge
მალხაზ ასათიანის თამაში ლოკომოტივში


მაშინ
ბევრი იმედოვნებდა, რომ კიევის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად დანიშნული იური სიომინი თავისთან წაიყვანდა - მას ხომ შვილივით უყვარდა გონიერი, ტექნიკური და კეთილშობილი ქართველი და უზომოდ ენდობოდა მალხაზს.

მაგრამ სიომინს კიევში მზა გუნდი დახვდა და "ასკა" ვერ წაიყვანა.

* * *
...კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" გამთამაშებლის პოზიციაზე დაიწყო. თუმცა გუნდის მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც ათამაშებდნენ. 2001-02 წლები ჩინებულად ჩაატარა, "ტორპედო" ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი, თავად ასათიანი კი საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

Sportall.Ge
ასე იწყებოდა მალხაზ ასათიანის საფეხბურთო კარიერა

2003 წელს მოსკოვის ლოკომოტივში" გადავიდა, სადაც სიომინმა დაცვის ცენტრში დახია და ეს წარმატებული სვლა აღმოჩნდა - უნივერსალი ქართველი ორჯერ აცხადებდა პრეტენზიას პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეობაზე და ცოტა მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ... 2008 წელს კიევის "დინამოში" გაანათხოვრეს, 2009 წელს კი "ლოკომოტივში" დაბრუნდა.

წარმატებული იყო მალხაზის სანაკრებო კარიერაც, სადაც 2001 წლიდან თამაშობდა, მაგრამ პირველი ოფიციალური შეხვედრა 2003 წლის 30 აპრილს რუსეთის ნაკრებთან ჩაატარა. მან ივო შუშაკს იმედები გაუმართლა - სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოვიგეთ ის მატჩი.

მას შემდეგ ასათიანი ეროვნული გუნდის შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

2008 წლის სექტემბერში უთანხმოება მოუვიდა ნაკრების მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერთან.

Sportall.Ge

მას იღბალი არ აკლდა, კლუბშიც და ნაკრებშიც მაღალ დონეზე უთამაშია, მაგრამ მეტიც შეეძლო: კუპერის მწვრთნელობის დროს თბილისში "რომას" სელექციონერები ჩამოვიდნენ, მაგრამ არგენტინელმა ასათიანი ნაკრებში არ მიიწვია. არადა, იმ პერიოდში საუცხოო ფორმაში იყო. რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა "ქართველი ბეკენბაუერი" შეარქვა.

* * *
ქართველის კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივში" დასრულდა, საიდანაც დაიწყო მისი შთამბეჭდავი უცხოური კარიერა.

მალხაზ ასათიანი დიდხანს ინარჩუნებდა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსს - ერთ დროს მისი ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება 4.9 მილიონ ევროს შეადგენდა.

Sportall.Ge

ზემოთ ასათიანის ადამიანური თვისებები ვახსენეთ. "ლოკომოტივის" ყოფილი მოთამაშე, ამჟამად "ალანიას" კაპიტანი ტარას ცარიკაევი ამბობს:

"მალხაზი გამორჩეული ადამიანია და უდიდეს პატივს ვცემ თუნდაც კოლეგებთან ურთიერთობის გამო.

ყოველდღე არცერთ თანაგუნდელს თბილი მოკითხვის გარეშე არ გვტოვებდა. არ ვავიწყდებოდით ახალგაზრდებიც, ყველას პერსონალურად გვესალმებოდა და დახმარების ხელს გვიწვდიდა".


... 2011 წლის შემოდგომაზე ქუთაისის "ტორპედოს" ფანებმა მოედანზე დაბრუნება სთხოვეს. თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეთა კარიერა ლამის 40 წლამდე გრძელდება და დაჯერებაც არ გვსურდა, რომ ქართველი ვარსკვლავი ბუცებს 29 წლის ასაკში დაკიდებდა კედელზე და აღარ დაეხმარებოდა საქართველოს ნაკრებს, რომელსაც მისი გამოცდილება ძალიან სჭირდებოდა.

Sportall.Ge

მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერა მაინც დაასრულა, ხან მშობლიურ ქუთაისშია, ხან თბილისში და ხან მოსკოვში...

შემთხვევით გადავეყარე, მეგობარ მწვრთნელს საფეხბურთო სკოლაში მიაკითხა.

Sportall.Ge

"რატომ დავანებე? რუსეთში გუნდს ველოდებოდი და არაფერი გამოვიდა. ორი წელი ბურთისთვის ფეხი არ დამიკარებია. ახლა ფეხბურთს გასართობად ვთამაშობ..."

"გაცილების მატჩი? ისეთ ასაკში დავანებე თავი, გაცილების მატჩი უხერხული იქნება..."

"მალხაზ ასათიანი ბერად აღკვეცას აპირებს? ეკლესიაში რამდენჯერმე დამინახეს და რატომღაც ასეთი ხმები გაავრცელეს..."

* * *
ამდენი ხანი უთამაშებლობის მიუხედავად, ასათიანი თითქმის სათამაშო წონაშია და ვარჯიში რომ განაახლოს, საქართველოს ჩემპიონატში კონკურენტი არ ეყოლება - ახლა მხოლოდ 31 წლის არის.

Sportall.Ge

მაგრამ მალხაზ ასათიანმა ასეთ დონეზე თამაშს კარიერის დასრულება ამჯობინა. მისნაირები იშვიათად იბადებიან. ბევრს არ შეეძლო მალხაზის მსგავსად ქართველი გულშემატკივრის გახარება, ფანების გულის მოგება, დანიელების "აპამპულავება", ელეგანტური გარღვევები და დაცვაში საოცარი სიმშვიდით თამაში...

რუსეთის კარში გოლი სწორედ მას უნდა გაეტანა, ის გოლი, რომლითაც საბოლოოდ მოიგო ქართველი კაცის გული.

ამ კაცს არათუ გაცილების მატჩი, საკუთარი ქვეყნისგან ბევრად მეტი დაფასება ერგება.

ერგება მადლობაც, რადგან ნაღდი ქართული ფეხბურთის ფრაგმენტები გაგვახსენა და საქართველოს სახელი ყველგან ღირსებით ატარა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალხაზ ასათიანი: კარიერის დასრულების შესახებ მალე გამოვაცხადებ!
მკითხველის კომენტარები / 34 /
მალხაზი მართლაც მისაბაძი და ღირსეული ქართველი ფეღბურთელია,ვიმედოვნებ რომ კიდევ ვიხილავ კარგ გუნდში კარიერის დასრულების მიუხედავად, ნაკრებს მალხაზის დახმარება ეხლა ნამდვილად ჭირდება.
უჩა
15:50 29-03-2013
0
რა სამწუხაროა ზოგიერთი ხალხის აზროვნება.ამ ადამიანს შორიდან ვიცნობ,მის ქველმოქმედებაზე ,კეთილშობილებაზე და თავმდაბლობაზე ლეგენდები დადის ,ფეხბურთზე მნიშვნელოვანი მისთვის სხვა უფრო ბევრად კეთილი საქმეები აღმოჩნდა. სხვის განსჯას როდის დავანებებთ თავს.უფალმა დაულოცოს ის გზა რა გზითაც აპირებს მისი ცხოვრების გაგრძელებას
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული