ზაზა ზამთარაძე: ნიჭის გამოყენებასაც ცალკე ნიჭი სჭირდება

AutoSharing Option
30 ივლისს ევროსარბიელი განახლდება და ბევრი რამ გამოჩნდება. ქართულმა გუნდებმა თავიანთი სახე უკვე წარმოაჩინეს, "დინამო თბილისი" და "დილა" კი აგრძელებენ ევროტურნირზე გამოსვლას და მათი შეფასების საშუალება კიდევ მოგვეცემა.

რესპონდენტად ზაზა ზამთარაძე შევარჩიეთ, ვინც მანამდეც არაერთხელ ყოფილა "ლელოს" სტუმარი.

შეგახსენებთ, რომ ზამთარაძეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია.

ზამთარაძეს მეტწილად "დილაზე" და "დინამოზე" ვესაუბრეთ...

- "დილამ" მართლაც ღირსეულად ითამაშა ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე. დანიურ გუნდს რომ დაამარცხებ და ორ თამაშში გოლს არ გაუშვებ, ეს პატარა საქმე არ არის.

- ალბათ
დაგვეთანხმებით, რომ "დინამო თბილისის" შესაძლებლობები ფარერულ "სტრეიმურთან" ვერ გამოჩნდებოდა. რას ელით ამ გუნდისგან წლევანდელ ევროსარბიელზე?
- ფარერული გუნდი "დინამოსთვის" სხვა წონითი კატეგორიის მეტოქე იყო და ახლა სულ სხვა წონითი კატეგორიის მოწინააღმდეგესთან მოუწევს ბრძოლა.

ფარერელებთან მატჩებით "დინამოზე" რაიმეს თქმა ძნელია, არ არის გამორიცხული, რომ დინამოელთა მწვრთნელმა კუნძულელებთან მატჩები მოსამზადებელი პროგრამის ნაწილად გამოიყენა და გუნდიც იმ მომენტისთვის არ იყო ოპტიმალურ კონდიციაში.

რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობდა, რომ "დინამო" ფარერულ ბარიერს გადალახავდა. ერთი სიტყვით, "დინამოს" შესაძლებლობებზე "სტიაუასთან" ორი მატჩის მერე უნდა ვილაპარაკოთ.

- "დინამო თბილისის" სეზონისწინა ტრანსფერებზე რას გვეტყოდით?
- "დინამო" ისეთი ტრადიციების გუნდია, რომ ყველა ქართველ ფეხბურთელს გულის სიღრმეში ყველაზე უფრო იქ უნდა რომ ითამაშოს.

ელგუჯა გრიგალაშვილი "დინამოსთვის" ძალიან კარგი შენაძენია. მიმაჩნია, რომ გრიგალაშვილს სანაკრებო დონეზეც ბრწყინვალედ შეუძლია თამაში.

- საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "დინამოს" კონკურენტს ამჩნევთ?
- "დილა" მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომლექტებული, ამ გუნდის მწვრთნელსაც დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, "დილა" სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს "დინამოს" თუ, რა თქმა უნდა, "დილას" სეზონის ბოლომდე ექნება ნორმალური დაფინანსება და შეინარჩუნებს ამ შემადგენლობას.

- "დილას" 21 წლის შემტევმა გიორგი ილურიძემ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე "ოლბორგთან" მატჩებში?
- ერთი-ორი მატჩით არავინ უნდა შევაფასოთ, ფეხბურთელი სტაბილურიბით ფასდება. ლევან კობიაშვილის მაგალითი ავიღოთ, რამდენი წელიწადია თამაშობს და იმაზე დაბლა არ ჩამოდის, როგორადაც გვახსოვს. ილურიძე უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, ოღონდაც ნიჭის გამოყენებასაც ცალკე ნიჭი სჭირდება.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც გამოჩნდა გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელი ლაშა დვალი...

- დვალს აქვს შანსი, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და ამ შანსს გამოყენება უნდა. რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მკაცრად არ უნდა შევაფასოთ. თვითონ ფაქტი, რომ ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავიდა, ძალიან დასაფასებელია.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მალე დაიწყება. რა პოზიტივებსა და ნეგატივებს ხედავთ?
- გულდასაწყვეტია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასული "გურია" პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

საერთოდაც, დამდეგ ჩემპიონატს წინა სეზონს თუ შევადარებთ, პოზიტივებზე უფრო ნეგატივებს აღმოვაჩენთ.

წინა სეზონი რომ იწყებოდა, არაერთი ამბიციური გუნდი იყო: "დინამო", "დილა", "ზესტაფონი" "ტორპედო", "მეტალურგი", ზედა ექვსეულსითვის იბრძოდა "ზუგდიდიც", ახლა კი რა ხდება ამ და სხვა გუნდებში?... ჩემპიონატი კარს მოგვადგა, "ზუგდიდს" კი ჯერ ვარჯიში არ დაუწყია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული