- სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ამხანაგური მატჩები ახალ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად არის და გვინდა ის მოთამაშეები ვნახოთ საქმეში, რომლებიც ჩვენს გაფართოებულ სიაში არიან. ქართული კლუბებიდან ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახეთ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებს ჩვენი ყურადღება არ
მართალია, სლოვენიაში ამხანაგური მატჩი გვაქვს და ახალი ფეხბურთელები გვინდა გამოვცადოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშის შედეგი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. გვინდა ამჯერადაც დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და სლოვენიაში სწორედ ამისთვის ვიბრძოლებთ.
- შეცვლით თუ არა ტაქტიკურ სქემას?
- არა, ტაქტიკურ სქემა არ შეცვლით. ჩვენი არჩეული გვაქვს გეზი და ცვლილებებს არ ვაპირებთ.
- ნაკრებში 30 ფეხბურთელი გყავთ გამოძახებული. სლოვენიაში რამდენ მოთამაშეს წაიყვანთ და ეს როდის გაირკვევა?
- რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ვივარჯიშებთ, ფეხბურთელებს დავაკვირდებით და სლოვენიაში წამსვლელთა სიასაც გამოვაცხადებთ.
- ამხანაგურ მატჩებში მეტოქე გუნდებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და 6-6 ფეხბურთელი შეცვალონ. სლოვენიელებთან ამ საკითხზე თუ გაქვთ უკვე შეთანხმება?
- 17 ნოემბრის ამ მატჩIს განაცხადში ჩვეულებისამებრ 18-18 ფეხბურთელი გვეყოლება. ამხანაგურ შეხვედრაში 3 ლიმიტირებულ შეცვლაზე მეტი შეიძლება და ამ საკითხზე სკლოვენიელებთან შევთანხმდებით. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მოუწიოს თამაში.
- დანიურ "ორჰუსში" მოასპარეზე შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი აქამდე ორჯერ გამოიძახეთ ნაკრებში. თუმცა ისე მოხდა, რომ დათო ორივეჯერ ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს. ახლა ის ჯანმრთელად არის და ამჯერად აღარ მიგიწვევიათ...
- ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს გაურკვევლობა. ჩვენ ფეხბურთელს ნაკრებში რომ ვიძახებთ, არის თუ არა მზად სათამაშოდ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. ეროვნულში გამოძახებულ მოთამაშეს ნაკრებში თამაშის სურვილი უნდა ჰქონდეს და ემჩნეოდეს. არა მარტო დევდარიანზე, სხვა ფეხბურთელებზეც იყო ასეთი შემთხვევები - გამოვიძახეთ ფეხბურთელი ნაკრებში, რომლებზეც გვატყობინებენ, პრობლემები აქვს და ვერ ჩამოვაო. რამდენიმე დღის შემდეგ კი გვატყობინებენ, ამ ფეხბურთელს პრობლემები აღარ აქვს, ჩამოვაო. ასეთ დროს რა ვქნა, ფეხბურთელი, რომელიც მის ნაცვლად გამოვიძახე ეროვნულში უკან გავაბრუნო? ეს გაურკვევლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ნაკრებში მოთამაშე სიხარულით უნდა მოდიოდეს.
- ნუთუ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშზე თავს იკავებენ?
- არ მითქვამს, რომ ვინმე თავს იკავებს. ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელზე გვატყობინებენ, ფორმაში არ არის, ან მზად არ არის სათამაშოდ და პრობლემები აქვსო. მერე ეს გაურკვევლობას იწვევს. თუ ფეხბურთელს უნდა თამაში, ეს უნდა ეტყობოდეს კიდეც. გამივიძახებთ? უნდა ჩამოვიდეს და არის თუ არა მზად ნაკრებში სათამაშოდ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. თუ ჩვენს მოთამაშეზე მისი კლუბი გვთხოვს ანგარიში გავუწიოთ და კონკრეტულ მომენტში დავთმოთ, ეს უკვე სხვა საკითხია. კლუბს არ აქვს უფლება, ფიფას მიერ გამოყოფილი სპეციალური თარიღისას ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი შეაფერხოს. თუმცა არ გვინდა ჩვენს ფეხბურთელებს კლუბში საქმეები აერიოთ და მათი გუნდის თხოვნას ვითვალისწინებთ ხოლმე. ჩვენი ფეხბურთელები კლუბში კარგად გრძნობენ თავს და სტაბილურად თამაშობენ, ეს ეროვნული გუნდისთვისაც სასიკეთოა.
- მეტოქე სლოვენიაზე რას გვეტყვით?
- ამ ნაკრებმა ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სლოვენიელებს კარგი გუნდი ჰყავთ და რამდენადაც ვიცი, ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებიან ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ. მართალია, ეს ამხანაგური მატჩია და ექსპერიმენტებისთვის გვინდა გამოვიყენოთ, მაგრამ შედეგსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
- გოჩა ხოჯავა ნაკრებში პირველად არის გამოძახებული. ის რუსეთის მოქალაქე იყო და მისი საპასპორტო საკითხი თუ მოგვარდა?
- ეს მოგვარებადი საკითხია. ხოჯავა თბილისშია, მაგრამ როგორც მითხრეს შეუძლოდ გრძნობს თავს და შესაძლოა, ამ ეტაპზე ეროვნულში თამაში ვერ შეძლოს.
- 26 მარტს ხორვატიას ვეთამაშებით. მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრას სავარაუდოდ ლუქსემბურგთან გავმართავთ. ხორვატებთან მატჩამდე ლუქსემბურგის ნაკრებთან სპარინგი ჩვენთვის რამდენად მომგებიანია?
- სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ არგენტინის ნაკრები ან იმ დონის გუნდი, რომ ჩვენ ვარჩევდეთ სპარინგ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, მეც მინდოდა ლუქსემბურგზე უკეთესი დონის გუნდს გავჯიბრებოდით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეთავაზებაა და ვნახოთ, რას გადავწყვეტთ. არც იმას დაგიმალავთ, რომ არგენტინის ნაკრებიდანაც გვაქვს შეთავაზება და ვნახოთ. ერთსაც გეტყვით, ხორვატებთან მატჩამდე თვენახევრით ადრე ვითამაშებთ თებერვალში და არა მგონია რომ ამდენი ხნით ადრე, ეს სპარინგ მატჩი გენერალურ რეპეტიციად გამოდგეს.
- დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა ისევ ნაკრებშია. მასზე დიდ იმედს ამყარებთ. თავად ჯაბასთან თუ გქონდათ საუბარი?
- ჯაბამ სამჯერ გაიკეთა ოპერაცია და კარგია რომ გამოჯანმრთელდა. ჯერჯერობით "დნიპროს" მთავარ გუნდში არ უწევს თამაში, მაგრამ დუბლებში ასპარეზობს. მასთან მქონდა საუბარი და მითხრა, მცირე ტკივილს ვგრძნობო. იმედია, საგანაშო არაფერია.
- როგორ ფიქრობთ, ჯანო ანანიძე ნახევარდაცვის ფლანგზე უფრო პროდუქტიულია თუ ცენტრში?
- ვფიქრობ, სადაც მას ნაკრებში ვათამაშებთ, ამ პოზიციაზე უფრო სასარგებლოა. ის უნივერსალია და სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ადგილზეც გამოვიყენებთ.
დავით ცაბაძე