- ფეხბურთში ყველაფერი ხდება - ხან მოიგებ, ხან წააგებ, ხანაც ფრეს ითამაშებ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ფაქტობრივად, ლატვიიდან 3 ქულა მოგვქონდა, მაგრამ წუთი და 10 წამი დაგვაკლდა. მაგრამ ყველაფერი წინ არის. მარტში თბილისში ხორვატიასთან გვაქვს შეხვედრა ჩასატარებელი და 3 ქულა უნდა ავიღოთ.
- ლატვიელი ფეხბურთელის დარტყმა ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა...
- ცაუნიამ ისეთი გოლი გაიტანა... ასჯერ რომ დაერტყა, შეიძლება, არ გასულიყო.
- როგორ ფიქრობთ - მალტასთან და ლატვიასთან აღებული 4 ქულა საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი იყო?
- თავისუფლად შეგვეძლო, ამ ორ თამაშში 6 ქულა აგვეღო. გარდა ამისა, გულდასაწყვეტია, რომ ისრაელთან თბილისში ფრეს დავჯერდით, რადგან მოგების შანსი გვქონდა. საერთოდ, ჩვენს ნაკრებს თბილისში წარმატების მიღწევა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია, რადგან საქართველოში თამაში ბევრ გუნდს უჭირს.
- განვლილი თამაშებიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში ეროვნულ გუნდს კუთვნილი ადგილი უკავია თუ შეიძლებოდა, უფრო ზემოთ ყოფილიყო?
- ვფიქრობ, შეგვეძლო, უფრო წინ ვყოფილიყავით. ლატვიის ნაკრებისთვის რომ მოგვეგო, ცხრილში მეორე ადგილზე ვიქნებოდით. მართალია, მინუსებიც გვქონდა, მაგრამ ნაკრებმა მატჩები კარგად ჩაატარა და შედეგი დადებითია. რაც მთავარია, ბრძოლას ვაგრძელებთ.
- თემურ ქეცბაიამ ნაკრებში რა შეცვალა?
- უპირველეს ყოვლისა, სათამაშო დისციპლინა გამოსწორდა, რაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, მაშინაც კი, როდესაც მართლა ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავდა. გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძვის, რაც შედეგზეც აისახება.
- აქამდე ეროვნულ ნაკრებში ძირითადად, დაცვის ცენტრში თამაშობდით, მაგრამ ქეცბაიამ მარცხენა ფლანგზე მიგიჩინათ ადგილი...
- სადაც გუნდისთვის სასარგებლო ვიქნები, იმ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც საჭირო იქნება. "მილანში" წლების განმავლობაში მარცხენა მცველად ვთამაშობდი. ამიტომ, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ მაქვს.
- ეთანხმებით ქეცბაიას ნათქვამს, რომ ნაკრებს მეტი შემქმნელი ფეხბურთელი სჭირდება?
- ჩემი აზრით, დღესდღეობით, ვისაც ნაკრებში იძახებენ, საუკეთესონი არიან და მოედანზე მაქსიმუმს აკეთებენ. ტრავმირებულია ყენია, ხოლო მჭედლიძემ ახლა დაიწყო თამაში; ისინი რომ დაგვემატებიან, კიდევ უფრო გავძლიერდებით. საერთოდ, რაც მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვეყოლება, ჩვენთვის უკეთესია.
- ეროვნულ სტადიონზე ცუდი საფარი ნაკრებს თამაშში რამდენად უშლის ხელს?
- ეს მინდორი ერთხელ და საბოლოოდ, უნდა გაკეთდეს. 2010 წელია და უბრალოდ სირცხვილია ამ თემაზე საუბარი. ჩვენ სულ სხვა რამეზე უნდა ვმსჯელობდეთ და ვკამათობდეთ და არა იმაზე, მოედანი კარგია თუ ცუდი.
- ზაფხულში კლუბი შეიცვალეთ და იმედოვნებდით, რომ "ჯენოაში" მეტი სათამაშო პრაქტიკა გექნებოდათ. მაგრამ ჯერჯერობით მოედანზე ყოველთვის ვერ გხედავთ...
- ახალ კლუბში პრობლემები არა მაქვს. უბრალოდ, სექტემბერში სანაკრებო თამაშების შემდეგ, კლუბში რომ დავბრუნდი, აქილევსის მყესი მტკიოდა და მერე ტრავმა უფრო გამიმიზეზდა, რის გამოც რამდენიმე ვარჯიში გამოვტოვე. "ბარისთან" შეხვედრისთვის ძირითად შემადგენლობაში ვიყავი შეყვანილი, მაგრამ მოთელვის დროს ფეხმა შემაწუხა. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, ამიერიდან თამაშის საშუალება მომეცემა.
- სტადიონზე, სადაც "ჯენოა" საშინაო შეხვედრებს ატარებს, იტალია-სერბეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა სერბი გულშემატკივრების გამო ჩაიშალა. რამდენად დააზიანეს მათ სტადიონი და ამ ფაქტს იტალიაში რა გამოხმაურება მოჰყვა?
- სერბების საქციელს პოლიტიკური ელფერი მიეცა - ისინი კოსოვოს აღიარებას აპროტესტებდნენ და კოსოვოს დროშაც დაწვეს. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, რადგან ყველაფერი ეს სპორტთან არანაირ კავშირში არ არის. სტადიონი კი დაზიანდა, მაგრამ აღდგება. აქ ისე არ ხდება, როგორც ჩვენში - სკამების შეცვლას წლებს რომ ანდომებენ...
ლაშა თაბაგარი
ჟურნალი "გზა"