ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, ალადაშვილი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა. მართალია, ჯერ მისი თამაში გადაწყვეტილი არაა და 11 ნოემბერს სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადება არ ნიშნავს, რომ 17 ნოემბერს სლოვენიის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა, ნაკრებში მიწვევას დანატრებული 27 წლის უნივერსალი ფეხბურთელი ამანაც უზომოდ გაახარა.
"ნაკრების სიაში ბოლოს მოვხვდი, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოსვლა გამოირიცხა. ეს ჩემთვის მოულოდნელი პატივი იყო, რამაც უზომოდ გამახარა. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ნაკრებში დიდი წითელი ხაზი გადამისვეს და დამივიწყეს. რამდენი ხანია, გამოძახება არ მღირსებია... თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქეცბაია ფეხბურთელებს ნაცნობობით არ იძახებს. შევეცდები დავამტკიცო, რომ თემური ჩემში არ შემცდარა და ცხადია, ძირითადში დამკვიდრებას შევეცდები. რაც არ უნდა ძლიერ კლუბში ვთამაშობდე, ნაკრების გარეშე თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობ. მე ძალიან ჟინიანი ვარ და მინდა, საქართველოს ნაკრების თამაშის დროს, ჰიმნს მისი ფორმით, მოედანზე ვისმენდე და არა ტრიბუნაზე, ან ტელევიზორში", - ალადაშვილი ემოციას ვერ მალავს.
კახა საქართველოში წელს დაბრუნდა, რადგან რუსეთის პრემიერლიგაში გადასულ მახაჩკალის "ანჟიში" ამ წარმატების სულისჩამდგმელი ქართველებისთვის ადგილი არ აღმოჩნდა. საქართველოში დაბრუნებას მაშინ კახა არც ფიქრობდა, მაგრამ ასე მოხდა - ალადაშვილი იძულებული გახდა, ახალი კლუბი მოეძებნა და როდესაც უცხოეთში ყველა ვარიანტი გამოირიცხა, "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ძველი ნაცნობს მაშინ უხმო.
"ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. რამდენიმე წელი უცხოეთში ვთამაშობდი და აქაურობას ძალიან მოვწყდი. მესმოდა, რომ ჩვენი პირველობის დონე დაეცა და აქედან გამომდინარე, რა დაგიმალოთ და, ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოში კარგად ორგანიზებული და ძლიერი კლუბი თუ იქნებოდა. თუმცა, "ზესტაფონში" ჩავირიცხე და მივხვდი, არც ისე ცუდი გუნდები გვყოლია. აქ თამაში რთულია და ვინც თავს გამოიჩენს, ის მაღალ დონეზე გამოსვლას უცხოეთშიც შეძლებს. თუმცა, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან თუ დამაბრუნებდნენ. უცხოეთშიც ხომ ნაკრებში მოხვედრის იმედად მსურდა წასვლა.
"ზესტაფონში" ძალიან კარგად მოვემზადე, გეგუჩაძე მენდობა, მათამაშებს, ფორმა აღვიდგინე და მთავარია, ქეცბაიამ რომ შემნიშნა".
ალადაშვილს "ზესტაფონის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობას რთული სეზონით ხსნის:"სამწუხაროდ, ბოლო ტურებში წარუმატებულად გამოვდივართ და კონკურენტებთან წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება, ხან მოიგებ და ხან წააგებ. ალბათ, ევროთასებზე მოასპარეზე გუნდის ჩავარდნა შემოდგომაზე მოსალოდნელიცაა. ბიჭებმა ძალიან მცირე ხნით დაისვენეს, ევროთასებზე გამოსვლამ დიდი ენერგაი წაიღო, რასაც ეროვნულ პირველობაზე რთული სეზონი დაემატა და ჩავარდნაც ლოგიკურია. თუმცა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. "ზესტაფონიდან" ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი გამოიძახეს, რაც გუნდის პოტენციალზე მეტყველებს. ძლიერი, მეგობრული, შეკრული გუნდია და და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"