”წითლები": გიორგი ლორია - კვეკვესკირი, ონიანი, რეხვიაშვილი, ჩიკვილაძე - ოქრიაშვილი, ლიპარტია, კოშკაძე - ხოჯავა, მოდებაძე, მარცვალაძე.
”ყვითლები": ნიკა კვასხვაძე - ალადაშვილი, კაკუბავა, ხიდეშელი, კვირკველია - კანკავა, კლიმიაშვილი, გურეშიძე - გელაშვილი, ვაწაძე, ელიავა.
ტესტ-მატჩში მხოლოდ გიორგი ძაძამია არ მონაწილეობდა და ცხადი გახდა, რომ ”ვიტ ჯორჯიას" მეკარე თბილისში დარჩება. ბუბა დაუშვილს 12 ნოემბრის ვარჯშზე კუნთი დაეჭიმა და შეკრება დატოვა.
როგორც იქნა, ნაკრებში გოჩა ხოჯავა ვიხილეთ, მაგრამ ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას" ფლეიმეიკერსაც კუნთი გაეჭიმა. გოჩამ გუშინ ტესტ-მატჩი კი ჩაამთავრა, მაგრამ მოძრაობა უჭირდა. რუსეთის პირველი ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, ხოჯავას არ უვარჯიშია - ანუ 6-დან 12 ნოემბრამდე, როდესაც თბილისში ნაკრების ვარჯიშზე გამოცხადდა. გოჩა მაინც იმედოვნებს, რომ მომჯობინდება და სლოვენიაში გაემგზავრება.
”დნიპროს" ნახევარმცველ ჯაბა კანკავას ისტორიულ ნაწარმოებებში ხშირად ნახსენები სიტყვა ”მრავალტანჯული" შეეფერება. ჯაბა სრული დატვირთვით ვარჯიშობს და პატარა ტკივილების მიუხედავად, ურიგოდ არ გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში კი რამდენიმე ეფექტური გარღვევითაც გამოირჩა. ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელებს ახალი ტრავმის შიშით უჩნდებათ, კანკავა კი ლაღად თამაშობდა და არც ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა ეტყობოდა.
სამწუხაროდ, პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანი ოთარ მარცვალაძემ დატოვა - ნაკრებში კატასტროფული ტემპით გავრცელებული კუნთების დაჭიმვის ახალი "ვირუსი", ოთარსაც გადაედო და ტკივილი ყინულით დაუამეს. დღეს გადაწყდება, შეძლებს თუ არა სლოვენიაში თამაშს.
ქეცბაიას ბევრჯერ უთქვამს, რომ ნაკრების პრობლემა შეტევაა. მარცვალაძე და ხოჯავა ამით იყვნენ საინტერესო და დასანანი იქნება, სლოვენიაში თუ ვერ ითამაშებენ.
მეორე ტაიმში მარცვალაძე ქეცბაიამ შეცვალა, მატჩი კი ”წითლების" გამარჯვებით დასრულდა - 1:0. მოედნიდან გასვლამდე მარცვალაძე ორჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. ორჯერ ”ყვითლების"კარს ჯაბა ლიპარტია დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ. ”ყვითლებიდან" თავის გამოჩენა ნიკა გელაშვილს, მათე ვაწაძესა და კახა ალადაშვილს შეეძლოთ - ”წითლების" მეკარე გიორგი ლორია საიმედოდ თამაშობდა.
ერთადერთი გოლი ირაკლი მოდებაძემ რთული პოზიციიდან გაიტანა. საერთოდ, ”ოლიმპის" ფორვარდი აზრიანი და სასარგებლო თამაშით გამოირჩეოდა.
მთელი მატჩის განმავლობაში, ქეცბაია ფეხბურთელებს მოუწოდებდა, რომ ბურთი არ დაეკარგათ და საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს არ დაჯარიმებულიყვნენ. რამდენჯერმე მისი უკმაყოფილება სწორედ ასეთმა შეცდომებმა გამოიწვია.
დღეს ნაკრებს ჯანო ანანიძე (”სპარტაკი", მოსკოვი), აკაკი ხუბუტია (”გაზ მეთანი", რუმინეთი) და სანდრო გურული (”კარპატი", უკრაინა) შეუერთდებიან. საქართველოს დელეგაცია ბალკანეთში 16 ნოემბერს დილით გაემგზავრება, სამატჩოდ შერჩეულ ფეხბურთელთა სიას კი თემურ ქეცბაია დღეს გამოაქვეყნებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"