თემურ ქეცბაია: ფინეთთან სხვა თამაში იქნება და იმედია, გულშემატკივარი მოვა

AutoSharing Option
9 სექტემბერს თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მორიგი პრესკონფერენცია გამართა და ფინეთთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებაზე ილაპარაკა:

10 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" I არხი განახორციელებს.

- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. მიხარია, რომ თბილისშია თამაში. საფრანგეთთან კარგი თამაშის შემდეგ ფინეთთან ყველა მოგებას ელის. ჩვენც ეს გვინდა, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ და უმძიმეს ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ, რაც მხოლოდ
მოგებითაა შესაძლებელი.

ფინელებს ძლიერი ნაკრები და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ერთი კვირაა, ბიჭები მონდომებით ემზადებიან და გვჯერა, ეს შედეგზეც აისახება.

- ძლიერ ნაკრებებთან საქართველოს მოტივაცია არ აკლია და მონდომებით თამაშობს, რაც საფრანგეთთანაც დამტკიცდა. რა უნდა გააკეთოთ, რომ ანალოგიური სტიმული მოთამაშეებს ფინეთთანაც ჰქონდეთ?
- მარტო საფრანგეთთან კი არა, საერთოდ, თბილისში სულ ასე ვთამაშობთ. მაგრამ საწყენი ისაა, რომ 31 მატჩიდან უმრავლესობა გასვლაზე ჩავატარეთ. საფრანგეთთან ქულა დამსახურებულად ავიღეთ, არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ იოლად მოგვიგებდნენ.

ფინეთთან სხვა მატჩი იქნება. მეტოქეს თამაში რომ შეუძლია, ესპანეთთან გასვლაზე ქულის მოპოვებითაც დაამტკიცა. მათი შესაძლებლობები და მატჩის მნიშვნელობა ჩვენმა ბიჭებმაც კარგად იციან და საამისოდ სპეციალური ფსოქოლოგიური მომზადება არ სჭირდებათ. ვარჯიშს გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- გიორგი ლორიას გარდა, შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც იქნება?
- ფრანგებთან კარგი თამაშის შემდეგ ბევრი ცვლილება მიზანშეწონილად არც მიმაჩნია. მატჩამდე კიდევ არის ფიქრის დრო და ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.

- თითქოს გელაშვილსა და თარგამაძეს ტრავმები ჰქონდათ...
- რამდენიმე ფეხბურთელს მცირე ტრავმა მართლაც ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველა ჯანმრთელადაა და სათამაშოდაც მზადაა.

- ფინელებთან ტაქტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- მიზანი გამარჯვებაა და, ცხადია, ეს ტაქტიკაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. თუმცა არც თავქუდმოგლეჯილ შეტევებს ვაპირებთ, დაცვასაც სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ და შანსს მოთმინებით დაველოდოთ.

- წლის ბოლომდე ამხანაგური მატჩის ჩატარების შანსი არის?
- ვეცდებით, ნოემბერში ერთი მატჩი ჩავატაროთ და აუცილებლად - თბილისში. ეს შესაძლებლობა უკვე მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ, ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, მაგრამ საქართველოში, მგონი, დაავიწყდათ ეს.

- ალბათ, სპორტის პირველი ნომერი აღარც არის...
- ხუთეულში ხომ მაინც შედის. ეს ცუდია, რადგან ჩვენს ფეხბურთს ყურადღება და დახმარება სჭირდება.

- რატომ არის საშინაო ამხანაგური მატჩის ორგანიზება ასეთი პრობლემური? ევროპელებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ თუ დიდ თანხებს ითხოვენ?
- მარტო თანხაშიც არ არის საქმე...

- იქნებ საფრანგეთთან ფრემ მაინც გაზარდოს ევროპელთა ინტერესი?
- აქ მხოლოდ შედეგზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ, არავის სჭირდება ოთხსაათიანი ფრენა, როცა სასურველ მეტოქეებს ახლოს პოულობენ. დაახლოებით ისეა, ჩვენ რომ ისლანდიაში ან ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრება არ გვეხალისება. მეორე ფაქტორი, ალბათ, ისიცაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ. არადა, თბილისი საკმაოდ ლამაზი ქალაქია, გართობაც შეიძლება და დასვენებაც, კლიმატიც ხელს გვიწყობს. მაგრამ მათ ეს არ იციან და თავს გვარიდებენ.

- ფინეთთან მატჩს დავუბრუნდეთ. საერთოდ, ნაკრებები მატჩისწინა ვარჯიშს იმ სტადიონზე ატარებენ, სადაც უნდა ითამაშონ, თქვენ კი არც ამჯერად ავარჯიშეთ გუნდი "დინამო არენაზე". რა არის ამის მიზეზი?
- "დინამო არენას" მიჩვეულები ვართ და მოედანსაც კარგად ვიცნობთ. თანაც, წასვლა-წამოსვლაში ორსაათნახევარი მაინც გვეხარჯება და რა აზრი აქვს ამას, როცა ნაკრების ბაზაზეც ყველანაირი კომფორტი და მშვენიერი პირობებია.

- შარშან ჰელსინკიში 1:1 ითამაშეთ. მეტოქის მაშინდელი თამაშიდან გამომდინარე, მოულოდნელი იყო, ფინეთი ბელორუსთან 4 ქულას რომ აიღებდა და ესპანეთთან ფრედ ითამაშებდა. თქვენი აზრით, რის ხარჯზე მოუმატა ფინეთმა?
- ეტყობა, მაშინ ჩვენი ნაკრების კარგი თამაში ვერ დავაფასეთ. ვერ ვიტყვი, რომ ფინეთი შარშან სუსტი იყო. მართალია, ჰელსინკიში კარგად ვითამაშეთ და ის შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ მასპინძლებიც კარგად გამოიყურებოდნენ. საფრანგეთთან 0:1 წააგეს, რასაც, ჩემი აზრით, არ იმსახურებდნენ.

საერთოდ, ფინეთი კარგად ორგანიზებული გუნდია, მის ჩაგდებულ შეხვედრასაც ვერ ვიხსენებ. თუმცა, იქ რომ მოგვეგო, ფაქტობრივად, ჯგუფში მესამე ადგილი უკვე განაღდებული გვექნებოდა. ახლაც გვაქვს შანსი.

იმედია, გულშემატკივარი მრავლად მოვა და ეს წარმატებაში დაგვეხმარება.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!
მკითხველის კომენტარები / 6 /
Nურავინ იფიქრებს რო ფინეთი სუსტი გუნდია. Nურც თემური დაგვაბრმავებს. A რას ნიშნავს მესამე ადგილი გარანტირებული გვექნებოდა. Mესამე კიარა ნაკრე ბის მინიმუმი მეორე ადგილი უნდა იყოს ჯგუფში. Nუ ვიქნებით სასაცილოები. ძაან კაი ფეხბურთელები გვყავს. შწორი ტაქტიკა შეურჩიეთ ფეხბურთელებს და კონკრეტული თამაშისთვის შეარჩიეთ ფეხბურთელები
kofe11
15:27 10-09-2013
0
რას ტლიკინებთ ხალხნო რა იყოთ. ფრანგებთან ფრე ჩვენი ბრძოლის დამსახურება იყო და ქეცბაიას სწორი ტაქტიკის. გამოხვედით ფეხბურთის სპეციალისტები თამაშს მაინც არ უყურეთ? რა ნამუსით ლაპარაკობთ მაგას?
qartveli
15:26 10-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული