მათ არც ცალკეული ფეხბურთელების შეფასება ისურვეს...
მაშინ ჟურნალისტურ შეფასებას გთავაზობთ ჩვენი ეროვნული გუნდის იმ ფეხბურთელების, რომლებმაც ბოლო ორ შესარჩევ მატჩში ითამაშეს...
გიორგი ლორია
საფრანგეთთან საიმედოდ გაისარჯა და ორი ურთულესი ბურთიც მოიგერია.
როცა ლორიას თამაში წაუვა, ძალიან ძნელია მისთვის გოლის გატანა. ასე მოხდა საფრანგეთთანაც და საქართველო ფრეს რომ გამორჩა, ლორიას დიდი დამსახურებაცაა.
ამას გარდა, იმ შეხვედრაში მან ყვითელი
ნუკრი რევიშვილი
ფინეთთან ლორიამ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, თორემ წარმოუდგენელია, რომ ქეცბაია მას თერთმეტეულში არ შეიყვანდა.
ნუკრი რევიშვილს ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა ერთი უხეში შეცდომა მაინც დაუშვა - ფინელთა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს კარი მიატოვა, ტეემო პუკის ვერ დაასწრო და თავდამსხმელს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში გაეტანა გოლი, მაგრამ... მიზანს ააცილა.
რევიშვილმა რამდენჯერმე იხსნა ფინეთთან გუნდი და მისი გარჯა, მთლიანობაში, უარყოფითად არ უნდა შეფასდეს.
უჩა ლობჟანიძე
საფრანგეთთან ხისტად და აგრესიულად მოქმედებდა, ფრანკ რიბერის ფლანგზე მოუწია თამაში და თანაგუნდელთა დახმარებით, "ბაიერნის" მეგავარსკვლავს დიდი გაქანება არ მისცა. რიბერის სრული ნეიტრალიზაცია კი, ალბათ, შეუძლებელია.
ლობჟანიძე შეტევაში ეფექტურად ვერ ერთვება და მისგან ეს, ალბათ, არც უნდა მოვითხოვოთ.
ალექსანდრე ამისულაშვილი
მთლიანობაში, კარგად ითამაშა, დაცვაში ლიდერი ის იყო, "სტანდარტულების" დროს მეტოქის საჯარიმოშიც ჩადიოდა.
საქართველოს დაცვის ცენტრს ფინელთა ფორვარდი პუკი არაერთხელ დაუსხლტა, მაგრამ მეტოქემ გოლის გატანა მხოლოდ 11-მეტრიანით მოახერხა.
აკაკი ხუბუტია
სანაკრებო დონეზე თამაში მისთვის ადვილი არ არის, თუმცა ზურაბ ხიზანიშვილის ალტერნატივად ქეცბაიამ ის მიიჩნია და ხუბუტიასთვის ეს დიდი შანსია.
ვნახოთ, თუ ხუბუტია მუდმივად ითამაშებს ნაკრების ძირითადში, იქნებ ქეცბაიას გუნდისთვის საიმედო მცველადაც ჩამოყალიბდეს.
გია გრიგალავა
თუ ძალისმიერ ორთაბრძოლაზე მიდგა საქმე, მისი იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. თავი იმითიც დაგვამახსოვრა, რომ ფინეთთან ერთხელ მართლაც ეფექტურად ჩაერთო შეტევაში, თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით ჩინებულად ჩააწოდა და ოქრიაშვილს შანსი რომ გამოეყენებინა, გრიგალავა საგოლე პასის ავტორი გახდებოდა.
ჯაბა კანკავა
საფრანგეთთან ისე ითამაშა, როგორც მისგან ველოდით, ფინეთთან კი ორი გაფრთხილების გამო გააძევეს, რითიც გუნდი დააღალატა.
კაპიტანს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
გურამ კაშია
ის მცველია, მაგრამ ქეცბაია საქმეს ურთულებს და საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებს. ფინეთთან შეხვედრაში ერთხელაც გამოჩნდა, რომ კაშიას საქმე დაცვაა და სხვა არაფერი.
სანდრო კობახიძე
ბოლო ხანს საქართველოს ნაკრებში ის იყო ყველაზე გამორჩეული, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, რომ კობახიძე ნაკრებში უკვე ლიდერია.
ფინეთთან მისგან გაცილებით მეტს ველოდით, პირველი ტაიმში კი ისე ითამაშა, რომ ქეცბაიამ შეცვალა.
ჯანო ანანიძე
მუხტი, შეუპოვრობა და ჯანი აკლდა - ასე გამოჩნდა საფრანგეთთანაც და ფინეთთანაც. ანანიძემ ფეხბურთის თამაში იცის და უკვე დროა, ნაკრებში ისე "აფეთქდეს", რა რეკლამაც აქვს ამ ფეხბურთელს.
თორნიკე ოქრიაშვილი
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის ქებას რომ დაიმსახურებ, ესე იგი, ფეხბურთს კარგად თამაშობ.
ოქრიაშვილმა საფრანგეთთან ისე ითამაშა, საღერღელი აგვიშალა - იქნებ ნაკრებს ნამდვილი ლიდერი გამოუჩნდეს შეტევაში.
ფინეთთან საგოლე შანსი გაფლანგა და, საერთოდაც, ის მუხტი არ ჰქონდა, რაც საფრანგეთთან ვნახეთ.
ნიკა გელაშვილი
მისი კოზირი სისწრაფეა და ეს რამდენჯერმე გამოიყენა კიდეც საფრანგეთთან. გარდა ამისა, რიგ ეპიზოდებში ბურთი ისე კარგად დაამუშავა, მსაჯმა ფრანგი მცველები დააჯარიმა.
ფინეთთან კი გელაშვილი თითქოს ჩაიკარგა.
დავით თარგამაძე
მისგან მეტს ველოდით, რადგან სწრაფია და დრიბლინგიც აქვს. მას ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, თუმცა ქეცბაიამ ბოლო შეხვედრებში მარჯვენაფლანგელად შეცვლაზე ათამაშა.
თუ თარგამაძე და ოქრიაშვილი "ილიჩევეციდან" ბევრად უკეთეს გუნდში გადავლენ, ალბათ ნაკრებში უკვე სერიოზულ ამოცანებს შეეჭიდებიან.
ელგუჯა გრიგალაშვილი
ნაკრებმა მისი სახით საინტერესო ფეხბურთელი მიიღო. ის ჯერ იხვეწება სანაკრებო მოთამაშედ.
ვფიქრობ, გრიგალაშვილი აუცილებლად იტყვის ნაკრებში საკუთარ სიტყვას.
ლადო დვალიშვილი
ორივე შეხვედრაში შეცვლაზე ისეთ დროს შევიდა, თავის გამოსაჩენად ცოტა დრო ჰქონდა. ამიტომაც მის შეფასებას გვერდს ავუვლით.
საქართველო-ფინეთი 0:1
საქართველო-საფრანგეთი 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]